"პროტოკოლის თანამშრომელს ვუპასუხე, - ამას არ გავაკეთებ, სააკაშვილის გვერდით არ დავდგები, რადგან მერე სარკეში ჩემი თავის დანახვის შემრცხვება-მეთქი და ტელეფონი გავუთიშე" - კვირის პალიტრა

"პროტოკოლის თანამშრომელს ვუპასუხე, - ამას არ გავაკეთებ, სააკაშვილის გვერდით არ დავდგები, რადგან მერე სარკეში ჩემი თავის დანახვის შემრცხვება-მეთქი და ტელეფონი გავუთიშე"

ინტერვიუ არქივიდან

"ამ დღეს "პესკებზე" ღვინო იწურებოდა, მე ოლიმპიელებთან ერთად უნდა ვმდგარიყავი პრეზიდენტ სააკაშვილის გვერდით და ღვინო დამეწურა. პროტოკოლის თანამშრომელს ვუპასუხე, - ამას არ გავაკეთებ, სააკაშვილის გვერდით არ დავდგები, რადგან მერე სარკეში ჩემი თავის დანახვის შემრცხვება-მეთქი და ტელეფონი გავუთიშე"

მომღერალი თემურ თათარაშვილი ინტერვიუებზე ხშირად უარს ამბობს, ამჯერად კი გამონაკლისი დაუშვა და ჟურნალ "გზის" რუბრიკაში დაუსრულებელი წინადადება საინტერესოდ ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ვნანობ, რომ...

- ...ცხოვრებაში მქონდა პერიოდი, რომლის შესახებაც ყველამ იცის, პატიმრობის წლებს ვგულისხმობ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ჩემი შვილები და შვილიშვილებია. ბავშვები ერთი დღეც რომ არ ვნახო, ვერ ვძლებ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...იმ დიდ შეცდომას არ დავუშვებდი, რომელმაც ძალიან ბევრ რამეში უკან დამხია. უდარდელი ცხოვრება მქონდა, არაფერი მაკლდა და რაღაც ახალი მინდოდა. ერთხელ რომ გავსინჯე, მერე მივყევი და მივყევი. ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, ამ ნაბიჯს არასდროს გადავდგამდი.

- მოსკოვიდან წამოვედი, რადგან...

- ...იქ ჩემი ნებით არ წავსულვარ, ცხოვრებამ ასეთი გამოცდა ჩამიტარა. რაღაც პერიოდი აუცილებელი იყო წავსულიყავი. მერე დადგა დრო, შემეძლო დავბრუნებულიყავი და ხშირ-ხშირად ჩამოვდიოდი. ვხედავდი, როგორ მხვდებოდნენ მესაზღვრეები, რიგითი ადამიანები აეროპორტში და ეს სითბო ჩემზე ძალიან მოქმედებდა. გარდა ამისა, ოჯახის წევრები, მეგობრები სულ მენატრებოდნენ.

ახალხან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემს საქმესთან კავშირი ჰქონდა დეკანოზ მამლაძის საქმის მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს - ეს ამბავი ჟურნალისტებისგან გავიგე. არ ვიცი, მე მას არ ვიცნობ. მე წამლის გამო დაჭერილი არ ვიყავი და თავის დროზე, როცა ეს ვთქვი, ვიღაცებს გაეცინათ, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ. კომენტარებს უსაქმური, დაბოღმილი, შეუმდგარი ადამიანები წერენ. ქეთა თოფურიაზეც ბევრ სისულელეს წერენ, არადა, ამ გოგოს მადლობა უნდა უთხრან, საქართველოზე ყველგან ლაპარაკობს და ძალიან ბევრ მეგობარს ეხმარება.

- ჩემი დაკავების დღეს...

- ...გეტყვით, რა და როგორ მოხდა. 25 სექტემბერია, დილის 11-დან 12 საათამდე პერიოდში, მირეკავს კანცელარიიდან ადამიანი, რომელმაც მაცნობა, რომ არის პრეზიდენტის პროტოკოლის თანამშრომელი. ამ დღეს "პესკებზე" ღვინო იწურებოდა, მე ოლიმპიელებთან ერთად უნდა ვმდგარიყავი პრეზიდენტ სააკაშვილის გვერდით და ღვინო დამეწურა. პროტოკოლის თანამშრომელს ვუპასუხე, - ამას არ გავაკეთებ, სააკაშვილის გვერდით არ დავდგები, რადგან მერე სარკეში ჩემი თავის დანახვის შემრცხვება-მეთქი და ტელეფონი გავუთიშე. მისთვის მანამდეც არასდროს მიმღერია. თავად ხომ აცხადებდა, დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებო და მეც ჩემი ნება გამოვხატე. 3 საათზე რიყეზე არ მივედი და ზუსტად 4-ს აკლდა 15 წუთი, როცა დამაკავეს. 9 მანქანა ხალხი იყო გამოყოფილი ჩემს დასაკავებლად. მე ვსვამ კითხვას: პროტოკოლის თანამშრომელი დარეკავდა და პრეზიდენტთან მიიწვევდა იმ მომღერალს, რომლის დაკავებაც სამართალდამცავებს დაგეგმილი ჰქონდათ? 3 საათში გადაწყდა ჩემი დაჭერის ამბავი? ხომ ნათელია, რის გამოც დამაკავეს. ადვოკატმა მითხრა, შენი ნათქვამი პროკურორს მაგიდაზე უდევსო. კანცელარიიდან რომ რეკავენ, საუბრის ჩანაწერი კეთდება.

(იხილეთ სრულად)

თამუნა კვინიკაძე