"შესაძლებელია წინასაარჩევნოდ ვიღაც ცდილობდეს ხელისუფლებაში ძალთა ცენტრების კონფიგურაციის შეცვლას" - კვირის პალიტრა

"შესაძლებელია წინასაარჩევნოდ ვიღაც ცდილობდეს ხელისუფლებაში ძალთა ცენტრების კონფიგურაციის შეცვლას"

"კალაძის კამპანია ძალიან უხარისხო, ყალბი და ხელოვნური ჩანს... მთლიანად გაჟღენთილია პროვინციალიზმით"

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, თუმცა, საკმაოდ მშვიდ წინასაარჩევნო პროცესს ვადევნებთ თვალს. აშკარაა, რომ პოლიტიკური ძალები დიდად არ აქტიურობენ.

გია ხუხაშვილი:

- გეთანხმებით, წინასაარჩევნო დინამიკა ნამდვილად მოკლებულია დრამატიზმს. ეს ლოგიკურიც არის, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩვენთან არც არასდროს მიიჩნეოდა მნიშვნელოვან არჩევნებად და მასზე დიდი რესურსის დახარჯვას პარტიები ყოველთვის ერიდებოდნენ, მით უფრო, რომ ეს რესურსი სახელისუფლებო ძალის გარდა, ყველას მწირი აქვს.

დღევანდელი ხელისუფლება, სამწუხაროდ, იმავე სქემით მუშაობს, რითაც მუშაობდნენ წინა ხელისუფლებები, როდესაც პოტენციურ სპონსორებს, ფაქტობრივად, ეკრძალებოდათ ალტერნატიული პოლიტიკური ძალების დაფინანსება და მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას ედგა რიგი.

ფაქტობრივად, იგივე ვითარებაა დღესაც, რაც იყო სააკაშვილის თუ შევარდნაძის მმართველობისას.

შესაბამისად, რესურსები მწირია და ყველას ენანება ამ რესურსების, მათი გაგებით, არცთუ ისე მნიშვნელოვან არჩევნებში დახარჯვა.

კიდევ უფრო დიდი პრობლემაა იდეების სიმცირე ოპოზიციაში. რეალური ალტერნატივა ქვეყანაში ვერა და ვერ შეიქმნა.

ფაქტობრივად, პოლიტიკა კვლავ ორპოლუსიანია, თუმცა, არც მარტო ორპოლუსიანობაა ამ არჩევნების უბედურება... მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს ორი პოლუსიც ვერ პასუხობს ამომრჩევლის მოთხოვნებს. ამომრჩეველი ისევ დარჩენილია ნეგატიური არჩევნის წინაშე, ანუ ისევ მოუწევს, აირჩიოს ცუდსა და უარესს შორის. ამგვარ ნეგატიურ არჩევნებში ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც მეტს გადაიხდის, ანუ ვინც მეტი რესურსის მობილიზებას შეძლებს, ასეთი კი მმართველი პარტიაა.

ამომრჩეველი, რომელიც ვერ ხედავს ძალას, რომელსაც ანდობს ქვეყნის მართვას, მზად არის გაიყიდოს ერთჯერად სარგებელზე. ამ მხრივ ხელისუფლებას მეტი საშუალება აქვს. ამიტომაც არ ველოდები, რომ ასეთი ტიპის არაჯანსაღ არჩევნებში ხელისუფლებას პრობლემა შეექმნება. შეიძლება დიდ ქალაქებში რაღაც ინტრიგაც გამოჩნდეს...

ამ არჩევნების მთავარი ასპარეზია თბილისის მერის არჩევნები. ცხადად ჩანს, რომ აქ ოპოზიცია გაერთიანებას ვერ მოახერხებს, თუმცა, მოლოდინი და შანსიც იმისა, რომ საქმე მეორე ტურამდე მივა, რეალურია.

თუ მეორე ტურში აღმოჩნდა დამოუკიდებელი, არაპარტიული კანდიდატი, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას შეიძლება შეექმნას პრობლემები. საქმე ის არის, რომ არაპარტიული კანდიდატი, რომელიც ყველაზე მომგებიანი, დაახლოებით ასე ჩამოყალიბებული ლოზუნგით გამოდის - "გავათავისუფლოთ თბილისის მერია პარტიული და კლანური ინტერესებისგან!" - ბევრი ამომრჩევლის გულს მოიგებს...

საქმე ის არის, რომ თბილისელებს აქვთ ძალიან ცუდი გამოცდილება როგორც წინა, ასევე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მერიაში კორუფციული ფაქტების, ნეპოტიზმის, პარტიული აქტივის დასაქმებისა და ა.შ. ამ ფონზე ეს ლოზუნგი თბილისელი ამომრჩევლისთვის კარგი მოსასმენია. თუმცა, ელისაშვილს აქვს მნიშვნელოვანი სისუსტეებიც, უმთავრესად კი ის, რომ ამომრჩეველს ესმის, რომ მას აქვს ამის გაკეთების სურვილი, თუმცა, ეჭვი ეპარება მის შესაძლებლობებში. ერთია, რომ გინდა კარგი საქმის გაკეთება, მაგრამ მეორე, შეგიძლია თუ არა? ეს პრობლემა ელისაშვილს აქვს, არ ჩანს მისი გუნდი, რომელიც მასთან ერთად ძველ სისტემას დაანგრევს და ახალს ააშენებს.

მოკლედ, ჩემი აზრით, თბილისში ხელისუფლებას არცთუ კარგად აქვს საქმე. მათი კანდიდატის, კალაძის კამპანიაც, ჩემი აზრით, ძალიან უხარისხო, ყალბი და ხელოვნური ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს, მთლიანად გაჟღენთილია პროვინციალიზმით, რაც თბილისელ ამომრჩეველს ძალიან არ მოსწონს. კარგია, თუ მიხვდებიან ამას და ამ აბსურდს თავს დაანებებენ.

თუ ალეკო ელისაშვილმა წინასაარჩევნო ეტაპი წარმატებით გაიარა, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მისი მარგინალიზაცია და გადავიდა მეორე ტურში, ამ შემთხვევაში კახა კალაძეს სერიოზული პრობლემები შეექმნება, რადგან ელისაშვილს ხმას აუცილებლად მისცემენ დანარჩენი კანდიდატების მხარდამჭერებიც, რადგან ამ ამომრჩეველთან მას ხიდები დამწვარი არა აქვს, რასაც ვერ ვიტყვით თუნდაც უდუმაშვილის გასვლის შემთხვევაში - პარტიულ კანდიდატს სხვა პარტიის ელექტორატი ნაკლებად დაუჭერს მხარს, შესაბამისად, კალაძის გამარჯვების შანსიც გაიზრდება.

- რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე თანამდებობებიდან გაათავისუფლა. ოფიციალური ვერსიით, ამის მიზეზი მათი სხვა თანამდებობებზე გადაყვანა გახდა, თუმცა, ბევრის აზრით, ეს მომავალ არჩევნებს უკავშირდება.

- თითქოს მოვლენების ლოგიკა მეტყველებს იმაზე, რომ ეს სწორი ვერსიაა, მაგრამ მაინცდამაინც დამაჯერებლად არ მიმაჩნია. ვფიქრობ, არც ეს ბატონები იქნებოდნენ წინააღმდეგი, რომ მაქსიმალურად ზედმიწევნით შეესრულებინათ ხელისუფლების საარჩევნო დავალებები. შესაძლებელია წინასაარჩევნო პერიოდს ვიღაც იყენებდეს ხელისუფლებაში არსებულ ძალთა ცენტრებში კონფიგურაციის შესაცვლელად. წინასაარჩევნოდ ამის გაკეთება და არგუმენტირება ადვილია. მაგალითად, შეიძლება იმის თქმა, რომ გუბერნატორები რეგიონებში პოპულარული არ არიან, ამომრჩეველს აღიზიანებენ და ამიტომ მათი შეცვლა აუცილებელია. არადამაჯერებელი არგუმენტია, მაგრამ შიდასახელისუფლებო ინტრიგებისთვის ლოგიკური, თუმცა, არა საარჩევნო გათვლით, არამედ შემდგომში ძალაუფლების გამყარების თვალსაზრისით.

დასამალი არ არის, რომ გაურკვეველია, დღეს ძალაუფლება ვის ხელშია. სხვადასხვა ჯგუფი, კლანები სხვადასხვა სეგმენტს აკონტროლებენ და ძალაუფლების კონცენტრაცია ვერსად ვერ ხდება. პოლიტიკური პროცესისგან ივანიშვილი გარკვეულწილად დისტანცირებულია, ხელისუფლებაში კი სრული ქაოსია. ხელისუფლებაში მმართველობითი კრიზისი აშკარაა, რაც სახელმწიფოებრივად საკმაოდ სახიფათოა. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ასევე:"გუბერნატორებს წინასაარჩევნოდ სუს-იც გამოიყენებს"

ნათია დოლიძე