ალეკო ელისაშვილი: "გამარჯვების შემთხვევაში სამშენებლო ნებართვებს გავაუქმებ"
21-08-2017
ალეკო ელისაშვილი: "გამარჯვების შემთხვევაში სამშენებლო ნებართვებს გავაუქმებ"
საკამათო არ არის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მთავარი ბატალიები თბილისში გაიმართება. შესაბამისად, საინტერესოა, თუ რით აპირებენ მერობის კანდიდატები თბილისელთა "მოხიბვლას". ამასთან, მკითხველს აქვს შესაძლებლობა www.kvirispalitra.ge-ს საშუალებით მერობის ძირითად კანდიდატებს თავისი აზრი გაუზიაროს ამა თუ იმ პრობლემაზე და მათ შეკითხვები დაუსვას. 19 აგვისტოს მდგომარეობით შემოსულ კითხვებში ყველაზე მეტად სამშენებლო პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები ჭარბობდა და შესაბამისად, მერობის კანდიდატებთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

"კვირის პალიტრა" გააგრძელებს ინტერვიუებს თბილისის მერობის კანდიდატებთან. თუ გსურთ,
დაუსვათ კითხვა ამა თუ იმ კანდიდატს, ეწვიეთ ვებგვერდს www.kvirispalitra.ge და რუბრიკაში "დაუსვი კითხვა თბილისის მერობის კანდიდატს" დატოვეთ კითხვა კომენტარის სახით, ან მოგვწერეთ ელფოსტის შემდეგ მისამართზე: contact@kvirispalitra.ge

ალეკო ელისაშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი: - როგორც კი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გავხდი, პირველივე ინიციატივად სამშენებლო ნებართვების გაცემაზე მორატორიუმის გამოცხადება დავაყენე
- დედაქალაქის განადგურება უგულავას მერობისას დაიწყო, ამიტომ ნარმანიას ე.წ. სამშენებლო რევიზიების უზრუნველყოფა შევთავაზე. მაშინ "ქართულმა ოცნებამ""გამომიცხადა, ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია გაქვსო, არადა, ინიციატივა რომ გაეთვალისწინებინათ, ასეთ სავალალო მდგომარეობამდე არ მოვიდოდით. მართალია, ნარმანიამ პრობლემური მშენებლობების კომისია შექმნა, მაგრამ ეს მხოლოდ ბუტაფორია იყო - კომისიას სამი წლის განმავლობაში არც ერთი დეველოპერისთვის არ მოუთხოვია კორპუსების მინიმალური სტანდარტებით მშენებლობაც კი. გამარჯვების შემთხვევაში, სამშენებლო ნებართვებს გადავხედავ და მათ გავაუქმებ.

- როგორ წარმოგიდგენიათ კერძო პირებისთვის ნებართვების გაუქმება?
- თუ დეველოპერი ვერ წარმოადგენს პარკინგის თუ სახანძრო უსაფრთხოების სისტემას ან გამწვანების სტანდარტს, ხელიც არ ამიკანკალდება, ისე გავუუქმებ სამშენებლო ნებართვას. დღეს თბილისში კატასტროფა ხდება - მაგალითად, სპორტის სასახლის უკან კორპუსები პირდაპირ წითელ ხაზზე" შენდება. როგორც კი მერი გავხდები, გეოლოგიურ დასკვნას სავალდებულოს გავხდი არა მხოლოდ მშენებლობის დაწყებამდე, არამედ მომიჯნავე შენობების შესაძლო დაზიანების რისკებზეც. არ მაინტერესებს, კერძო პირი იქნება თუ რომელიმე თანამდებობის პირის ბიზნესი, არც ის მაინტერესებს ამ კერძო პირმა რამდენი გადაიხადა - ამოსავალი წერტილი ჩემთვის დედაქალაქია. არაერთ დეველოპერთან მქონია შეხების წერტილი, მეტიც, არაერთი შეუსაბამო პროექტის მშენებლობა შევაჩერეთ კიდეც.

- ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტს გულისხმობთ, როდესაც მოქალაქეების ნაწილმა გაგკიცხათ ტელეკამერების წინ, ტრაქტორის მძღოლთან ხმამაღალი საუბრის გამო?
- კოკა ყანდიაშვილმა ეს ვიდეოფირი დაამონტაჟა და საზოგადოებას ინფორმაცია ისე მიაწოდა, თითქოს მე ვინმეს მივუვარდი და"ვეძველბიჭე. რეალობა კი რადიკალურად განსხვავებული იყო - ცაგარლის ქუჩაზე დგას ავარიული ოთხსართულიანი შენობა, რომლის გვერდითაც ტრაქტორმა საძირკვლის ამოღება დაიწყო და ავარიული შენობა აზანზარდა. მოქალაქეები მირეკავდნენ, დეველოპერები მოვიდნენ და სახლი თავზე გვენგრევაო. სწორედ ამან გამოიწვია მაშინდელი ხმამაღალი საუბარიც და თუ ვინმეს შეუძლია მასწავლოს, შამპანურითა და""ბამბანერკით" როგორ შევაჩერო დეველოპერი და ტრაქტორის მძღოლი, სიამოვნებით გავითვალისწინებ.

- ვიდეოფირში ჩანს, რომ მხოლოდ ტრაქტორის მძღოლს ეჩხუბებით, იქ დეველოპერები არ ჩანან.

- ამიტომ ვამბობ, რომ ვიდეოფირი დამონტაჟებული იყო, რადგან ტრაქტორის გვერდით "ძველი ბიჭი" დეველოპერებიც იდგნენ. ყველაფერს გავაკეთებ, ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ამ ტერიტორიაზე 16-სართულიანი კორპუსის ნაცვლად, საბავშვო სკვერი მოეწყოს. იცით, რა არის მთელ ამ ამბავში სასაცილო?
აქეთ "ნაციონალური მოძრაობა" გვპირდება, სამშენებლო რეგულაციებს დავაწესებთო, არადა, სამშენებლო კანონმდებლობით სწორედ მათ შექმნეს მღვრიე წყალი კორუფციისთვის, როდესაც ზონალური საბჭოები მოიგონეს, მეორე მხარეს კი "ოცნებაა", რომელიც თურმე ხუთწლიანი მმართველობის შემდეგ გეგმავს მშენებლობების მოწესრიგებას.
ხუთი წლის განმავლობაში მათ ხელში იყო ბურთიც და მოედანიც, ტრიბუნებზეც თავად ისხდნენ და მსაჯების ფუნქციასაც თვითონვე ასრულებდნენ. ისიც სასაცილოა, ორივე პარტია,"სითი-პარკის" გაყვანას რომ ჰპირდება თბილისელებს.

- და ფიქრობთ, ეს უპარტიო წარსულია თქვენი მთავარი უპირატესობა, მიუხედავად იმისა, რომ მართვის გამოცდილება არა გაქვთ და არც გუნდი გყავთ, რასაც ასევე ერთ-ერთ სისუსტედ გითვლიან ოპონენტები?
- ის, რომ დამოუკიდებელი ვარ, სისუსტე კი არა, ჩემი უპირატესობაა - ჩემ უკან დეველოპერები არ დგანან, განსხვავებით სახელისუფლებო კანდიდატისგან. დეველოპერები დღეს პარლამენტში დაგვისვეს - ილია წულაია, დავით ჭიჭინაძე, გურჯაანის მაჟორიტარი სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე - სწორედ""ქართული ოცნების"" დასახელებული დეპუტატები აშენებენ სპორტის სასახლის უკან, ბაგებში თუ სხვა მიმზიდველ ტერიტორიაზე მახინჯ კორპუსებს და დაგეშილი არიან, რაც შეიძლება მეტი ხე მოჭრან თბილისში. კახა კალაძეც წლებია დეველოპერულ საქმიანობაშია ჩართული, ასე რომ, წინასაარჩევნო ზღაპრები ამჯერად აღარ გაუვათ, ჩემს გუნდს კი უახლოეს დღეებში წარვადგენ.

- თუ კვლევების მიხედვით ვიმსჯელებთ, დიდი ალბათობით, მეორე ტური ჩატარდება და მასში გასვლის დიდი შანსი სწორედ თქვენ გაქვთ. თუ მართლაც გახვედით, ისევ უარს იტყვით ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ მხარდაჭერაზე?

- გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ - ""ქართული ოცნების"" ტყუილები ყელში ამოგვივიდა, ამიტომ ხალხი აუცილებლად დაირაზმება და გაზულუქებულ მმართველებს სახლში გაუშვებს. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ახლა მიჩიჩინებენ, პრაიმერი ჩავატაროთო. ეს პოლიტიკურ უმეცრებად მიმაჩნია, რადგან პრაიმერი შიდაპარტიული პროცესია, იმის დასადგენად კი, ვინ უფრო ძლიერი კონკურენტია, არჩევნები არსებობს. მეორე ტურსა და შესაძლო მხარდაჭერაზე კი, უმჯობესია, კონკრეტული ფაქტის წინაშე რომ აღმოვჩნდები, შემდეგ ვისაუბროთ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით