ელენე ხოშტარია: "მე სხვებივით კამერების წინ ნამდვილად არ ვპოზირებ"
21-08-2017
ელენე ხოშტარია: "მე სხვებივით კამერების წინ ნამდვილად არ ვპოზირებ"
საკამათო არ არის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მთავარი ბატალიები თბილისში გაიმართება. შესაბამისად, საინტერესოა, თუ რით აპირებენ მერობის კანდიდატები თბილისელთა "მოხიბვლას". ამასთან, მკითხველს აქვს შესაძლებლობა www.kvirispalitra.ge-ს საშუალებით მერობის ძირითად კანდიდატებს თავისი აზრი გაუზიაროს ამა თუ იმ პრობლემაზე და მათ შეკითხვები დაუსვას. 19 აგვისტოს მდგომარეობით შემოსულ კითხვებში ყველაზე მეტად სამშენებლო პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები ჭარბობდა და შესაბამისად, მერობის კანდიდატებთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

"კვირის პალიტრა" გააგრძელებს ინტერვიუებს თბილისის მერობის კანდიდატებთან. თუ გსურთ,
დაუსვათ კითხვა ამა თუ იმ კანდიდატს, ეწვიეთ ვებგვერდს www.kvirispalitra.ge და რუბრიკაში "დაუსვი კითხვა თბილისის მერობის კანდიდატს" დატოვეთ კითხვა კომენტარის სახით, ან მოგვწერეთ ელფოსტის შემდეგ მისამართზე: contact@kvirispalitra.ge

ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველო: – თბილისის მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სწორედ სამშენებლო ქაოსი იქცა – ამ მიმართულებით, კონკრეტული ხედვები
მაქვს. კერძოდ, სამშენებლო ნებართვის გაცემამდე კონკრეტულ ტერიტორიაზე უნდა გაითვალოს მანქანების გამტარიანობა, ეკოლოგია და რაც მთავარია, იერი.

გარდა მიმდინარე მშენებლობებისა, თბილისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ავარიული სახლებია.

დღეს დედაქალაქში სამი ათასამდე ავარიული შენობაა, რომელთა რეაბილიტირებაზე მერიას არც კი უფიქრია. პირიქით, მოსახლეობას ეუბნებიან, ინვესტორებთან შეთანხმდითო, მაგრამ მოსახლეობასა და ინვესტორებს შორის შეთანხმება წარმოუდგენელია – ორივე მხარეს სურს, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს, რის გამოც კონკრეტული საინვესტიციო შეთანხმებები, უბრალოდ, იშლება.
არადა, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ოჯახში ვიყავი, სადაც დიასახლისი თაგვმა სამჯერ დაკბინა – მოქალაქეებს სოროებში ცხოვრება უწევთ. ამასთან, ჩემი ხედვით, პროაქტიურად
უნდა დაიწყოს ძველი სამრეწველო ტერიტორიების ახალ დასახლებებად გარდაქმნა – ეს ქალაქს სამშენებლო ბუმისგანაც განტვირთავს.

– იდენტური ხედვები აქვს "ქართული ოცნების" კანდიდატსაც, მეტიც, სამრეწველო ტერიტორიების დასახლებულ პუნქტად გარდაქმნა მოქმედი საკრებულოს მიერ მოწონებულ გენერალურ გეგმაშიც კი მოხვდა – მმართველი გუნდის საარჩევნო ხაზს ხომ არ მისდევთ?
– კალაძე ეკოლოგიაზე გველაპარაკებოდა და გვიხსნიდა, მწვანე საფარს უნდა მოვუფრთხილდეთო და ზუსტად ამ დროს თბილისში კიდევ რამდენიმე ხე მოჭრეს.
შესაძლოა, პროგრამებში თანხვედრა გვაქვს, მაგრამ ჩემი განცხადებები რეალისტურობით გამოირჩევა – მასში გათვლილია თითოეული კომპონენტი და თანამიმდევრული ნაბიჯები.
ზოგადად, პროგრამებით კონკურენციას მივესალმები და ეს არა მგონია, სასაყვედურო იყოს.

– ვნახოთ, ამომრჩეველი რამდენად რეალისტურად ჩათვლის თქვენს დაპირებებს, თუმცა, თუ ბოლო კვლევებს გადავხედავთ, თქვენ მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე მცირე მხარდაჭერა გაქვთ და შესაძლოა, მეორე ტურში გასვლაც ვერ მოახერხოთ.
– კვლევები მცირე სასტარტო პერიოდში ჩატარდა – პარტიამ ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყო და მეც ბევრი სამუშაო მაქვს, რომ ადამიანების ნდობა მოვიპოვო. თუმცა, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც თვითკმაყოფილებაში იღვრებიან, სიფხიზლეს ვურჩევდი. მათგან განსხვავებით, მე კამერების წინ ნამდვილად არ ვპოზირებ და მოქალაქეებს კამერების გარეშე ყოველდღიურად ვხვდები.

– ვის გულისხმობთ?

– საზოგადოება კარგად ხედავს, კონკრეტიკა არც არის საჭირო. პარლამენტში შესვლის დროსაც არც ერთი დღით არ შემიწყვეტია მოქალაქეებთან შეხვედრა, მათი პრობლემების მოსმენა და გადაჭრის გზებზე ფიქრი.
რა თქმა უნდა, ეს არჩევნები ტესტი იქნება ჩვენთვის, ისევე როგორც ნებისმიერი კანდიდატისთვის, თუმცა, ძალას არ დავიშურებ, რომ დედაქალაქის პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად მოგვარდეს.

– ისე, სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, თქვენ საარჩევნო კამპანიის ყველაზე ორიგინალური ფორმა მოიფიქრეთ და სამი დღის განმავლობაში ყველა უბანში ცხოვრება გადაწყვიტეთ. როდესაც ნდობის მოპოვებაზე ლაპარაკობთ, ეს მეთოდი რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა?
– საკუთარ კამპანიას პირადად მე ვერ შევაფასებ, ის ხალხმა უნდა მოიწონოს ან პირიქით. ჩემი ხედვით კი, ამ სოციალურ კამპანიას ერთადერთი მიზანი აქვს –
პოლიტიკოსებს უნდა შეეძლოთ ყველა უბანში და იმ ადამიანებთან ცხოვრება, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და ყოველდღიურად წარმოუდგენლად დიდ უსამართლობას აწყდებიან.
აბსოლუტურად სხვა ყოფილა, როდესაც თავად გესმის ღამე მატარებლის ხმა, რომელიც იმდენად ახლოს გადის დასახლებულ პუნქტთან, რომ ყოველღამ მოსახლეობას ძილის საშუალებას არ აძლევს, ან ხედავ, როგორ ბრუნდება ხანში შესული ქალი საავადმყოფოდან ნამტირალევი, რადგან ექიმის კონსულტაციისთვის საკმარისი თანხა არ აღმოაჩნდა.

ვიმეორებ, ასეთ შეხვედრებს ყოველდღიურად, ყოველგვარი კამერების გარეშე ვმართავ.
რთულია ამ რეჟიმში ცხოვრება, თანაც ჩემს ოჯახთან დროებით განშორებაც არ აღმოჩნდა იოლი, მაგრამ, როდესაც სოციალურად დაუცველ ადამიანებთან ერთად იღვიძებ, სულ სხვა თვალით უყურებ რეალობას, პირისპირ ეჯახები უამრავ პრობლემას, რომელთან გამკლავებაც მოქალაქეებს ყოველდღიურად უწევთ, თან უამრავ იდეას ისმენ, მოსახლეობის პულსზე ხელი გიდევს და ეს მისასალმებელია.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით