"პრანკერები პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურებთან არიან დაკავშირებული" - კვირის პალიტრა

"პრანკერები პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურებთან არიან დაკავშირებული"

უკრაინულ და რუსულ მედიაში სკანდალური აუდიოჩანაწერი გამოჩნდა, სადაც რუსი პრანკერების მტკიცებით, მათი "მსხვერპლი" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აღმოჩნდა –"ვოვანის და ლექსუსის მტკიცებით, მათ გიორგი მღებრიშვილს უკრაინელი კოლეგის, არსენ ავაკოვის სახელით დაურეკეს და მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება შესთავაზეს, თუმცა, მღებრიშვილმა ყოფილი პრეზიდენტი უცენზუროდ მოიხსენია და უპასუხა, რომ საქართველოში ის არავის სჭირდება. რეალურად, რამდენად დიდია ალბათობა, შინაგან საქმეთა მინისტრი რუსი პრანკერების მახეში გაბმულიყო და რა პროცედურებს გადიან მაღალი თანამდებობის პირები უცხოელ კოლეგებთან კომუნიკაციამდე,""კვირის პალიტრასთან"" ექსპერტი ვახტანგ მაისაია საუბრობს:

– სამთავრობო სტრუქტურებში სამი სახის ტელეფონი მოქმედებს – "ისკრა", რომელსაც სულ ოთხი ღილაკი აქვს, სამღილაკიანი "ვიჩი", რომელიც როგორც სამთავრობო სტრუქტურებს შორის შიდაკომუნიკაციებისთვის, ისე საზღვარგარეთ სასაუბროდ გამოიყენება, და მობილური ტელეფონი, რომლის სიხშირეებიც დახურულია. ""ისკრას" შედარებით დაბალი რანგის მოხელეები იყენებენ,""ვეჩი" უფრო საშუალო დონის მაღალჩინოსნებისთვის არის განკუთვნილი, უსიხშირო მობილური ტელეფონები კი ორი ქვეყნის მაღალ პოლიტიკურ პირებს შორის კომუნიკაციისთვის, რადგან ჩვეულებრივი მობილური ტელეფონით საუბრის მოსმენა არა მხოლოდ ადგილობრივ სპეცსამსახურებს, მესამე სახელმწიფოს სპეცსამსახურებსაც შეუძლიათ. როდესაც ძალოვან სტრუქტურებს შორის კომუნიკაციაზეა ლაპარაკი, ბუნებრივია, კონტაქტი დახურული სისტემის მეშვეობით ხდება, ამიტომ ჩანს, პრანკერებმა მაღალი დონის სპეცოპერაცია ჩაატარეს, თუ, რა თქმა უნდა, მსგავსი საუბარი საერთოდ შედგა.

– თუ აუდიოჩანაწერი ავთენტიკურია, გამოდის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კოლეგებთან საუბრისას დახურულ მობილურ სისტემას არ იყენებს და ამით შესაძლებლობას აძლევს მესამე დაინტერესებულ სახელმწიფოს მისი საუბრები მოისმინოს?

– პრანკერები პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურებთან არიან დაკავშირებული. თავის მხრივ, რუსულ სპეცსამსახურებს დახურული საკვანძო სისტემიდან ჩართვა შეუძლიათ. ასეთი უმაღლესი დონის კიბერშეტევის შესაძლებლობა დღეს მხოლოდ სამ სახელმწიფოს აქვს: აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს, თანაც, დღეს რუსეთი ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისთვის განსაკუთრებით აქტიურობს და ამისთვის ბიუჯეტიდან თავდაცვაზე მეტ თანხას ხარჯავს. მეტიც,

რუსეთის ფედერალური ბიუროს მოადგილედ ცოტა ხნის წინ დაინიშნა ჰაკერული ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც კიბერუსაფრთხოებას ახლა სპეცსამსახურების დონეზე კურირებს.

სწორედ ამ საშუალებების გამოყენებით შეძლო რუსეთმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, მათ შორის, სატელეფონო მოსმენების ჩაწერა, კიბერშეტევების მოწყობა და სასურველი ინფორმაციის მოპოვება.

– საქართველოს სპეცსამსახურებს არა აქვთ მექანიზმი, რომ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების კიბეროპერაციები გამოავლინონ?

– დახურულ კოდში შეღწევა რუსეთის სპეცსამსახურებს იოლად შეუძლიათ, ქართულ სპეცსამსახურებს კი არა აქვთ ამის შესაძლებლობა. საქართველოს სპეცსამსახურები შესაძლებლობითა თუ დაფინანსებით რუსეთის სპეცსამსახურებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.

რუსუდან შელია