"ეს ტერორისტების ნოუ-ჰაუა"
21-08-2017
"ეს ტერორისტების ნოუ-ჰაუა"
"ისლამური სახელმწიფო" და რადიკალური ისლამისტები ჯერ ისევ სამიზნედ განიხილავენ ევროპას"

ბადრი ნაჭყებია, ექსპერტი: - 2001 წელს ამერიკაში გრანდიოზული ტერაქტის დროს ერთი ტყვიაც არ გასროლილა. თვითმფრინავებით, ანუ სატრანსპორტო საშუალებებით მოაწყვეს ეს ტერაქტი. ტერორისტები თანდათან ხვეწენ თავიანთ საშუალებებს და დღეს ტერორისტული აქტი შეიძლება მოაწყონ ძალიან მარტივად, მცირე დანახარჯით. ამის დასტურია, საშინელი ტერაქტი ნიცაში, როცა ერთმა ავტომანქანამ ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა. მას შემდეგ არაერთი ტერაქტი მოაწყვეს სატრანსპორტო საშუალებებით. ეს ერთ-ერთი იოლი ნოუ-ჰაუ აღმოჩნდა ტერორისტებისთვის.
ამ ხერხს პერიოდულად იყენებდნენ პალესტინელები ისრაელის არმიისა და მოქალაქეების წინააღმდეგ.
ბუნებრივია, კიდევ და კიდევ დაიხვეწება ტერაქტების მოწყობის მეთოდოლოგია. ასე რომ, ევროპას მოუწევს ტერორიზმთან ერთად ცხოვრების გაგრძელება, მაგრამ ლიბერალურ სახელმწიფოებს ტერორთან ბრძოლა ძალიან უჭირთ.

- რას გულისხმობთ?
- ლიბერალური პირობებია, როდესაც გარკვეულ რელიგიურ ჯგუფებს აძლევენ ბევრ
უფლებას, არა აქვთ სწორი საემიგრაციო პოლიტიკა. საფრანგეთში უკვე ლაპარაკია, რომ ევროპაში მოსალოდნელია ვითარების გამწვავება, შეიძლება საქმე სამოქალაქო ომამდე მივიდეს. ლიბანიზაცია სხვა რამ კი არ იყო. ეს დემოგრაფიულ-რელიგიური დისბალანსია. ამის თვალსაჩინო მაგალითია ის, რომ 2017 წელს ბრიუსელში არ დადგეს ნაძვის ხე - ქრისტიანული დღესასწაულის ატრიბუტი, რათა სხვა კონფესიები არ გაეღიზიანებინათ. ფაქტობრივად, როგორც რომის პაპის ბრძანებს, მსოფლიოში დექრისტიანიზაცია მიმდინარეობს. როცა უარს ამბობენ ფასეულობებზე, ასეთი ქვეყანა იოლად ხდება სხვადასხვა ექსტრემისტული დაჯგუფების სამიზნე. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებმა, და კერძოდ, ევროპამ, ახლებურად უნდა შეხედონ იმ სინამდვილეს, რომელშიც ახლა უწევთ ცხოვრება, თორემ ევროპის ლიბანიზაცია არის ის რეალობა, რომლისთვისაც თვალის გასწორება მოგვიწევს მომავალში.

- რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებია უფრო ეფექტიანი ტერორიზმთან ბრძოლაში?
- აშშ საკმაოდ შედეგიანად ებრძვის ტერორიზმს. შემიძლია მოვიყვანო კანადისა და ავსტრალიის მაგალითიც. მათ საკმაოდ ხისტი საემიგრაციო პოლიტიკა აქვთ. იმ სახელმწიფოს კი, სადაც ლიბერალური პრინციპები განიხილება როგორც ფასეულობა, ყოველთვის ექნება ტერორიზმის პრობლემა, რადგან ის რადიკალურ ზომებს ვერ იღებს, უამისოდ კი ტერორიზმთან ბრძოლას შედეგი არა აქვს.

- ესპანეთში მომხდარ ტერაქტს როგორ შეაფასებთ?
- სხვათა შორის, ბელგიისა და შვედეთის სპეცსამსახურებისგან განსხვავებით, ესპანელები უფრო მობილიზებული და კარგად მომზადებული აღმოჩნდნენ. ეს იმანაც განაპირობა, რომ ესპანეთი მანამდეც იყო სხვადასხვა ჯურის ტერორისტის დისლოკაციის ადგილი. იქ იყვნენ მემარცხენე ტერორისტებიც, ბასკი ნაციონალისტებიც. ამიტომ ქვეყანა, ასე თუ ისე, მზად იყო ტერორისტული შეტევისთვის. ეს ეტყობოდა ახლანდელ საპოლიციო ოპერაციასაც.
2004 წლის 11 სექტემბერს უძლიერესი ტერორისტული აქტი მოხდა ესპანეთში - ისლამისტმა ტერორისტებმა სადგურები ააფეთქეს, დაიღუპა 198 და დაშავდა დაახლოებით 4 ათასი კაცი.

საგულისხმოა, რომ "ისლამური სახელმწიფო" და რადიკალური ისლამისტები ჯერ ისევ სამიზნედ განიხილავენ ევროპას. ამან ჩვენც, ქართველებსაც უნდა გვასწავლოს ჭკუა. არ გვეგონოს, რომ პატარა ქვეყნები არ შეიძლება გახდნენ ტერორიზმის მსხვერპლნი. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ბულგარეთი, რომელიც ჩვენსავით პოსტსაბჭოური ქვეყანაა, სადაც 2011 წელს ტერაქტი მოაწყვეს. ასე რომ, ევროპა კვლავ გამოწვევის წინაშე დგას.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით