"შესაძლოა საფრთხე წამოვიდეს არა ფუნდამენტური ისლამის მიმდევრების, არამედ რუსეთისგან" - ემუქრება საქართველოს ტერორიზმის საფრთხე?! - კვირის პალიტრა

"შესაძლოა საფრთხე წამოვიდეს არა ფუნდამენტური ისლამის მიმდევრების, არამედ რუსეთისგან" - ემუქრება საქართველოს ტერორიზმის საფრთხე?!

"ვინ ვის ებრძვის, გაუგებარია, არადა, ტერორიზმი ისეთი გამოწვევაა, რომელსაც საერთო ძალით უნდა დაუპირისპირდნენ!"

2017 წლის 17 აგვისტოს ტერორისტების სამიზნე გახდა ესპანეთი, ქალაქი ბარსელონა, სადაც ტურისტებით სავსე მოედანზე მიკროავტობუსი შევარდა და 14 კაცი იმსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი ასზე მეტია. სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" შევიწროების შემდეგ, ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ევროპას შეიძლება ტერაქტების ახალი ტალღა დაატყდეს თავზე. გაზეთ „კვირის პალიტარსთან“ ამ პროცესებს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აფასებს, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ისმის კითხვები: რატომ ვერ უმკლავდებიან მსოფლიოს თითქოსდა ყველაზე განვითარებული სახელმწიფოები ტერორიზმს? რა უშლით ხელს ამ ბრძოლაში? რატომ ვერ უპირისპირდება სათანადოდ ცივილიზებული, კარგად შეიარაღებული და პროფესიონალი სპეცსამსახურების მქონე ევროკავშირი ამ საფრთხეებს?

იმ რამდენიმე მთავარ მიზეზზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც, ჩემი აზრით, ტერორიზმთან ბრძოლას უშლის ხელს.

მათგან ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ბოლო ათწლეულებში მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ტერორისტულ ჯგუფებს თვითონ ქმნიდნენ და იყენებდნენ.

ამის არაერთი მაგალითი გვაქვს აშშ-ის, რუსეთის თუ თურქეთის შემთხვევაში. ეს უკანასკნელი ბოლო დრომდე "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ხელშემწყობი ქვეყანა იყო და ამ გზით ცდილობდა ქურთული დაჯგუფებების შევიწროებას. აღარაფერს ვამბობ აშშ-ის გრძელვადიან ტაქტიკაზე, როდესაც ასეთ ჯგუფებს სხვადასხვა მიზნისთვის იყენებდნენ.

ტრამპის ვიზიტი არაბულ ქვეყნებში იმითაც იყო საინტერესო, რომ არაბულ სახელმწიფოებს სთხოვა, გაერთიანდნენ და შექმნან ტერორიზმთან საბრძოლველად ერთგვარი არაბული ნატო. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ქვეყნების დიდი ნაწილი თავად გვევლინება ტერორიზმის დამფინანსებლად რეგიონში. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ამ პროცესში ჩართულია გაზისა და ნავთობის საბადოების გაკონტროლების საკითხი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც აძნელებს ტერორიზმთან ბრძოლას, ის არის, რომ დასავლურ ქვეყნებს ამ ბრძოლაში არა აქვთ ერთნაირი მიდგომები.

უკონტროლო მიგრაცია (ბოლო ორი წლის განმავლობაში მილიონობით ლტოლვილი შევიდა ევროკავშირში), ბუნებრივია, ზრდის ტერორისტების უკონტროლო შეღწევის რისკს.

ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი - ამ ბრძოლაში ყველას თავისი მიზნები აქვს, შესაბამისად, ამა თუ იმ ჯგუფის საქმიანობას თავისებურად აფასებენ. მაგალითად, ქურთული დაჯგუფებები თურქეთისთვის ტერორისტული ორგანიზაციებია, აშშ-ისთვის კი ასადის ყველაზე მისაღები ოპოზიცია.

აქედან გამომდინარე, რადგანაც ტერორისტული ორგანიზაციების შეფასებაში ქვეყნები ვერ თანხმდებიან, მათთან ბრძოლის ტაქტიკაც განსხვავებულია. ვინ ვის ებრძვის, გაუგებარია, არადა, ტერორიზმი ისეთი გამოწვევაა, რომელსაც საერთო ძალით უნდა დაუპირისპირდნენ!

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ზემოქმედების უკონტროლო საშუალებებია, რამაც თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებითა და სოციალური ქსელების მეშვეობით შეაღწია ევროპაში. ამ გზით ხდება ევროკავშირის ქვეყნების მუსლიმანი მოქალაქეების ზომბირება.

- ემუქრება თუ არა ამ ეტაპზე საქართველოს ტერორიზმი და მის რა სიმპტომებს უნდა ვუფრთხილდეთ?

- ამ ეტაპზე საქართველო მაღალი რისკის ქვეყნებში, საბედნიეროდ, არ შედის. თუმცა, თეორიული საფრთხე ყოველთვის არსებობს, მათ შორის იმისაც, რომ ტერორისტული საფრთხე წამოვიდეს არა ფუნდამენტური ისლამის მიმდევრების, არამედ რუსეთისგან. ეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში გადაწყვიტეს, რომ საქართველოში არეულობა სჭირდებათ. თუმცა, ვფიქრობ, კრემლში კარგად ხვდებიან, რომ საქართველოში ამ ტიპის არეულობა დომინოს პრინციპით გადაეცემა ჩრდილო კავკასიასაც, რაც რუსეთს აუცილებლად მოუტანს უმძიმეს შედეგებს.

სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა შორის ათასობით ჩრდილოკავკასიელია, მათი დაბრუნება ასევე დიდი საფრთხეა რუსეთისთვის.

კიდევ ერთ რისკ-ფაქტორზე მინდა გავამახვილო ყურადღება - ეს არის ვაჰაბიზმისა და აგრესიული ისლამის თეორიის სწრაფი შემოღწევა ქვემო ქართლსა თუ აჭარაში. ეს საკითხიც ჩვენი სპეცსამსახურების მაქსიმალური ყურადღების საგანი უნდა იყოს და ჩვენი მოქალაქეების იდეოლოგიური "დამუშავება" არ დაუშვას.

მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს ტერორიზმის დამფინანსებელი ან ტერორიზმთან დაკავშირებული ქვეყნებიდან საქართველოში ფულის შემოდინებისას. ვფიქრობ, ფულის ნაკადების გაკონტროლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.

მაგალითად, ისეთი ქვეყნიდან, როგორიც ირანია, რომელიც საქართველოსთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, ბოლო წლებში გაათმაგდა ინვესტიციების შემოსვლა.

იხილეთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად.