"ახლა გასული ვარ, მოგვიანებით დამირეკეთ" - კვირის პალიტრა

"ახლა გასული ვარ, მოგვიანებით დამირეკეთ"

მესტიაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ზაზა გოროზიას წყალი შეუდგა, - მას სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ოპოზიციის წარმომადგენლებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი პოლიტიკური ზეწოლის ფაქტებზე მუშაობს და სამინისტრო ყველა დარღვევაზე რეაგირებას მოახდენს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ჯგუფმა გოროზიას დროებით შვებულებაში გასვლა და მისი საარჩევნო პროცესებისაგან ჩამოშორება მოითხოვა.

ამ ფაქტზე "კვირის პალიტრას" არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ნინო ხატისკაცი ესაუბრა:

- 3 მაისს, ღამით, დაახლოებით 11 საათზე, ზუგდიდიდან მესტიაში წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩავიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიას, სამხარეო პოლიციის უფროს თენგიზ გუნავას, მესტიის პოლიციის უფროს გიორგი შედანიას, მისი მოადგილე ჯონი მელქანიასა და რამდენიმე მაღალჩინოსნის შემადგენლობით. იქვე იმყოფებოდა მესტიის "ნაცმოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი კახა კვიციანიც.

დელეგაციას თან ახლდა ათეულობით შეიარაღებული პირი. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" წევრები მესტიის გამგეობის ჩაბნელებულ ოთახებში შეიყვანეს (მესტიაში 3 დღის განმავლობაში შუქი არ იყო) და ღამის 11-დან დილის 10 საათამდე განცხადებების დაწერასა და კანდიდატურების მოხსნას სთხოვდნენ.

თავიდან  გამგეობაში  ლერი და ვახტანგ ნაკანები მიიყვანეს, შემდეგ სოფელ კალიდან და იფარიდან  ვალოდია საღლიანი და თენგიზ არღვლიანიც ჩაიყვანეს. ვახტანაგ  ნაკანი ბიზნესმენია, ამიტომ მასთან ფინანსური პოლიციის წარმომადგენელი შეუშვეს. ლერი ნაკანს მოატყუეს, პარტია "თავისუფლების"   საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ვიქტორ ჯაფარიძემ უკვე დაწერა განცხადება, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და შენც ასე უნდა მოიქცეო. ვიქტორ ჯაფარიძე მესტიაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. პოლიციის უფროსი გიორგი შედანია მას აფრთხილებდა, პრობლემები შეგექმნება, თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებო. საბოლოოდ, ჯაფარიძე იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა, მაგრამ ის მაინც არის პარტია "თავისუფლების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი.

ასე იყო თუ ისე, ლერი ნაკანს არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნის თაობაზე განცხადება იძულებით დააწერინეს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს ადამიანები დილამდე ჰყავდათ გამგეობის შენობაში, რაც მთელმა მესტიამ შეიტყო. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა გამგეობის შენობასთან მოიყარეს თავი. არსებობს  ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატის მიერ გადაღებული ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელიც მართალია, ბუნდოვანია, მაგრამ ჩანს ის მომენტი, როდესაც ლერი და ვახტანგ ნაკანები შეიარაღებულ პირებთან ერთად გამგეობის შენობიდან გამოდიან.

სახელისუფლებო დელეგაციამ იმ დღეს ოპოზიციის 8 წარმომადგენელზე მოახდინა ზეწოლა და მათგან 5-მა საკუთარი კანდიდატურის მოხსნაზე განცხადება დაწერა, 3-მა კი კატეგორიული უარი განაცხადა, ე.ი. ზეწოლას შედეგი არ მოჰყოლია. საბოლოოდ, ოპოზიციის კანდიდატთა იძულებით დაწერილი განცხადებები არ დარეგისტრირებულა საოლქო კომისიაში. 4 მაისს მესტიის საოლქო კომისიის მდივანმა ნათია გიგანმა უარი განაცხადა კომისიაში მისვლაზე, რითაც თავი აარიდა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას, ე.ი. არ შეიძლება ზემოხსენებული პირების კანდიდატურები მოხსნილად ჩაითვალოს.

პროკურატურას ინციდენტის მეორე დღესვე მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული მასალა და წერილობით მოვითხოვეთ საქმის აღძვრა. რაც შეეხება უწყებათაშორის ჯგუფს, მან სამიოდე დღის წინ მიმართა პროკურატურას რეკომენდაციით, მოკვლევა დაეწყოთ იმავე საქმეზე. სამწუხაროდ, 17-18 დღის განმავლობაში პროკურატურას მოკვლევა არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის საკმარისი საფუძველი არსებობს. ათეულობით  პირი იძლევა ჩვენებას და ისინი ერთმანეთის იდენტურია.

ჩვენი, "სამართლიანი არჩევნებისა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მოთხოვნაა, გამოძიების დასრულებამდე ყველა იმ პირს შეუწყდეს უფლებამოსილება, რომლებიც ზეწოლას ახდენდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებზე. უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა მხოლოდ ზაზა გოროზიაზე მისცა შესაბამის ორგანოებს რეკომენდაცია, რომ გამოძიების დასრულებამდე ჩამოაცილონ საარჩევნო პროცესს. ეს არასაკმარისი ღონისძიებაა და კომისიისგან სხვა თანამდებობის პირებზეც იმავე რეკომენდაციის გაცემას ველით.

"კვირის პალიტრა" შსს-ს ადმინისტრაციის უფროსს, ზურაბ გვენეტაძეს დაუკავშირდა და სცადა, გაერკვია, რა რეაგირება მოახდინა შსს-მ პოლიტიკური ზეწოლის ფაქტებზე და დაწყებულია თუ არა გამოძიება. "ახლა გასული ვარ, მოგვიანებით დამირეკეთ", - მივიღეთ პასუხად. მოგვიანებით დავურეკეთ, მაგრამ, უბრალოდ, უკვე მომსახურების ზონიდანაც გასული დაგვხვდა. რას იზამ, გასდით და ესენიც გადიან და გადიან...