უნდა იყოს თუ არა საქართველოში ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმი? - კვირის პალიტრა

უნდა იყოს თუ არა საქართველოში ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმი?

ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სოფელ მამათში მისი სახლ-მუზეუმის გახსნას აპირებენ - ეს იდეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკუთვნის. მათი ინიციატივის საფუძვლად ტურისტების დიდი ინტერესია დასახელებული. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ ამ ინიციატივას ბატონი ედუარდის ოჯახის წევრებიც დადებითად შეხვდნენ. კერძოდ, პრეზიდენტის ძმისშვილი - ნუგზარ შევარდნაძე, თანახმაა სახლიც და ეზოც მუნიციპალიტეტს გადასცეს.

სტატია მოამზადა ჟურნალმა "გზამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ.

უნდა იყოს თუ არა ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმი საქართველოში?

დავით ბერძენიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი:

- არასდოეს ვყოფილვარ შევარდნაძის გულშემატკივარი - არც მისი "ცეკას" მდივნობის დროს და არც პრეზიდენტობის დროს. ჩემთვის ამ პიროვნებაზე საუბარი საინტერესო არ არის, რაც შეეხება სახლ-მუზეუმს, ეს მისი ოჯახის წევრების გადასაწყვეტია, სახლი მათია და რაც უნდათ, ის ქნან. ედუარდ შევარდნაძის კი არა, ხალხს სტალინის სახელით უნდა ფულის კეთება და ეს რა გასაკვირია? სტალინის სახელით ნაშოვნი ფული თავად მოიხმარონ, ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ასეთი გზით ნაშოვნი ფული.

გია ბუღაძე, მხატვარი:

- ვფიქრობ, რომ შევარდნაძის საქმიანობას მსოფლიო მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ რა მოხდება, თუ მამათში მისი სახლ-მუზეუმი იქნება? ეს ტურისტების შემოსვლას შეუწყობს ხელს. მართალია, საქართველოში ბევრს არ უყვარს, ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ ისინიც ვერ უარყოფენ, რომ ის სერიოზული ისტორიული ფიგურა იყო, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს - ეს უკვე სხვა საქმეა. (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 24 აგვისტოს ნომერში)

იხილეთ ასევე: შევარდნაძის სამი ცხოვრება

ხათუნა ჩიგოგიძე