"ეს რომ დივერსიაა, შეიძლება ორი მიზეზის გამო ვიფიქროთ..." - კვირის პალიტრა

"ეს რომ დივერსიაა, შეიძლება ორი მიზეზის გამო ვიფიქროთ..."

"ჩემი აზრით, რუსეთის მხრიდან ამგვარი შემოთავაზება საერთოდ ამორალური იყო, მით უფრო ამორალური იქნებოდა მათი დახმარების მიღება"

უკვე მეოთხე დღეა ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ცეცხლის გავრცელების არეალი გაცილებით არის შემცირებული, თუმცა რჩება ძლიერი კერა წაღვერისა და ტიმოთესუბნის ქედზე. მისი თქმით, მთელი საავიაციო რესურსი სწორედ ამ კერაზეა მობილიზებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბორჯომის ხეობის გარდა, გუშინ ღამით ხანძარი იყო ატენის ხეობაში, დუშეთის რაიონში, ლაგოდეხში და თბილისში გლდანის ციხესთან.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, ბორჯომში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, დივერსიაზეც: "მე, როგორც პოლიციელი არაფერს გამოვრიცხავ, ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ".

ბოლო დღეებში ერთდროულად გაჩენილი ხანძრები იძლევა თუ არა დივერსიის შესაძლებლობას, საკითხზე ექსპერტს, მამუკა არეშიძეს ვესაუბრეთ.

- რასაკვირველია, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. თან ძალიან უცნაურად დაემთხვა ბორჯომში ხანძრის გაჩენის ადგილები ერთმანეთს. სწორედ ის ტერიტორიაა, სადაც 2008 წელს დაბომბვის შედეგად ცნობილი ხანძარი გაჩნდა. მთავარია დადგინდეს, ვის ინტერესში შეიძლება იყოს მომხდარი. დივერსია შეიძლება იყოს როგორც ქვეყნის შიგნით არსებული ძალების მიერ მოწყობილი, ასევე უცხო ქვეყნის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, რისი გამოძიებაც ხელისუფლების პრეროგატივაა.

- დივერსიის რა საფუძვლები შეიძლება არსებობდეს?

- დივერსია ხდება ან ხელისუფლების ანაც მთელი ქვეყნის წინააღმდეგ, იშვიათად გარკვეული სოციალური ჯგუფის საწინააღმდეგოდ... ამ შემთხვევაში თუ  დავუშვებთ, რომ ეს ხანძრები მართლაც დივერსიულად ხდება, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს ხელისუფლებისა და ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი აქტია. თუ ეს ქვეყნის შიგნით არსებულმა ძალებმა დაგეგმეს, უნდა ვიფიქროთ, რომ ის მიმართულია ხელისუფლების დისკრედიტაციაზე, მისი უსუსურობის ჩვენებაზე, რისი საბოლოო მიზანიც მისი შეცვლაა.

- ცოტა ხნის წინ, ბორჯომის ტყეში ბენზინის ბიდონი იპოვეს...

- თუ შეთქმულების თეორიის პროცესს მივყვებით, მაშინ ასე ვიმსჯელოთ - ახლოვდება არჩევნები, არჩევნების წინ სასურველია ხელისუფლების დისკრედიტაცია, ამას აკეთებენ სხვადასხვა გზით, ერთ-ერთი არის ის, რომ ხალხის ცნობიერებაში აღადგინონ ის მძიმე განწყობა, რომელიც შეიქმნა 2008 წლის აგვისტოში, მათ შორის ბორჯომი-ხარაგაულის მაგისტრალის დაწვასთან დაკავშირებული ეპიზოდი, რაც მაშინ განახორციელეს რუსებმა. ეს ცნობიერებაში აღადგინეს და მოახდინეს დივერსია, რომელიც ორიენტირებულია ხელისუფლების იმიჯის შელახვაზე, რომ ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ღიად იმის თქმა, ვის შეეძლო გაეკეთებინა, რთულია...

შეიძლება მოვიყვანოთ მეორე ვერსია - სხვა ქვეყანამ აწყობს ხანძრებს იმისათვის, რომ დარტყმა მიაყენოს მთელ ქვეყანას, უპირველესად სახელმწიფოს ეკონომიკას, მის ტურისტულ პოტენციალს და ა.შ.

- ჩვენს სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ დივერსიის მცდელობას და დიდწილად ხელს რუსეთისკენ იშვერენ...

-  რაღა დაგიმალოთ და ამ საქმეში ვერ ვხედავ რუსეთის ინტერესებს. თუ შეთქმულების თეორიას დავუშვებთ, რეალობასთან ყველაზე ახლოს კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესი მგონია... რუსეთს თუ სხვა რომელიმე ქვეყანას, იმდენი მეთოდი აქვს იმისათვის, რომ მოახდინოს სახელმწიფოებრივი სიტემების კოლაფსი, არა მგონია ხანძრები დაეგეგმათ...

- თუ ვიღაცის მიზანი ხელისუფლების უუნარობის ჩვენება და მისი იმიჯის შელახვა იყო, როგორ ფიქრობთ, ეს გამოუვიდათ?

- თუ ვინმეს უნდოდა ხელისუფლების სუსტი მხარე ეჩვენებინა კრიზისების დროს, ნაწილობრივ გამოუვიდა, რადგან მიუხედავდ იმისა, რომ შესაბამისი სამსახურები შესაძლოა, კატასტროფების ლიკვიდაციის ტაქტიკის თვალსაზრისით, სწორად მოქმედებდნენ, მათ არ აქვთ ასეთი ვითარებებისთვის აუცილებელი ტექნიკა, აღჭურვილობა... ამაზე უნდა დაფიქრდნენ. ვიღაც აუცილებლად იკითხავს, სხვა თუ არაფერი 13 ივნისის სტიქიამ, დევდორაკის მოვლენებმა და ა.შ.  როგორ არაფერი გვასწავლაო და მართალიც იქნება... ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ასეთი გამოწვევებისთვის იყოს მზად, აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. ამას გარდა, მობილიზება ბევრად უფრო სწრაფად უნდა მოახდინონ და უფრო აქტიურად და დროულად დაიწყონ ასეთ ვითარებაში პარტნიორებთან თანამშრომლობა, ვფიქრობ, დახმარების თხოვნამაც დაიგვიანა.

-  თუ დავუშვებთ, რომ ეს ხანძრები დივერსიაა, ბუნებრივია უნდა დაისვას უსაფრთხოების სამსახურების საკითხიც...

- რთულია დაადანაშაულო ამ ვითარებაში ისინი, რადგან არცთუ ადვილია გააკონტროლო ამგვარი პროცესები.  ბოლოს და ბოლოს 10-15 კაცს შეიძლება მოელაპარაკოს ვინმე, გადაუხადოს ფული, რომლებიც ამ გვალვისგან გაფიცხებულ არე-მარეში მხოლოდ ერთ ანთებულ ასანთს ან სიგარეტს გადააგდებენ და გაივლიან... თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა იყვნენ დიდი ყურადღებით და სიფრთხილით და რც მთავარია, ეს პროცესები ზედმიწევნით კარაგდ გამოიძიონ.

ეს რომ დივერსიაა, შეიძლება ორი მიზეზის გამო ვიფიქროთ. ერთი ის, რომ ბორჯომის ხეობაში ცეხლის კერები სხვადასხვა ადგილას გაჩნდა და მეორე, რაზეც ზემოთაც ვისაუბრე, ხანძრის დრო და ტერიტორია... თუ ეს ვიღაცამ დაგეგმა, ესეც ზუსტად გათვალა, რომ 2008 წლის ომის წლისთავისთვის დაემთხვია...

- სხვა ქვეყნების პარალელურად, გუშინ რუსეთმაც გამოთქვა დახმარების სურვილი...

- რასაკვირველია, რუსეთის დახმარება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ, მითუმეტეს მაშინ, როცა სტიქიის ზონა ემთხვევა წლების წინ, მათ მიერ განადგურებულ ადგილს.

ჩემი აზრით, რუსეთის მხრიდან ამგვარი შემოთავაზება საერთოდ ამორალური იყო, მით უფრო ამორალური იქნებოდა მათი დახმარების მიღება.

იხილეთ ფოტოგალერეა

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)