"თუ ვინმეს უნდოდა ხელისუფლების სისუსტის ჩვენება, ეს ოპოზიცია იყო"
28-08-2017
"თუ ვინმეს უნდოდა ხელისუფლების სისუსტის ჩვენება, ეს ოპოზიცია იყო"
"თუ ორგანიზატორი ორიენტირებული იყო ხელისუფლების დისკრედიტაციასა და საქართველოს ეკონომიკის განადგურებაზე, მაშინ ეს ნაწილობრივ მოახერხა"

მამუკა არეშიძე, ექსპერტი:

- რთული სათქმელია, დივერსიული აქტი მოაწყვეს თუ არა, თუმცა, სანამ ამას გამოძიება დაადგენს, დივერსიის ნიშნები ნამდვილად არის. გარდა იმისა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთდროულად გაჩნდა ხანძარი, ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალშიც ცეცხლი სხვადასხვა ადგილას მოედო, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ კერა ხელოვნურად გაჩნდა.

- თქვენი აზრით, ვის ინტერესში იყო დივერსიული აქტი და რატომ?

- იოლად შეგვიძლია ხელი
რუსეთისკენ გავიშვიროთ, მაგრამ თან შეკითხვა დავსვათ: ვინ რა შედეგი მიიღო დივერსიით? თუ ორგანიზატორი ორიენტირებული იყო ხელისუფლების დისკრედიტაციასა და საქართველოს ეკონომიკის განადგურებაზე, მაშინ ეს ნაწილობრივ მოახერხა, მაგრამ რუსეთს საქართველოზე ზეწოლის იმდენი ბერკეტი აქვს, ხანძრების სერია რაში სჭირდებოდა?! არ გამოვრიცხავ, ოპოზიციური პარტიების ინტერესებთანაც გვქონდეს საქმე, რომლებსაც წინასაარჩევნოდ
დაძაბული ფონის შექმნა აწყობთ - თუ ვინმეს უნდოდა ხელისუფლების სისუსტის ჩვენება, ეს ოპოზიცია იყო.

- ყოფილ ხელისუფლებას გულისხმობთ?

- არ დავაკონკრეტებ, ისედაც ნათელია ყველაფერი. თუმცა, ჩემი აზრით, რუსეთია თუ ოპოზიციური პარტია, დივერსიის მომწყობმა მიზანს სრულფასოვნად მაინც ვერ მიაღწია - ხელისუფლების ასპროცენტიანი დისკრედიტაცია ვერ მოხერხდა. საზოგადოება მიხვდა, რომ ხანძრების სერია დიდი ალბათობით ხელოვნურად გაჩნდა, რადგან რამდენიმე ლოკაციას ერთდროულად ეკიდა ცეცხლი, ხელისუფლება კი, ბუნებრივია, ასეთ მასშტაბებს ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ გასწვდებოდა. მეტიც, ბევრს ხელისუფლებისადმი სოლიდარობის განცდაც კი გაუჩნდა. კიდევ შეიძლება არაერთი ასეთი სტიქიური უბედურება თავს დაგვატყდეს, ამიტომ როგორც ინტელექტუალური, ისე ტექნიკური რესურსების მაქსიმალური მობილიზებაა აუცილებელი.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით