"ცეცხლი პარალელურად მძვინვარებდა ბორჯომში, ატენსა და დუშეთში, ანუ ზუსტად იქ, სადაც ცეცხლი 2008 წლის აგვისტოსაც გაჩნდა"
28-08-2017
"ცეცხლი პარალელურად მძვინვარებდა ბორჯომში, ატენსა და დუშეთში, ანუ ზუსტად იქ, სადაც ცეცხლი 2008 წლის აგვისტოსაც გაჩნდა"
"მიზანი მიღწეულია - გადახედეთ სოციალურ ქსელებს და საზოგადოების ნეგატიურ განწყობას ხელისუფლების მიმართ. ამას ნეგატიური ეკონომიკური შედეგი ექნება, ბორჯომში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება"

ეროვნული და კორპორაციული­ უსაფრთხოების სასწავლო კვლე­ვი­თი ცენტრის დირექტორი დავით კუხალაშვილი დივერსიის მცდელობას ყველაზე რეალურად მიიჩნევს:

- ხანძრის სერიებზე რამდენიმე ვერსია მაქვს, თუმცა, ყველაზე რეალურად ცეცხლის კერების მიზანმიმართულად გაჩენა მიმაჩნია. ეს ხელს აძლევს ყველა იმ სახელმწიფოს, რომლებიც დაინტერესებული არიან ქვეყანაში დესტაბილიზაციით. საზოგადოდ, სპეცსამსახურები ხანძრების სერიას გეგმავენ მაშინ, როდესაც ობიექტ
სახელმწიფოში სახანძრო უსაფრთხოების სისტემას შეისწავლიან - ანუ, თუ ვემხრობით ვერსიას, რომ დივერსია კონკრეტულ სახელმწიფოში დაიგეგმა, იქ კარგად იცოდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ხანძრების სერიას მოუმზადებელი შეხვდებოდა. განვითარებული მოვლენებიც ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ამ მასშტაბის ხანძრების ლოკალიზებისთვის მზად არ აღმოჩნდა. სხვა შედეგის მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, რადგან ბოლო
26 წელია საქართველოში სახანძრო უსაფრთხოებას ყურადღებას არავინ აქცევს. არაფერს ვამბობ ტექნიკურ აღჭურვილობაზე - ერთის გარდა, ვერტმფრენი ჩვენ არა გვყავს და სახანძრო მანქანების უმრავლესობაც ძველი და ამორტიზებულია. ამ დროს კი კრიზისების მართვის საბჭოს, რომელიც, ფაქტობრივად, საჭირო დროს უფუნქციო და უუნარო აღმოჩნდა, სოლიდურ ხელფასებს ვუხდით.

- გარდა ხანძრის რამდენიმე ლოკაციისა, კიდევ რა გაძლევთ დივერსიის ვერსიის განვითარების საფუძველს?
- თუ მოქმედებების ჯაჭვს დავაკვირდებით, დიდი ალბათობით უკვე რამდენიმე დღეა ქვეყანაში სწორედ სადაზვერვო-დივერსიულ ხანძარს ვუყურებთ. ფაქტობრივად, საქართველოს ცეცხლი `გაუხსნეს~. ხანძარი იყო გაფრთხილება, რომ ვიღაცას მარტივად შეუძლია საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენა და მოქალაქეებისთვის განცდის გაჩენა, რომ ხელისუფლება მათ დაცვას ვერ ახერხებს - ასეთი განწყობების მობილიზება კი, როგორც წესი, იმისთვის არის გათვლილი, რომ საჭიროების შემთხვევაში გარე პირმა კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივ რღვევასაც მიაღწიოს - ანუ უკმაყოფილება მასშტაბურ პროტესტში გადაზარდოს და არეულობის პროვოცირება სცადოს!

- ახლა კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებზე მიანიშნებთ თუ ისევ გარე სახელმწიფოს მიზნებზე?
- მე არც ერთ ვერსიას არ გამოვრიცხავ. არსებობს მეორე ვერსია - შესაძლებელია, ცოტა ხნის წინათ ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე ხეებს უკანონოდ ჭრიდნენ და კვალის წასაშლელად ვიღაცამ ხანძრის ინსპირირება სცადა. ხეტყეს კი არა, კვალის დაფარვის მიზნით სასაწყობე მეურნეობებს ანადგურებენ.
კიდევ ერთ ვერსიად დაუდევრობა შეგვიძლია ჩავთვალოთ - ვიღაცამ სიგარეტი გადააგდო ან ტყეში ისადილეს და კოცონის ნარჩენები კარგად არ ჩააქრეს. თუმცა, ეს ორი ვერსია არარეალურად მეჩვენება - ხანძარი ტყის ზედა ნაწილზე გაჩნდა, სადაც ადამიანები სასეირნოდ არ ადიან, თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხანძრის პირველი კერა უკვე ნახანძრალ ტერიტორიაზე გაჩნდა, ანუ ზუსტად იქ, სადაც 2008 წლის კვალი დღესაც თვალსაჩინოა - რუსეთის მიერ გაჩენილი ხანძრის დროს გადამწვარი ხეების ტერიტორიიდან გატანაზე არავის უზრუნია და ფერდობზე გამხმარი ხეები ეყარა. დივერსიის ვერსიას კიდევ ერთი ფაქტორი აძლიერებს - ბორჯომი ტურისტებით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადგილია, ამიტომ ვინც ხანძარი გააჩინა, ისიც გათვალა, რომ ამით ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეაფერხებდა. წარმოიდგინეთ, როდესაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქალაქე ისმენს, რომ ხანძრის ლიკვიდირება ერთი კვირის განმავლობაში ვერ ხერხდება, ესე იგი, ტერიტორია არ არის უსაფრთხო და მას საქართველოში ჩამოსვლის სურვილი უქრება. ესეც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გეგმაზე მიანიშნებს, ანუ დიდი ალბათობით, საქმეში ჩართული იყო ეკონომიკური დაზვერვა, რომლის მიზანი ტურიზმის განვითარებისთვის ხელის შეშლაც იყო.

- ანუ, თუ სხვა სახელმწიფოში, და დიდი ალბათობით, რუსეთს გულისხმობთ, დივერსია მართლაც დაიგეგმა, ფიქრობთ, შედეგებიდან გამომდინარე მიზანი მიღწეულია?

- მიზანი მიღწეულია - გადახედეთ სოციალურ ქსელებს და საზოგადოების ნეგატიურ განწყობას ხელისუფლების მიმართ. ამას ნეგატიური ეკონომიკური შედეგი ექნება, ბორჯომში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

- და ქართველ სპეცსამსახურებს მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მიზნების გაქარწყლების რესურსი არ გააჩნია? მით უმეტეს, ოპოზიცია აცხადებს, რომ რუსულ მედიასაშუალებებში ამაზე მინიშნებები იკვეთებოდა და რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების გათხრა შემთხვევითი არ არის.
- თუ ასეთი ინფორმაცია სახელმწიფოს ჰქონდა და მით უმეტეს, თუ რუსულ მედიასაშუალებებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამუშაოებს
დავაკვირდებოდით, ოპერატიული ანალიზის გაკეთება შესაძლებელი იყო. ქვეყანაში მობილიზება უნდა გამოცხადებულიყო, რომელშიც არა მხოლოდ პოლიცია ან უშიშროების სამსახური, თავდაცვის სისტემაც ჩაერთვებოდა.

- შსს-ს ორგანიზებით, ბორჯომის სასტუმროებში რამდენიმე ტურისტი შემოწმდა. ეს, ფაქტობრივად, მიანიშნებს, რომ გამოძიება დივერსიის ვერსიას დაადგა?
- თუ დავაკვირდებით ტურიზმის განვითარებას, ფეხითა და ველოსიპედით შემოსული ტურისტების რაოდენობა ჭარბობს, ამიტომ შემოსული საეჭვო პირების ოპერატიულად გაკონტროლება აუცილებელია, რათა განისაზღვროს რეალურად ტურისტი შემოდის, დივერსანტი თუ ტერორისტი. ზოგჯერ მგონია, რომ ქვეყანაში ანალიტიკური სისტემა საერთოდ მოშლილია, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ შეიძლება ამდენი პრობლემა ერთიანად იჩენდეს თავს.
გამოძიებისას სახელმწიფომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას უნდა მიაქციოს ყურადღება - ცეცხლი პარალელურად მძვინვარებდა ბორჯომში, ატენსა და დუშეთში, ანუ ზუსტად იქ, სადაც ცეცხლი 2008 წლის აგვისტოსაც გაჩნდა.

- ანუ, თუ რუსული კვალი რეალურია, ლოკაციებიც 2008 წლის ანალოგიურად შეირჩა?
- გამოძიებისას აუცილებელია დაინტერესება ზუსტად იმავე ტერიტორიაზე რატომ და რა მიზნით გაჩნდა ხანძარი. ასევე, გამოიკვეთონ კონკრეტული პირები, რომლებიც დივერსიული ქმედებების გამო ნასამართლევები იყვნენ და დღეს თავისუფალი არიან. სასურველია, გადამოწმდეს კონკრეტული ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც - იმყოფებოდა თუ არა იმ ტერიტორიაზე საეჭვო პირი ან ტრანზიტად ხომ არ გამოიყენა აღნიშნული გზა.
რაც შეეხება მიზნებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე წვრთნებიც საფრთხის შემცველია - 1921 წლის ანალოგია მახსენდება, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრებთან ჯარის თავმოყრა ანექსიის წინა პირობა გახდა. დღეს არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, ფაქტია, ყველაფერი ამ ჯაჭვის შემადგენელი რგოლებია და საკითხი კომპლექსურად უნდა გავაანალიზოთ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით