"საკუთარ თავს ხომ არ გამოუტანს ქალბატონი წულუკიანი ვერდიქტს?" - კვირის პალიტრა

"საკუთარ თავს ხომ არ გამოუტანს ქალბატონი წულუკიანი ვერდიქტს?"

"ნორმალურ სახელმწიფოში ორი უშედეგო არჩევნის შემდეგ, მინისტრი თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო"

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს კოალიციაში "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბოიკოტი გამოუცხადეს - ჩაფლავდებიან თუ არა იუსტიციის მინისტრის თავმჯდომარეობით არჩეული კანდიდატები სტრასბურგის სასამართლოში მესამედ, "კვირის პალიტრას"" უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ესაუბრება:

- არასამთავრობო ორგანიზაციებს კომისიის პირველივე საკონკურსო სხდომის შემდეგ უნდა გამოეცხადებინათ ბოიკოტი, რადგან მაშინვე ითქვა, რომ კომისიამ სამოქალაქო სექტორის შენიშვნები არ გაიზიარა და კანდიდატებად ისეთი პირები შეარჩია, რომლებიც მათთვის ობიექტური მიზეზებით აბსოლუტურად მიუღებელი იყო. მიუხედავად ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები მეორედაც ჩაერთვნენ კომისიის მუშაობაში, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ახლა

საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისია აბსოლუტურად არადემოკრატიული და გაუმჭვირვალეა.

იუსტიციის მინისტრი მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით რომ გამოირჩეოდეს, პირველივე დამარცხების შემდეგ კომისიის შემადგენლობას შეცვლიდა, თუმცა, როგორც ჩანს, კომისია მის სურვილებს ამტკიცებს და საკუთარ თავს ხომ არ გამოუტანს ქალბატონი წულუკიანი ვერდიქტს? არ მინდა, ის კეთილი რჩევებით მოვამარაგო, მაგრამ ახლა უკვე კომისიის შემადგენლობის შეცვლა აუცილებელია! წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის იმიჯის შელახვაზე კი არ იქნება ლაპარაკი, უბრალოდ, სასაცილოები გავხდებით, რომ სტრასბურგის სასამართლოში სამი კვალიფიციური მოსამართლის გაგზავნას ვერ ვახერხებთ, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კვალიფიციური იურისტი გვყავს.

- არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბოიკოტი ჯერ კიდევ გასულ თვეს გამოაცხადეს. თქვენი შეფასებით, რატომ არ მიიღო იუსტიციის მინისტრმა კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ კომისია სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გარეშე არ დარჩენილიყო?

- წულუკიანს ნამდვილად არ უნდოდა ობიექტური და კომპეტენტური კომისიის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატებად საკუთარ ძმაბიჭებსა თუ ახლობლებს არ შეარჩევდა. საერთოდ, ნორმალურ სახელმწიფოში ორი უშედეგო არჩევნის შემდეგ, მინისტრი თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო ან ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრს მიეღო, რადგან,

თუ მაღალი თანამდებობის პირი ელემენტარული კონკურსის ჩატარებას გამჭვირვალედ ვერ ახერხებს, უფრო სერიოზული ამოცანების გადაჭრა მისგან აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

სამწუხაროდ, ეს მთავრობა საკადრო პოლიტიკას არასერიოზულად უყურებს და ეს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესმაც გამოავლინა. ახლა კანდიდატებად საკონსტიტუციო და ასევე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თუ მოქმედი მოსამართლეები დასახელდნენ. წარმოიდგინეთ, როგორი სირცხვილი იქნება, რომ ასეთი მაღალი ლეგიტიმაციის სასამართლოების მოსამართლეებმა კონკურსი ვერ გაიარონ და სახელმწიფომ, რომელიც ევროსაბჭოს წევრია, მესამედაც უარი მიიღოს წარგზავნილი კანდიდატების დამტკიცებაზე. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ სირცხვილის შეგრძნებაც კი დაკარგა, თორემ ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელ მოსამართლეს, ნონა წოწორიას, ორი წლით ვადას არ გაუხანგრძლივებდნენ და არაკომპეტენტურ თეა წულუკიანს თანამდებობაზე არ დატოვებდნენ.

რუსუდან შელია