კახა კალაძე: "თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან თუ ალეკო ზალიკოსთან..." - კვირის პალიტრა

კახა კალაძე: "თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან თუ ალეკო ზალიკოსთან..."

"ქალაქის სხვადასხვა რაიონში 500-ზე მეტი "ხრუშჩოვკაა" და ისინი უნდა ჩანაცვლდეს არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით. ბევრმა ეს ისე გაიგო, თითქოს მერია აპირებდა ამის გაკეთებას, რაც არასწორია. მერიას საამისოდ არანაირი რესურსი არა აქვს"

"კვირის პალიტრა" განაგრძობს ინტერვიუებს თბილისის მერობის კანდიდატებთან. ამჯერად ჩვენი სტუმარია "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე. მოგეხსენებათ, მკითხველს აქვს შესაძლებლობა www.kvirispalitra.ge-ს საშუალებით მერობის მთავარ კანდიდატებს შეკითხვები დაუსვას. კახა კალაძეს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, თავდაპირველად ჩვენში გახშირებულ ხანძრებზე ვკითხეთ და დავინტერესდით, ისიც ხომ არ ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა დივერსიაა?

- დიდი დანაკარგი გვაქვს, განადგურდა უნიკალური ტყეების დიდი მასივები. რაც ამ ზაფხულს მოხდა, მგონი, არც ერთ წელიწადს არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით 2008 წლის ომის დროს გადამწვარ ტყეებს, რაც ნამდვილად აჩენს ეჭვს, რომ ეს შეიძლება იყოს დივერსიული მოქმედებების შედეგი. არ ვიცი, ვისი მხრიდან, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ...

- არსებობს ასეთი დოკუმენტი - საქართველოს მთავრობის 2017 წლის იანვრის დადგენილება #4, რომელშიც სხვა ბუნებრივ საფრთხეებთან ერთად, განხილულია სახანძრო უსაფრთხოების საკითხებიც, მათ შორის ტყეებთან დაკავშირებულიც, და გაწერილია საპრევენციო ღონისძიებებიც. თუმცა, როგორც ირკვევა, მათ გასატარებლად სახსრები ხელისუფლებამ ვერ გამონახა. როგორც ყოფილი ვიცე-პრემიერი, რას იტყვით, რატომ ვერ მოხერხდა ღონისძიების გატარება? დიდი ალბათობით, ასეთ მძიმე შედეგებს თავიდან ავიცილებდით.

- არა ვარ დარწმუნებული, შესაძლებელი იყო თუ არა პრევენცია. ჩვენ არ ვართ გამონაკლისი ქვეყანა, სადაც ხანძრები ხდება. მსოფლიოს თუ გადავხედავთ, ხშირია სტიქიური მოვლენები. პორტუგალიის ტრაგედიას გაგახსენებთ, როდესაც ძლიერ ხანძარს ტყეში მსხვერპლი მოჰყვა.

თუმცა, ვადასტურებ, რომ ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს სამუშაო. შექმნილმა ვითარებამ ბევრი რამ გამოააშკარავა, არც ტექნიკის, არც საჭირო აღჭურვილობის შესაძენად ფული არ უნდა დავზოგოთ.

- ერთ-ერთი საექსპერტო მოსაზრებით, თქვენთვის თბილისის მერობა გრძელვადიანი პოლიტიკური პერსპექტივის მხოლოდ ნაწილია...

- გულწრფელად ვამბობ, დღეს ჩემი მთავარი ამოცანაა, რეალურად შევცვალო არსებული ვითარება ქალაქში. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა... მჯერა, რომ ჩემს გუნდთან ერთად შევძლებ ამ პრობლემების მნიშვნელოვანწილად აღმოფხვრას. მიმაჩნია, რომ წარმატების მისაღწევად რწმენა, გააზრებული მიზანი, თუ საით მიდიხარ, და შრომა უმნიშვნელოვანესია. ამას წინათ ერთ ამბავს მოვყევი და ახლაც გავიმეორებ - როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, მაშინ მითხრეს, შენგან არაფერი გამოვაო და გამომიშვეს როგორც უნიჭო ფეხბურთელი. ეს პატარა ბიჭისთვის დიდი სტრესი იყო, მაგრამ იმავდროულად ამან უფრო გამაძლიერა, არ გავჩერდი და მივაღწიე იმას, რასაც მივაღწიე.

ეს რთული გზა იყო, უამრავი ბარიერის გადალახვა მომიხდა, გადავიტანე პირადი ტრაგედია, რაც მე და ჩემს ოჯახს შეგვემთხვა. აქაც ამ ტკივილზე მაღლა დავდექი. ჩემი ძმის ამბის შემდეგ ვიცოდი, მე თუ წავიქცეოდი, ჩემი ოჯახი, ჩემი მშობლები დაიღუპებოდნენ. ეს კარგად მქონდა გაცნობიერებული და გავუმკლავდი ძალიან დიდ ტკივილს.

ჩემი პოლიტიკაში შემოსვლა იმ ვითარებამ განაპირობა, რაც იმჟამად ქვეყანაში იყო, თუმცა, ეს არ ყოფილა სპონტანური გადაწყვეტილება, ძალიან ბევრს ვფიქრობდი.

- თბილისის მოსახლეობისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ქაოსური მშენებლობები იქცა. ამ საკითხზე ხშირად ლაპარაკობთ და ამბობთ, რომ მკაცრად უნდა განისაზღვროს სამშენებლო ნებართვების გაცემის პირობები.თუმცა, საკითხავია, რა ეშველება უკვე გაცემულ ნებართვებს? ან რა არის იმის მიზეზი, რომ იმ ხუთი წლის განმავლობაში, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, ამ სფეროს დარეგულირება ვერა და ვერ მოხერხდა?

- მართლაც რთული ვითარებაა. თბილისში დაახლოებით 7000 სამშენებლო ნებართვაა გაცემული, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპისა და ხარისხის, მაგრამ ეს მაინც ძალიან დიდი რიცხვია... კვადრატულ მეტრებში რომ გადავიყვანოთ, 6 მილიონზეა ლაპარაკი.

მთავარი, რაც გასაკეთებელია, ქალაქის გენერალური გეგმის მიღებაა, რომელზეც სწორედ ბოლო წლებში მიდიოდა მუშაობა და დღესაც მიმდინარეობს განხილვები. გენგეგმა მოგვცემს ქაოსური განაშენიანების პრობლემის მოგვარების საშუალებას.

უნდა გამკაცრდეს მშენებლობის სტანდარტები, აუცილებლად შემოსაღებია ვიზუალური სტანდარტიც.

- თბილისის კიდევ ერთი პრობლემა ავარიული სახლებია. თქვენ შეეხეთ "ხრუშჩოვკების" პრობლემას და განაცხადეთ, რომ ისინი ეტაპობრივად ჩანაცვლდება. ამ ინიციატივამ ბევრს აფიქრებინა, რომ ეს პოპულისტური დაპირებაა, რომლის შესრულება წარმოუდგენელია. იქნებ ციფრებით გველაპარაკა, თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი "ხრუშჩოვკის" დემონტაჟია საჭირო, რა პერიოდში, რა თანხები დასჭირდება დემონტაჟს და ახალი კორპუსების აშენებას?

- ქალაქის სხვადასხვა რაიონში 500-ზე მეტი "ხრუშჩოვკაა" და ისინი უნდა ჩანაცვლდეს არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით. ბევრმა ეს ისე გაიგო, თითქოს მერია აპირებდა ამის გაკეთებას. მერიას საამისოდ არანაირი რესურსი არა აქვს.

- მაშ, რაში მდგომარეობს მერიის როლი?

- ამ საქმეში მთავარია "ხრუშჩოვკებში" მობინადრე მოსახლეობა, რომელთაც უნდა შექმნან ამხანაგობები.

თუ ერთი კორპუსის მობინადრენი გაერთიანდებიან და შეთანხმდებიან, რომ შევიდეს ინვესტორი, სწორედ აქ ამოქმედდება მერიის პროექტი. როგორც ვიცი, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე უბანში - ვარკეთილში, საბურთალოზე, მოსახლეობა დაინტერესებულია.

- მოსახლეობის დაინტერესება გასაგებია, დეველოპერები თუ არიან დაინტერესებული?

- სურვილი არის, თუმცა, ეს ყველაფერი სამუშაო პროცესში გამოჩნდება. მთავარია, ახალი გენგეგმის ფარგლებში საამისოდ როგორი კოეფიციენტი გვექნება. ჩემი ხედვა ასეთია - ქალაქის ცენტრალურ უბნებში კოეფიციენტი არ უნდა გაიცეს. ახლა მორატორიუმია შემოღებული, მაგრამ, ჩემი აზრით, საერთოდ უნდა გავაუქმოთ ცენტრალურ უბნებში კოეფიციენტების გაცემა.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და პარკინგის საკითხიც თბილისელების ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემაა. "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლამდე აცხადებდა, რომ ხელშეკრულება "სითი პარკთან" გადაიხედებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა. როცა ამბობთ, რომ ამ სფეროს მენეჯმენტში სახელმწიფო უნდა მონაწილეობდეს, რას გულისხმობთ? რამდენ წელში შეიძლება განახლდეს სრულად დედაქალაქის ავტობუსების პარკი? რა ეშველება სამარშრუტო ტაქსების საკითხს, რომელიც ასევე რიგითი ქალაქელების დიდი პრობლემაა?

- გადახედვით კი გადაიხედა, თუმცა, ვერ მოხერხდა გასაუქმებლად ხელმოსაჭიდის ნახვა.

ხელშეკრულება, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაიდო, კაბალურია, ჩვენი ქალაქის საზიანოდ გაფორმებული. კიდევ ვეცდებით, გამოვნახოთ სამართლებრივი შესაძლებლობები ხელშეკრულების გასაუქმებლად. მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან არ მინდა, ეს ისევ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ.

პარკირების პრობლემას რომ გადავხედოთ, კერძო კომპანია არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ წერს ჯარიმებს, "სითი პარკს" კი ადმინისტრაციული ჯარიმების გამოწერის უფლება აქვს. ქალაქში რომ სატრანსპორტო მოძრაობა ასეთ მდგომარეობაშია, იმის ბრალიც არის, რომ პარკინგის სისტემა არ არის მოწესრიგებული. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რაც უფრო ნაკლები ადგილი იქნება პარკირების, მით უკეთესი ამ კერძო კომპანიისთვის - მივა, დააჯარიმებს არასწორად დაყენებულ მანქანას და თავისას გაინაღდებს. როგორც ვიცი, მერიას უკვე დაწყებული აქვს მუშაობა, არსებობს კვლევაც, თუ სად უნდა გაკეთდეს მიწისქვეშა პარკინგები, ჩემი მერობის შემთხვევაში ეს პროექტი და ამ მიმართულების სხვა პროექტებიც აუცილებლად განხორციელდება.

- თბილისში რამდენიმე ახალი ავტობუსი უკვე დადის, მაგრამ საინტერესოა, რამდენ ხანში განახლდება სრულად ავტობუსების პარკი?

- დიახ, 145 ავტობუსი შემოყვანილია, საჭიროა კიდევ 500 ან ცოტა მეტი. ჩვენ ამას ოთხი წლის განმავლობაში სრულად შევცვლით.

- ხომ არ იგეგმება მიკროავტობუსების ჩანაცვლებაც?

- ვითარებას ართულებს ის, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება 2031 წლამდეა გაფორმებული. ჩვენ ამ საკითხსაც იურიდიულ ჭრილში განვიხილავთ და ვნახავთ, რას შევძლებთ.

მოვითხოვთ კომპანიისგან, რომ ეს ძველი, აშკარად ამორტიზებული მიკროავტობუსები ახალი სატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდეს.

- რა შეიძლება ეშველოს საცობების პრობლემას ქალაქში, როგორია თქვენი გეგმა?

- ჩასატარებელია ფართომასშტაბიანი კვლევა, გამოსავლენია ქალაქის "შავი წერტილები", ანუ ის საგზაო მონაკვეთები, სადაც ძალიან ხშირია საცობები. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შედგეს პროექტები, თუ როგორ მოხერხდება ამ ქუჩების განტვირთვა.

- ამას წინათ გამოეხმაურეთ ხეების მოჭრის მორიგ ფაქტს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს პროცესი პერმანენტულად გრძელდებოდა, არაერთი ნარგავი შეეწირა მორიგ უსახურ ნაგებობებს და ამის შეჩერება ვერც თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოხერხდა, არადა, მილიონი ხის დარგვას გვპირდებოდით...

- ამგვარი ფაქტები უნდა შევისწავლოთ. მომავალში ნებისმიერ ინვესტორს პირობაში უნდა ჩავუდოთ, რომ მშენებლობისას ხეები არათუ მოჭრას, დარგოს. ასე უნდა მოხდეს "ხრუშჩოვკების" შემთხვევაშიც - ნებისმიერმა ინვესტორმა უნდა იცოდეს, რომ მშენებლობას ჯანსაღი ხეები არ შეეწიროს!

- როგორ აფასებთ დავით ნარმანიას მმართველობის პერიოდს? ფაქტობრივად, ის, რასაც დღეს თქვენ ჰპირდებით თბილისელებს, ოთხი წლის წინ მისი დაპირებების ნუსხაშიც იყო. ფაქტია, ბევრი რამ ვერ შესრულდა. როგორ ფიქრობთ, რატომ? ამას გეკითხებით როგორც ყოფილ ვიცე-პრემიერსაც.

- დავით ნარმანიას საქმიანობის შეფასება ჩემგან არასწორი იქნება, რადგან მე მერობის კანდიდატი ვარ. ვფიქრობ, ქალაქში ბოლო წლებში ბევრი კარგი რამ გაკეთდა, თუმცა, ეს არ არის საკმარისი, ქალაქი ვითარდება და უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, თითქოს მე ჯადოსნური ჯოხი მაქვს და ყველაფერს უცებ მოვაგვარებ. ეს შეუძლებელია.

ვერც ერთი ადამიანი ვერ მოახერხებს, ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს თბილისს და თბილისელებს აქვთ, ოთხი წლის განმავლობაში გადაწყვიტოს.

- წლების წინ ბიზნესში თქვენი საქმიანობის გათვალისწინებით, როდესაც თქვენი ბიზნესინტერესები რამდენიმე სფეროს მოიცავდა, მათ შორის, სამშენებლოსაც, ჩნდება ეჭვი, რომ თუკი მერი გახდებით, კვლავაც ხომ არ იმოქმედებთ ამ ინტერესებით?

- მე მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში რა შემოსავალიც მქონდა, მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემს ქვეყანაში დამებანდებინა. არადა, ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარად იყო ხოლმე - აქ იპარავდნენ და საზღვარგარეთ გაჰქონდათ. აბა, სად უნდა მეკეთებინა ბიზნესი, თუ არა საქართველოში?! ბიზნესი არ იყო დიდი, მაგრამ იყო გამართული და მომგებიანი. თუმცა, 2012 წელს, როცა პოლიტიკაში მოვედი, ყველაფერი გავასხვისე, გავყიდე. ერთადერთი, რაც დამრჩა, არის ქობულეთში სასტუმრო, რომელსაც ვერ ვაქცევ ყურადღებას. სამშენებლო ბიზნესს რაც შეეხება, არასდროს მქონია. როდესაც მინისტრად დავინიშნე, აღმოჩნდა, რომ მქონია წილი კომპანია""ჰიდრომშენში" (მგონი, სწორად მახსოვს სახელი), რომელიც არც მუშაობდა და ისიც კანონის ფარგლებში გავასხვისე.

- ანუ ამტკიცებთ, რომ საქართველოში ბიზნესწილების მფლობელი არა ხართ?

- დიახ, ასეა. რაც მაქვს, ყველაფერი ასახულია დეკლარაციაში.

- ბოლო კვლევების მიხედვით, თბილისის მერის გამოსავლენად მეორე ტური იქნება საჭირო. NDI-ს მონაცემებით, მეორე ტურში გასვლის ყველაზე დიდი შანსი თქვენ და ალეკო ელისაშვილს გაქვთ.

- NDI-ს კვლევებთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს. 2012 წლიდან მოყოლებული მათი კვლევების შედეგები საერთოდ არ ემთხვევა რეალობას.

მეორე ტურიც რომ გაიმართოს, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ესეც დემოკრატიის თანმდევია.

- რადგან ალეკო ელისაშვილი ვახსენეთ, უნდა გკითხოთ, რას ფიქრობთ ბოლო დროს მის საწინააღმდეგო აშკარად შავ პიარზე, რასაც ის და მისი მხარდამჭერები ხელისუფლების ნახელავად მიიჩნევენ?

- როგორც წავიკითხე, ამის დამადასტურებელი არანაირი ფაქტი არა აქვს. ისიც ამძაფრებს ეჭვებს, რომ ის მაინცდამაინც ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს მაშინ, როდესაც ედავებიან, რომ თვითონ არის გარიგებული "ნაციონალურ მოძრაობასთან".

ხელმოწერების შეგროვება დასჭირდა და პირველი, ვინც დახმარება შესთავაზა,"ნაცმოძრაობა" იყო. რურუა საერთოდ ელისაშვილის შტაბში მისულა ხელმოსაწერად.

თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან თუ ალეკო ზალიკოსთან... მე მაგისთვის არ მცალია, უამრავი პრობლემაა ქალაქში.

ნათია დოლიძე