"ქართულ ოცნებას" ორი გზა აქვს..." - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებას" ორი გზა აქვს..."

"ოპოზიციის მთავარი მიზანი, ნებისმიერ ვითარებაში, დიალოგზე უარი და კონსენსუსის ჩაშლა იყო"

საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი საბოლოოდ ჩაიშალა - ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს გადაწყვეტილებით, 6 სექტემბერს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული შეხვედრაც გაუქმდა. რატომ არ გაითვალისწინა საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, კითხვებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პასუხობს:

- როგორ უნდა შემდგარიყო კონსენსუსი, ოპოზიციისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ, შესაბამისად, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დიალოგის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. თავიდანვე ვამბობდით და მეტიც, დღესაც მზად ვართ, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან დიალოგი გავაგრძელოთ და კონსენსუსსაც მივაღწიოთ, თუმცა, ფაქტია, ამის სურვილი მეორე მხარეს არა აქვს და ეს თავიდანვე გასაგები იყო - ოპოზიციის მთავარი მიზანი, ნებისმიერ ვითარებაში, დიალოგზე უარი და კონსენსუსის ჩაშლა იყო.

- საპარლამენტო უმრავლესობამ რა დათმო, რომ ოპოზიციასთან დიალოგისთვის მიეღწია? ორ მთავარ მოთხოვნაზე პრინციპული უარი განაცხადეთ, ამ პირობებში კონსენსუსისთვის მზაობაზე საუბარი გამართლებულია?

- საკონსტიტუციო ცვლილებებზე სახალხო ჩართულობა თავიდანვე სწორედ იმისთვის უზრუნველვყავით, რომ ყველა შესაძლო ვარიანტი განგვეხილა და საუკეთესო კონსტიტუცია მიგვეღო. ასეც ვიმოქმედეთ და საბოლოოდ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს კარგი კონსტიტუცია გვაქვს. რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნებოდა, კონსენსუსი უფრო ფართო ყოფილიყო, მაგრამ რადგან ვერ მოხერხდა, არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციის კარგ ტექსტზე უარი უნდა ვთქვათ. უახლოეს სესიაზე პარლამენტში კონსტიტუციის საბოლოო ცვლილებებს კენჭს ვუყრით და ვფიქრობ, ქვეყნისთვის ისეთ საკონსტიტუციო რედაქციას მივიღებთ, როგორიც აუცილებელია დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.

შალვა შავგულიძე, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი: - კონსენსუსის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ "ქართულ ოცნებას" ეკისრება, რადგან არა მხოლოდ ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები, ვენეციის კომისიაც მოატყუა. საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობა თავად მმართველმა გუნდმა შემოგვთავაზა პროპორციული სისტემის ფარგლებში. ნახევარი წელი ვნერვიულობდით, ვმუშაობდით ამ ფორმის ცვლილებებზე, საყოველთაო-სახალხო განხილვაც პროპორციულ სისტემაზე მიმდინარეობდა, ვენეციის კომისიაც ჩაერთო და საკუთარი რეკომენდაციები შემოგვთავაზა. თუმცა, ერთ დღესაც, სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, "ქართულმა ოცნებამ" შეთანხმება შეცვალა და წარმოგვიდგინა ცვლილებების ახალი რედაქცია, რომელიც რეალურად არსებული საარჩევნო სისტემის ძალაში დატოვებას გულისხმობს; ანუ თითქოს იცვლება სისტემა, მაგრამ რეალურად არც არაფერია მასში ახალი. იმის გამო, რომ მმართველმა გუნდმა მოგვატყუა, პრინციპულად დავაყენეთ საკითხი, რომ დიალოგს დავიწყებთ, თუ იმ პოზიციაში დავბრუნდებით, რაზეც ნახევარი წლის განმავლობაში ვმუშაობდით, თუმცა ხელისუფლებამ უარი გამოგვიცხადა. ამაზე საერთაშორისო გამოხმაურებამაც არ დააყოვნა - ბუკიკიომ განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია, რაც დიპლომატიაში საკმაოდ მძიმე შეფასებას ნიშნავს. შესაბამისად, "ქართულ ოცნებას" ორი გზა აქვს - კონსტიტუციური უმრავლესობით ერთპიროვნულად მიიღოს ყველასგან უარყოფილი ცვლილებები და პასუხისმგებლობა სრულად აიღოს, ან ოპოზიციასა და არასამთავრობო სპექტრთან ერთხელ უკვე შეთანხმებულ ტექსტზე მსჯელობა განაახლოს.

რუსუდან შელია