"ვინც სახელისუფლო პარტიას ფულს სწირავს, გარკვეული "გარყვნილი" კორუფციული ლოგიკით ხელმძღვანელობს" - კვირის პალიტრა

"ვინც სახელისუფლო პარტიას ფულს სწირავს, გარკვეული "გარყვნილი" კორუფციული ლოგიკით ხელმძღვანელობს"

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური პარტიების აგვისტოს შემოწირულებებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა. თანხის უმეტესობა მმართველ პარტიაზე მოდის. აგვისტოს თვეში შემოწირულობებმა სულ 4 869 215 ლარი შეადგინა, საიდანაც "ქართულმა ოცნებამ" 4 555 993 ლარი მიიღო.

"ოცნების" შემდეგ ყველაზე მეტი შემოწირულობა "ევროპულ საქართველოს" ერიცხება, რომელმაც 287 439 ლარი მიიღო. 9 769 ლარი შეადგინა ალექსანდრე ელისაშვილის ფონდის შემოწირულობამ. ხოლო "ნაციონალური მოძრაობამ" სულ რაღაც 5 330 ლარი მიიღო.

შეიძლება ითქვას, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრებულია ტენდეცია, რომ მმართველი პარტია ოპოზიციის პარტიებთან შედარებით ყოველთვის გაცილებით მეტ დაფინანსებას იღებს. როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი kvirispalitra.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ის ვინც ფულს პარტიებს სწირავს პოლიტიკური შეხედულებებით კი არ მოქმედებენ, არამედ გარკვეული გარყვნილი კორუფციული ლოგიკით ხელმძღვანელობენ.

გია ხუხაშვილი:

- სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება. ფული ვისაც აქვს, მიაჩნია, რომ ხელისუფლებას უნდა შესწიროს. ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ პოლიტიკური შეხედულებებით კი არა, გარკვეული გარყვნილი კორუფციული ლოგიკით ხელმძღვანელობენ. მათ მიაჩნიათ, რომ ფული ხელისუფლებაში უნდა მიიტანონ, ამით მინიმუმ ხელშეუხებლობას ყიდულობენ და მაქსიმუმ ტენდერს მოიგებენ. ეს არის ის მახინჯი ლოგიკა, რომლითაც საქართველოში პარტიული სალაროები ივსება.

- ფაქტია, რომ ის, ვინც თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობას"აფინანსებდა, დღეს სწორედ უკვე "ქართულ ოცნებას" აფინანსებს?

- რა თქმა უნდა, იგივე ხალხია. მაშინ ვინც ხელისუფლებას ხარკს უხდიდა, ახლაც იგივე ხალხი უხდის, იმიტომ რომ იგივე ხალხს აქვს ფული. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთელი ბიზნესი და ფულიანი ადამიანები ხელისუფლების სალაროსთან რიგში დგებიან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავის დროზე მიშა სააკაშვილის სალაროსთან იდგნენ და ახლა "ქართული ოცნების" რიგში დგანან. სხვა მოვა და მის რიგში ჩადგებიან. ეს ერთადერთ რამეზე მეტყველებს, ჩვენ, ფაქტობრივად, არათუ ევროპულ დემოკრატიაზე არ ვლაპარაკობთ, არამედ ძალიან პრობლემურია პოლიტიკური კონკურენციის უზრუნველყოფა.

სიახლე არ არის, ძველი ისტორიაა და სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება, სააკაშვილის ხელისუფლებას სულ უფრო და უფრო ემსგავსება.

- "ევროპულმა საქართველომ", რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" განაყოფია, მასზე შედარებით მეტი შემოწირულობა მიიღო. რამ განაპირობა ეს?

- "ევროპული საქართველოს" შედარებით მეტი შემოსავალი ალბათ იმით არის განპირობებული, რომ ხელისულების მხრიდან ამ პარტიის მიმართ გარკვეული ხელოვნური"ლოიალობა" იგრძნობა. თუ გახსოვთ, წინა ხელისუფლების დროსაც იყო ასეთი ოპოზიციური პარტიები, რომელსაც შედარებით მეტი შემოწირულობა ჰქონდათ.

იმისათვის, რომ ძალაუფლებაში დარჩე, მთავარია აკონტროლებდე ორ რაღაცას - პრესას და ფინანსებს. სააკაშვილის დროს ფინანსური ნაკადების კონტროლი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, ახლა ამ ხელისუფლების მთავარი ამოცანაც ესაა.

ასე ცინიკურად უყურებენ ცხოვრებას. არჩევნებს იგებს არა იდეები, არამედ ფული, თუ ფული იქნება მთლიანად ჩემთან, მაშინ ამით მე მექნება დიდი უპირატესობა. ესაა ლოგიკა.

- ასეთი მიდგომით ქვეყანაში როგორი პოლიტიკურ გარემო იქმნება?

- ჩვენთან კონკურეტული პოლიტიკური გარემო არ არსებობს და სამწუხაროდ ჯერ არ ჩანს როდიდან შეიძლება გამოჩნდეს. მერამდენე იმედგაცრუებაა. ამ ხელისუფლებაში მოყვანაში მეც გარკვეული პასუხისმგებლობა მაკისრია. მქონდა იმედები, რომ ჩვენ მაინც რაღაცას შევცვლიდით, თუმცა სისტემა ინერციულია. სისტემამ გარყვნა და მძევლად აიყვანა მათ შორის ძალიან წესიერი ადამიანებიც. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ძალაუფლება ადამიანს რყვნის.

ლიკა ამირაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)