"მაფიასთან ბრძოლა მხოლოდ ჩემნაირ პრინციპულ პოლიტიკოსს შეუძლია" - კვირის პალიტრა

"მაფიასთან ბრძოლა მხოლოდ ჩემნაირ პრინციპულ პოლიტიკოსს შეუძლია"

"თავის დროზე მე გიჟსა და რუსეთის აგენტს მეძახდნენ. თვითონ არ არიან რუსეთის აგენტები, მიშას რომ გაემიჯნენ?"

თბილისის მერობის ყველაზე პრინციპულ კანდიდატად მიიჩნევს თავს "თავისუფალი საქართველოსა" და "დემოკრატიული მოძრაობის" ერთობლივი წარმომადგენელი კახა კუკავა, რომელსაც თბილისელ ამომრჩეველთან ორი მთავარი სათხოვარი აქვს:

- თბილისელებს ვთხოვ, სანამ ვინმეს აირჩევენ, მათი ფავორიტი ორი წუთით მერის თანამდებობაზე წარმოიდგინონ და ამასთან, მათი საარჩევნო პროგრამების სამი გვერდი მაინც გადაიკითხონ. ნუ წამოვეგებით იმას, ვინ უფრო ხმამაღალი დაპირებებით გვკვებავს. მთავარია, ამომრჩეველმა სწორად გააანალიზოს, მყვირალა კანდიდატისგან რეალურად რას მიიღებს.

- თქვენგან რას მიიღებს ამომრჩეველი?

- თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ერთადერთი პრინციპული პოლიტიკოსი ვარ, რომელმაც ჯერ კიდევ 2004 წელს, როდესაც ვერავინ ბედავდა სააკაშვილის წინააღმდეგ ხმის ამოღებას, განვაცხადე, რომ ტოტალიტარული რეჟიმი მკვიდრდებოდა. ელენე ხოშტარიასა და გიგა ბოკერიას ამის გასაცნობიერებლად 12 წელი დასჭირდათ, არადა, თავის დროზე მე გიჟსა და რუსეთის აგენტს მეძახდნენ. თვითონ არ არიან რუსეთის აგენტები, მიშას რომ გაემიჯნენ? 2013 წელსაც მე ვამხილე ივანიშვილი ოლიგარქიული მმართველობის დამკვიდრებაში. სად იყვნენ მაშინ ჩემი კონკურენტები? არამხოლოდ ივანიშვილის, ნარმანიას წინააღმდეგ ხმის ამოღებასაც კი ერიდებოდნენ.

- "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" შექმნის დღიდან ლაპარაკობს ოლიგარქიულ მმართველობაზე, თუმცა თქვენი პოლიტიკური ბექგრაუნდიდან მხოლოდ განცხადებები ამომრჩევლისთვის საკმარისი იქნება? ვერც თქვენმა და ვერც ნინო ბურჯანაძის პარტიამ ბოლო არჩევნებზე 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი ვერ შეძლო.

- მშენებლობისა და ტრანსპორტის მაფიასთან ბრძოლა მხოლოდ ჩემნაირ პრინციპულ პოლიტიკოსს შეუძლია. აქ საქმე იმ ჯგუფთან დაპირისპირებას ეხება, რომელიც ასეულობით მილიონ ლარს კორუფციითა და გარიგებებით შოულობს. რაც შეეხება შანსს, კარგად მახსოვს, ნაძალადევის რაიონში ყველა მიწინასწარმეტყველებდა, ბოლო ადგილზე გახვალო, კვლევებშიც ყველა კანდიდატი ჩემზე უკეთეს პოზიციაზე იყო, თუმცა საბოლოოდ მეორე ადგილზე გავედი და 17%-იანი მხარდაჭერა მოვიპოვე. თანაც, არჩევნებამდე თვე-ნახევარია დარჩენილი, რაც ნიშნავს, რომ ჯერ თამაშის მხოლოდ პირველი ტაიმი ხურდება. დარწმუნებული ვარ, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევა, ამომრჩეველთან მისასვლელ ყველაზე ეფექტურ გზას სწორედ ჩვენ გამოვნახავთ.

- როგორ აპირებთ ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას?

- ხოშტარიას და სხვების მსგავსად, თბილისელების ნდობის მოპოვებას ცრუ სოციალური დაპირებებით არ ვგეგმავ.

ხოშტარიას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნის საპენსიო ფონდი თბილისის ბიუჯეტზე დიდია, შესაბამისად, მისი დაპირების შესრულებას დედაქალაქის ფინანსური რესურსი ვერ გასწვდება. ეს დაახლოებით ისეთი დაპირებაა, შარშან რომ ვისმენდით, პენსიონერებს პენსიას 700 ლარამდე გავუზრდითო.

ასეთი არარეალისტური დაპირებებით არასოდეს არავის მოვატყუებ, თუმცა ვგეგმავ მედიკამენტების ფასების შესწავლასა და მონოპოლიური გარემოსგან თავისუფალი აფთიაქების გახსნას, სადაც წამლები რეალურ ფასად გაიყიდება.

იცით, რომ საქართველოში პირველადი მოხმარების მედიკამენტები მეზობელ ქვეყნებთან შედარებით რამდენჯერმე ძვირი ღირს? ამის მიზეზი კი ის არის, რომ წამლებზე ფასებს მონოპოლიური კომპანიები განსაზღვრავენ. მე ხელს შევუწყობ თავისუფალი ობიექტების შექმნას, რაც პენსიონერებს მნიშვნელოვან ფინანსურ შეღავათს გაუწევს.

რუსუდან შელია