"დღეს საქართველოში ნომენკლატურული კაპიტალიზმია!" - კვირის პალიტრა

"დღეს საქართველოში ნომენკლატურული კაპიტალიზმია!"

2017 წლის აგვისტოში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიღებულმა შემოწირულებებმა 4.869.215.92 ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი შემოწირულება - 4.555.993.00 ლარი "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, მეორე ადგილზე 287.440 ლარით "ევროპული საქართველოა", დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი კი 9.770 ლარით მესამე პოზიციას იკავებს. აგვისტოში 7.000 ლარი მიიღო ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩმა", "ნაციონალური მოძრაობისთვის" შეწირული თანხა კი მხოლოდ 5.330 ლარია."

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, აუდიტის სახელმწიფო სამსახურში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და შემომწირველების გამოკითხვა იგეგმება. როგორც შევიტყვეთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის პარტიის ფინანსური მდგომარეობა საეჭვოა. ინფორმაციის შემოწმება სახელმწიფო აუდიტში ვცადეთ, თუმცა, როგორც მთავარი აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ლომჯარიამ განგვიმარტა, ამ საკითხზე მედიასთან კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებს და უახლოეს დღეებში პრესკონფერენციის გამართვას აპირებს. რატომ სწირავენ მილიონებს მმართველ პარტიას და რამდენად შესაძლებელია საარჩევნო კამპანიის მიზერული თანხებით წარმართვა? "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს:

- საარჩევნო შემოწირულობა, დიდი ხანია, მმართველი ძალის მიერ ხარკის აკრეფას ჰგავს.

ბიზნესმენების უმრავლესობა, რომლებსაც სოლიდური თანხა სააკაშვილის სალაროში შეჰქონდათ, ახლა ფულს "ქართულ ოცნებას" ურიცხავს. აგვისტოში სახელისუფლებო პარტიის შემომწირველთა შორის უმრავლესობა სწორედ ის ადამიანია, ვინც "ნაცმოძრაობას" წლების განმავლობაში აფინანსებდა. ნებისმიერი უცხოელი ექსპერტი გეტყვით, რომ დღეს საქართველოში კლასიკური ნომენკლატურული კაპიტალიზმია, ანუ ვითარება, როდესაც მმართველი ძალა ბიზნესის დირექტორია და მისი თანამშრომლები არიან ბიზნესმენები, რომლებიც მას ხარკს უხდიან და ფულის სხვაგან წაღებას ვერ ბედავენ. გარდა იმისა, რომ ასეთი ვითარება არაკონკურენტულ გარემოს ქმნის, კორუფციული საფრთხეც დიდია.

- ანუ, შესაძლოა, შესაწირი რეალურად ე.წ. ატკატიც კი იყოს კონკრეტული ბიზნესსარგებლის ლობირებისთვის?

- რა თქმა უნდა! ფულს არაფრისთვის არავინ იხდის. საარჩევნო შესაწირი იმისთვის მაინც არის აუცილებელი, რომ კონკრეტული ბიზნესისადმი ხელისუფლებას კეთილგანწყობა გაუჩნდეს.

უამრავი მაგალითია, როდესაც ამ გზით ბიზნესი ხელშეუხებლობისა და საბიუჯეტო ეკონომიკურ აქტივობებში საკუთარი წილის მოპოვებასაც ახერხებს. შესაწირით ბიზნესის დიდი ნაწილი ყიდულობს ბილეთს ტენდერებსა თუ სხვა მსხვილ საბიუჯეტო პროექტებში ჩასართავად.

ბიზნესმენები დანაშაულებრივ მეთოდებსაც არ ერიდებიან - როდესაც მათ უჩნდებათ ვალდებულება ხელისუფლების წინაშე და ეს ვალდებულება სცილდება შესაწირი თანხის კანონით განსაზღვრულ ოდენობას, ე.წ. ფინანსების გაყოფის მექანიზმი ირთვება: ნომინალური ადამიანების საშუალებით ბიზნესმენები მილიონებს ანაწევრებენ და მათი საშუალებით პარტიის ანგარიშზე რიცხავენ. თუნდაც აგვისტოს მონაცემები რომ გავაანალიზოთ, მასში აუცილებლად ვიპოვით სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებსაც შემოსავალი არ გააჩნიათ, მაგრამ რატომღაც მმართველ პარტიას 30-40 ათას ლარს სწირავენ. ამ მაქინაციებისას ჩნდება კითხვა: როდესაც პარტია ხელს აწერს ასეთი მეთოდებით სალაროს შევსებას და შავი ფულის ნაკადებით საზრდოობს, ის არჩევნების შემდეგ რატომ იტყვის უარს უფრო მასშტაბურ ფინანსურ კრიმინალზე?!

- ოპოზიციას რამდენად მიუწვდება ხელი შავ ფულზე და რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომელმაც მიანიშნა, რომ "ნაცმოძრაობისთვის" შეწირული მიზერული თანხა წინასაარჩევნოდ ბევრ კითხვას ბადებს?

- არ ვარ დარწმუნებული, რომ "ნაცმოძრაობა" საარჩევნო კამპანიას 5.000 ლარით წარმართავს. გასაგებია, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ფულის გადარიცხვა სახიფათოა და ბიზნესი ვერ ბედავს, ამ ოპოზიციურ პარტიას დაეხმაროს, რადგან სპეცსამსახურების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს - ფინანსური გადარიცხვების კონტროლი ხელისუფლებისთვის ყოველთვის მიმზიდველია, ითვლება, რომ თუ პარტიის ფულს აკონტროლებ, პოლიტიკური ძალაც გამოჭერილი გყავს - თუმცა

ვფიქრობ, შესაბამისმა უწყებებმა "ნაციონალური მოძრაობის" შავ ფულს ჯერჯერობით ვერ მიაგნეს ან მიაგნეს, მაგრამ კანონდარღვევად ვერ ჩათვალეს. ალბათ, საარჩევნოდ ხელისუფლება შეეცდება, ეს საკითხი ამოატივტივოს და "ნაციონალური მოძრაობის "შავ ფულზე" გაამახვილოს ყურადღება. მთავარია, ამაში წინამორბედს არ დაემსგავსონ და ისეთი უკონტროლო ვითარება არ მივიღოთ, როგორიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იყო.

ყველას გვახსოვს, შეთითხნილი გადაცდომის ბრალდებით ბიძინა ივანიშვილს ათეულობით ჯარიმას რომ უწერდნენ.

რუსუდან შელია