"იპოდრომის ტერიტორიას გამოვისყიდი..." - კვირის პალიტრა

"იპოდრომის ტერიტორიას გამოვისყიდი..."

სააკაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პოლიტიკოსია და ამაში ეჭვი დღეს ყველაზე მწვავე ოპონენტსაც არ ეპარება. რაც შეეხება მის გეგმებს, ის, ძირითადად, უკრაინას უკავშირდება, თუმცა, სააკაშვილის პოლიტიკური აქტიურობა საქართველოშიც ყოველთვის მნიშვნელოვანია. წინასაარჩევნოდ კონკრეტული სტრატეგია არ დაგვისახავს. როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, ისე მოიქცევა

თუ თბილისის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირებებს გადავავლებთ თვალს, ძირითადად, სოციალური დახმარების დაპირებებს აღმოვაჩენთ - ზოგი დედაქალაქის მოსახლეობას გაზრდილ პენსიას ჰპირდება, ზოგი კი სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებს - დამატებით ყოველთვიურ დახმარებას. ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო პროგრამაში ფინანსური დახმარება სტუდენტებისთვისაც არის განსაზღვრული. რა განწყობით ხვდება ამომრჩეველი გამოცდილი პარტიის ახალ პოლიტიკურ სახეს და როგორ აპირებს ის ხმების გაყალბების თავიდან აცილებას? "კვირის პალიტრის" კითხვებს "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი უპასუხებს:

- პროგრამა, რომელიც ამომრჩეველს წარვუდგინე, მოიცავს პრობლემებს, რაც დედაქალაქში დაგროვდა, თუმცა მისი მთავარი არსია, ყურადღება გავამახვილოთ არა იმაზე, რა სჭირდება თბილისს, არამედ იმაზე, რა აუცილებლობის წინაშე დგანან თბილისელები. რაც მთავარია, ჩემი პროგრამა არ არის გათვლილი ოცნებებზე - ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა. უპირველესად, კომპლექსურად ვიმუშავებ სოციალური მიმართულებით, რადგან მოქალაქეების ეკონომიკურმა მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

- ყოველი მესამე თბილისელი უმუშევარია, 170 ათასი ადამიანი სოციალურად დაუცველია და შემწეობას ითხოვს, 40 ათასი პირი კი უფასო სასადილოებში სადილობს. როცა ხალხი მშიერია, წარმოუდგენელია, წარმატებულ ქალაქზე ვილაპარაკო.

ბიუჯეტიდან ასი მილიონი ლარი სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება - ისინი ყოველთვიურად დამატებით 50 ლარს მიიღებენ. თანხის გამოყოფას ვგეგმავ სოციალურად დაუცველი წარჩინებული სტუდენტებისთვისაც, რომლებსაც განათლების საზღვარგარეთ მიღებაშიც დავეხმარები. სკოლებისთვის დამატებით გამოვყოფ 50 ათას ლარს, რომ სკოლის ადმინისტრაციამ თანხა პედაგოგებსა და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გაანაწილოს.

- თქვენი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებას სწორედ სოციალური მიმართულებით კოლოსალური თანხის ხარჯვის გამო აკრიტიკებდა, ახლა ამბობთ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას სოციალურ საკითხებს მიაქცევთ. წინააღმდეგობრივი პოზიცია წინასაარჩევნო გათვლას დავუკავშიროთ?

- ბუნებრივია, მთელი ბიუჯეტი სოციალურ პროგრამებს არ უნდა მოხმარდეს, თუმცა ბოლო წლებში ყველაფერი ისე გაუკუღმართდა, ამ მიმართულებით აქტიური მოქმედება აუცილებელია.

წარმოიდგინეთ, 7 ათას თბილისელს სოციალური დახმარება მხოლოდ იმის გამო მოუხსნეს, რომ სახლში პარკეტი ჰქონდა დაგებული ან სამზარეულოში ცარიელი მაცივარი ედგა. სოციალური მიმართულებით ფინანსების გამოყოფა საჭიროა, რომ მოსახლეობას საკვების ფული მაინც ჰქონდეს... საარჩევნო კამპანიისას რამდენიმე უფასო სასადილოს ვესტუმრე. საკვები არ ჰქვია იმას, რასაც მოსახლეობას სადილად სთავაზობენ. ამაზე პასუხისმგებლობა უპირველესად თბილისის მერიას ეკისრება, რომელიც მოქალაქის გამოკვებისთვის მხოლოდ ერთ ლარსა და 18 თეთრს იმეტებს. ჩემი პროგრამით, 50 მილიონს მხოლოდ სასადილოებში დავხარჯავ.

- დედაქალაქში უფასო სასადილოების რაოდენობის გაზრდა კვალიფიციურ დაპირებად გეჩვენებათ?

- 50 მილიონ ლარს უფასო სასადილოების რაოდენობის გასაზრდელად კი არ დავხარჯავ, რაციონის გასაუმჯობესებლად გამოვიყენებ. გარდა ამისა, ყველა შეხვედრაზე თბილისელები გაუსაძლის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ლაპარაკობენ და შვილებისთვის პარკებისა თუ მწვანე ზონის მოწყობას ითხოვენ. დღეს ევროპაში ყველაზე დაბინძურებულ ქალაქში ვცხოვრობთ, თუმცა

მას შემდეგ, რაც იპოდრომის ტერიტორიას გამოვისყიდი და ცენტრალურ პარკს გავაშენებ, ამასთან, ზოოპარკის ტერიტორიასა და ორთაჭალაში მოსასვენებელ ზონებს მოვაწყობთ, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება. პარალელურად, საცობების პრობლემის გადაჭრაზეც ვიმუშავებთ, რაც ეკოდაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია - საცობების განსატვირთად ზუსტად ვიცი, სად უნდა ავაგოთ ესტაკადები თუ გვირაბები.

- რამდენად მაღალია თქვენი გამარჯვების შანსი, თუ გავითვალისწინებთ, რომ "ნაცმოძრაობას" თბილისში გამარჯვების მოპოვება ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი უჭირდა? ამასთან, ბოლო კვლევების მიხედვით, ალეკო ელისაშვილს თქვენზე მაღალი რეიტინგი აქვს.

- NDI-ს კვლევა მაშინ დაიწყო, როდესაც ჯერ ოფიციალურ კანდიდატად წარდგენილი არ ვიყავი. უახლოეს მომავალში კიდევ გამოქვეყნდება კვლევები და სურათიც შეიცვლება. ყოველდღიურად დაახლოებით 200 ოჯახს ვხვდები და მათი კეთილგანწყობა მარწმუნებს გამარჯვებაში. ახლა მთავარია, ხელისუფლებას გაყალბების შესაძლებლობა არ მივცეთ, რისთვისაც გაყალბების საწინააღმდეგო შტაბი შევქმენით.

ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ, რომ დიღომში, იქ, სადაც სკვერია, ფურცლებზე შვიდი ფიქტიური კორპუსია მითითებული. წარმოგიდგენიათ, რამდენ ყალბ ამომრჩეველს დაარეგისტრირებს ამ არარსებულ კორპუსში "ქართული ოცნება"?

ინფორმაცია ცესკო-ს უკვე გავუგზავნეთ და რეაგირებას ველოდებით. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. ხელისუფლებას მსგავსი არაერთი მეთოდი აქვს.

- ასეთი მრავალმხრივი საარჩევნო კამპანიის ფონზე ხელისუფლებას გაუჩნდა კითხვა: მხოლოდ 5000-ლარიანი შემოწირულობით როგორ ახერხებთ, ყველაფერს გასწვდეთ?

- ფული არ გვაქვს. მოსახლეობასთან შეხვედრებისას საკუთარი ხარჯით დავდივარ, დანარჩენს კი სახელმწიფოსგან კანონიერად მიღებული ფულით ვაკეთებთ.

- წინასაარჩევნოდ კვლავ აქტიურდება სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხი. თუ გაქვთ განსაზღვრული, რა გავლენას მოახდენს მისი ფაქტორი არჩევნების შედეგებზე?

- სააკაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პოლიტიკოსია და ამაში ეჭვი დღეს ყველაზე მწვავე ოპონენტსაც არ ეპარება. რაც შეეხება მის გეგმებს, ის, ძირითადად, უკრაინას უკავშირდება, თუმცა, სააკაშვილის პოლიტიკური აქტიურობა საქართველოშიც ყოველთვის მნიშვნელოვანია. წინასაარჩევნოდ კონკრეტული სტრატეგია არ დაგვისახავს. როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, ისე მოიქცევა. ერთადერთი, რაც გუნდში ყველამ იცის, ის არის, რომ თბილისი და სრულიად საქართველო რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაბრუნოთ განვითარების რელსებზე, რადგან ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ.

რუსუდან შელია