"შევარდნაძეს არ ეშინოდა ჩემი ასე, როგორც პოროშენკოს ეშინია" - რას აცხადებენ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში? - კვირის პალიტრა

"შევარდნაძეს არ ეშინოდა ჩემი ასე, როგორც პოროშენკოს ეშინია" - რას აცხადებენ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში?

"გამორიცხულია, რომ დღესვე გამიტაცონ საქართველოში", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას. ის ამჟამად პოლონეთში იმყოფება და უკვე მიემართება.

კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვებ პუნქტისკენ, საიდანაც უკრაინაში შესვლას შეეცდება.

" რა თქმა უნდა ამ სცენარისთვის მზად ვარ, პოროშენკომ გამწარებისგან და შიშისგან შეიძლება ყველაფერი ჩაიდინოს, მაგრამ ეს გეგმა რომ ჰქონოდა, აქამდე გააკეთებდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს მისი ეშინია, რათა არ გადააყენოს ის ხელისუფლებიდან. "პოროშენკო რატომღაც თვლის, რომ მე თუ შევედი უკრაინაში, ის დაემხობა. ჩემზე ზედმეტი წარმოდგენა აქვს, როგორც ჩანს, მაგრამ ასე თვლის. ვინ ჩააგონა, ესეც არ ვიცი. შევარდნაძეს არ ეშინოდა ჩემი ასე, როგორც პოროშენკოს ეშინია. მე არანაირი გეგმა არ მაქვს არავის დამხობის. ჩემი გეგმაა ჩასვლა და ჩემი უფლებების სასამართლოში დაცვა. მაგრამ ვინაიდან ამდენი ათასი ადამიანი მოვიდა საზღვარზე, რომელიც ტრიალ მინდორშია, წარმომიდგენია, ქალაქში რომ ჩავაღწიო, რამდენი ადამიანი მოვა. როგორც ჩანს ამისი ეშინიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე ამას ბოროტად გამოვიყენებ. ჩემი ამოცანაა კანონი და კანონიერება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. ექსპრეზიდენტთან შესახვედრად პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში ჩავიდა პარტია "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო, რომლიც უკრაინის საზღვრისკენ მიშა სააკაშვილთან ერთად მემართება, მათთან ერთად არიან

ჟურნალისტები და სააკაშვილის სხვა მხარდამჭერები. ერთად

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ უკრაინაშიც, კოლონა ლვოვიდან "კრაკოვეცის" გამშვები პუნქტისკენ დაიძრა

როგორც მხარდამჭერებმა სააგენტო "რია ნოვოსტის" განუცხადეს, დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი შეძლებს საზღვრის გადაკვეთას და მანამ დარჩებიან საზღვარზე, ვიდრე მას უკრაინაში არ შეუშვებენ.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შეშვებას არ აპირებენ.

"დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე პასპორტი აქვს: შიდა პასპორტი და საზღვარგარეთის ორი პასპორტი. უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით, ეს პასპორტები გაუქმებულია. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს დავალება აქვს მიღებული, ჩამოართვას მას ეს პასპორტები. ანუ, ჩვენ ამ პასპორტებს ამოვიღებთ, გავაფორმებთ შესაბამის დოკუმენტებს და მას დავაბრუნებთ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საიდანაც მოვიდა", - განაცხადა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ვასილი სერვატიუკმა ტელეარხ 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში.