"არ გამოვრიცხავ მოსკოვისა და სააკაშვილის ინტერესების თანხვედრას" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ მოსკოვისა და სააკაშვილის ინტერესების თანხვედრას"

"თუ სააკაშვილი მართლაც დაჯდა საბრალდებო სკამზე და გამართლდა, ეს, შესაძლოა, ძალიან ცუდად შეუბრუნდეს მასაც და "ნაციონალურ მოძრაობასაც". არ არის გამორიცხული, საზოგადოების ნაწილის აღშფოთებისა და აგრესიის შეკავება ძალიან გაჭირდეს"

თბილისი ნებისმიერი მმართველისთვის შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური ტრამპლინიც და პოლიტიკური სამარეც...

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, დიდი სამზადისი არც საზოგადოებასა და არც პოლიტიკურ სპექტრში არ შეიმჩნევა. მეტიც - გასულ კვირას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მისი განცხადებები და 10 სექტემბრისთვის დაანონსებული უკრაინაში ჩასვლა უფრო საინტერესო აღმოჩნდა ქართული საინფორმაციო საშუალებებისთვის, ვიდრე მმართველი პარტიის მიერ სხვადასხვა რეგიონში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენა. ექსპრეზიდენტმა ახალი თამაშის წამოწყება სცადა. სწორედ ამის შეფასებით დავიწყეთ საუბარი ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

- აშკარაა, სააკაშვილის უკრაინაში შესვლის მცდელობის მთავარი მიზეზი აჟიოტაჟის ატეხა იყო, რაც ნაწილობრივ მოახერხა კიდეც, თუმცა, გამიჭირდება შეფასება, რამდენად მასშტაბურია უკრაინაში ამ ყველაფრის რეზონანსი... ერთი კი ცხადია - საქართველოში "რუსთავი 2"-მა ლამის რევოლუციური ფონი შექმნა, რაც ძალიან გადაჭარბებულია - იქ მსგავსი არაფერი ხდებოდა. სააკაშვილის განცხადება, თითქოს უკრაინის საზღვრის ქვეითად გადაკვეთა იმიტომ გადაიფიქრა, რომ პროვოკაციას მოერიდა, სასაცილოა, რადგან მისი ყველა მოქმედება უკიდურესად პროვოკაციულია. უკრაინის ხელისუფლებას კი პროვოკაციის მოწყობა რომ ეცადა, ამას მატარებლით მისი მგზავრობისასაც მოახერხებდა.

ვფიქრობ, მატარებლით წასვლა თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული, რადგან ასე პროცესში მეტი ადამიანის ჩართვას შეძლებდა.

უკრაინაში შეკრებილი სააკაშვილის მხარდამჭერები იმდენი ნამდვილად არ იყვნენ, რომ პოროშენკოს მთავრობას შეშინებოდა. მთავარია, უკრაინელებმა სააკშვილი მიიჩნიონ ჩაგრულად, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება - ამ ხმაურიანი ვოიაჟით სააკაშვილი სწორედ ამას გეგმავდა. დასკვნის გაკეთება რთულია, რადგან ჩვენი ინტერვიუს მსვლელობისას პროცესი ისევ გრძელდება...

სააკაშვილი განაგრძობს ავანტიურისტულ მოქმედებებს, ისევე როგორც აკეთებდა ამას საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის დროს. გავიხსენოთ თუნდაც 2008 წლის აგვისტო, რაც სხვა არაფერი იყო, თუ არა სააკაშვილის ავანტიურა, რასაც ქვეყნის მშვიდობა შესწირა.

განსხვავება ის არის, რომ იმჟამად ის ხელისუფლებაში იყო და ამ ავანტიურისთვის სახელმწიფო სტრუქტურები გამოიყენა... ის, ფაქტობრივად, რუსულ პროვოკაციას წამოეგო. დღევანდელ მის მოქმედებებს, მის პროვოკაციულ განცხადებებს განსხვავებული მიზანი აქვს და ემსახურება არეულობის პროვოცირებას, დესტაბილიზაციას როგორც უკრაინაში, ისე - საქართველოში. მისი საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ქვეყანაში ნამდვილად გაჩნდება დაძაბულობის კერა, ეს იქნება რეზონანსული და მძიმე პროცესი ქვეყნისთვის და უპირველესად - ხელისუფლებისთვის...

ისევ მივდივართ რუსულ ინტერესებამდე... დღეს არეულობის, დესტაბილიზაციის პროვოცირება უკრაინაშიც და საქართველოშიც მხოლოდ და მხოლოდ კრემლს აძლევს ხელს. ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ სააკაშვილს კავშირი აქვს რუსეთთან, თუმცა არ გამოვრიცხავ ოფიციალური მოსკოვისა და სააკაშვილის ინტერესების თანხვედრას. სააკაშვილს არასტაბილური გარემო პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება, რუსეთს კი სხვა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს.

სააკაშვილი სახელისუფლებო რესურსებს ვერ განაგებს, თუმცა აქვს გავლენა როგორც უკრაინელ, ასევე ქართველ საზოგადოებაზე და ამ გავლენით ცდილობს მანიპულირებას. არ ვიცი, სააკაშვილს რა ჰგონია, რა ილუზიები აქვს. დღეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის როგორც სააკაშვილი, ისე "ნაციონალური მოძრაობა" უფრო საფრთხეა, ვიდრე მხსნელი. როგორც ჩანს, სააკაშვილს იმედი მიეცა, რადგან "ქართული ოცნების" რეიტინგი ეცემა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობამ ყოფილი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება შეცვალა, პირიქით, შესაძლოა, ნეგატიური დამოკიდებულება გამძაფრდა კიდეც.

ბევრის აზრით, დღეს "ნაციონალური მოძრაობა" რომ ისევ პოლიტიკურ ასპარეზზეა, ეს მხოლოდ "ქართული ოცნების" დამსახურებაა, რასაც დიდ შეცდომად უთვლიან.

- თუ სააკაშვილი მართლაც აღმოჩნდება საქართველოში საბრალდებო სკამზე, როგორ ფიქრობთ, მოხერხდება, დაუმტკიცონ მას ყველა დანაშაული, რასაც ედავებიან? შეგახსენებთ, ზოგიერთი ყოფილი ჩინოსნის შემთხვევაში პროკურატურას ეს ძალიან გაუჭირდა. თუ ყოფილი პრეზიდენტი გამართლდა, გმირად ხომ არ იქცევა?

- სააკაშვილი საქართველოში გმირად ვეღარასდროს იქცევა. დარწმუნებული ვარ, რომ ის არჩევნების გზით და მოსახლეობის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლებაში ვეღარასდროს მოვა, ანუ ძალაუფლებას ლეგიტიმური გზით ვეღარასდროს დაიბრუნებს, თუმცა არეულობისა და დესტაბილიზაციის გზით, შესაძლოა, მოახერხოს. მაგრამ თუ ხელისუფლება კატასტროფულ შეცდომას არ დაუშვებს, მას ამის ბერკეტი ჯერჯერობით არ აქვს. ერთიც არის - თუ სააკაშვილი მართლაც დაჯდა საბრალდებო სკამზე და გამართლდა, ეს, შესაძლოა, ძალიან ცუდად შეუბრუნდეს მასაც და "ნაციონალურ მოძრაობასაც". არ არის გამორიცხული, საზოგადოების ნაწილის აღშფოთებისა და აგრესიის შეკავება ძალიან გაჭირდეს. თუ ხელისუფლებას რამე ჰქონდა დასამტკიცებელი, აქამდეც უნდა დაემტკიცებინა. სამწუხაროდ,""ოცნების" ხელისუფლებამ, სამართლებრივ მხარეს რომ თავი დავანებოთ, სააკაშვილის ხელისუფლების ცხრაწლიანი საქმიანობა პოლიტიკურადაც კი არ შეაფასა. ამას სჭირდებოდა ნება, რომ შექმნილიყო ჯგუფი, რომელიც შეისწავლიდა ხელისუფლებისა და არა ცალკეული პირების მოქმედებებს და დასკვნას, კრიტიკულ ანალიზს გამოაქვეყნებდა. ესეც კი არ გაკეთდა... არ გამოვრიცხავ, ჩვენს ხელისუფლებას სააკაშვილის საქართველოში თუნდაც ბრალდებულის სტატუსით ჩამოსვლა იმიტომაც არ უნდოდეს, რომ არ აქვთ მისი ბრალეულობის რეალური მტკიცებულებები.

- მართალია, საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ არსებითი ცვლილებების იმედი არა მხოლოდ ქართულ ოპოზიციას, ვენეციის კომისიასაც გადაეწურა. პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი საზოგადოებას უკვე მოულოცა "კარგი კონსტიტუციის მიღება".

- სამწუხაროდ, გაგრძელდა ის ნეგატიური ტრადიცია, რაც ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა - კონსტიტუციურ ცვლილებებს, ძირითადად, ახორციელებს ხელისუფლება და ცდილობს, ეს ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენოს.

შეგვიძლია ამ ახალ ცვლილებებში რამდენიმე კარგი გადაწყვეტილებაც გამოვარჩიოთ, მაგალითად, მთავრობისადმი ნდობისა თუ უნდობლობის გამოცხადების მექანიზმი უკეთესად არის ჩამოყალიბებული, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს...

სამწუხაროდ, ამ ცვლილებების მიუხედავად, რჩება სისტემა, რომელსაც რევოლუციურსაც კი დავარქმევდი, რადგან ის მშვიდ, ნორმალურ გარემოში ხელისუფლების ცვლილების შანსს, ფაქტობრივად, არ ტოვებს.

ამიტომაც წლების განმავლობაში ხელისუფლების შესაცვლელად აუცილებელი ხდებოდა რევოლუციური პროცესი. დემოკრატიულ ქვეყანას კონსტიტუცია სჭირდება, ძირითადად, ორი რამისთვის: პირველი - ჩამოაყალიბოს დემოკრატიული სახელმწიფო სტრუქტურები და მეორე - ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი მშვიდობიანად მოაგვაროს. თუ ვერც ერთს და ვერც მეორეს კონსტიტუცია ხელს ვერ უწყობს, ესე იგი ის ქვეყნის რეალობას არ მიესადაგება. სწორედ ეს ნაკლი აქვს ამჟამად მოქმედ კონსტიტუციას და ამ ცვლილებების მიღების შემდეგაც ექნება. შესაძლოა, კონსტიტუცია კარგია, მაგრამ ეს საქართველოს კონსტიტუცია არ არის!

ლოგიკური იყო, რომ ბოლოს ხელისუფლებამ უარი თქვა ვენეციაში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე, რადგან ყველაფერი ისედაც აქეთ მიჰყავდათ. ოპოზიციას რა უნდოდა, ხელისუფლებამ მანამდე იცოდა, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი დაიწყებოდა და ბოლოს ოპოზიციისგან ამ წინადადებების წერილობით მოთხოვნა და იმის მტკიცება, ვერ გავიგეთ, რა უნდა ოპოზიციასო, ცოტა არ იყოს, სასაცილო იყო.

ცინიზმია ისიც, რომ დღეს კონსტიტუციის დემოკრატიულობისთვის მებრძოლი ყველაზე გავლენიანი ძალები "ნაციონალური მოძრაობა" და მისი განაყოფი არიან, რომელთაც ეს კონსტიტუცია 2010 წელს მიიღეს ისევე ერთპარტიულად, როგორც დღეს აკეთებს""ოცნების" ხელისუფლება. 2010 წელს "ნაციონალებმა" არ იცოდნენ, როგორ კონსტიტუციას იღებდნენ?! ეს ყველაფერი ქართული პოლიტიკური ელიტის კრიზისის კულმინაციაა... პრობლემაა ისიც, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა სულაც არ მიიჩნევს, თითქოს კონსტიტუციით უნდა ვიცხოვროთ. ეს სამართლებრივი ნიჰილიზმი მემკვიდრეობით მოგვყვება. ამიტომაც ვერ იქცა ეს თემა ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგნად.

როდესაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით, ქართველი საზოგადოება მიიჩნევდა, რომ იმჟამინდელი კონსტიტუცია და კანონები მისი არ იყო და თუ მას გვერდს აუვლიდა, სწორედ ეს იქნებოდა ეროვნული და კეთილშობილური საქმე.... ეს სამართლებრივი ნიჰილიზმი ინერციით გაგრძელდა და აღარ დასრულდა, რადგან საზოგადოების სკეპტიციზმს უკვე ახალმა, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებებმაც შეუწყვეს ხელი.

ჩვენში ქუჩის საპროტესტო ტალღაზე მოდიან ხელისუფლებაში, თავდაპირველად იქმნება გარდამავალი მთავრობა, რამდენიმე წელში კი იწყება ხელისუფლების კრისტალიზაცია, რის შედეგადაც ვიღებთ ერთპარტიულ მმართველობას. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ისევ ქუჩამდე მიდის. ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში ეს ჯადოსნური ციკლი მეორდებოდა და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ისევ გამეორდება.

- სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური პარტიების აგვისტოს შემოწირულობებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა. თანხის უმეტესობა მმართველ პარტიაზე მოდის. აგვისტოში შემოწირულობებმა სულ 4 869 215 ლარი შეადგინა, საიდანაც "ქართულმა ოცნებამ" 4 555 993 ლარი მიიღო. "ოცნების" შემდეგ ყველაზე მეტი შემოწირულობა "ევროპულ საქართველოს" ერიცხება - 287 439 ლარი. 9 769 ლარია ალექსანდრე ელისაშვილის ფონდის შემოწირულობა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი მხოლოდ 5 330 ლარი მიიღო. შეიძლება ითქვას, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრდა ტენდენცია, რომ მმართველი პარტია ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით ყოველთვის მეტ დაფინანსებას იღებს. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

- მართალი ბრძანდებით. გაგახსენებთ, როცა "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში, მისი შემოწირულობა ყოველთვის რამდენჯერმე აღემატებოდა მთელი ოპოზიციის შემოწირულობას. ახლა "ქართული ოცნების" შემთხვევაშიც იმავეს ვხედავთ. საქმე ის არის, რომ სახელისუფლებო პარტია კი შეიცვალა, მაგრამ პოლიტიკური პროცესი და სახელმწიფო მართვის სისტემა არ შეცვლილა... ამიტომ შედეგიც ასეთი გვაქვს.

შეიძლება დღეს ბიზნესი ისე არ იზღუდება, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ფულიან ხალხს იარაღით აღარავინ ართმევს ქონებას, მაგრამ გავლენა და ხელისუფლებისადმი ბიზნესმენთა დამოკიდებულება კვლავაც ფრთხილია, ანუ ბიზნესს არ აქვს გარანტია, რომ თუ დამოუკიდებლად იმოქმედებს, დღეს თუ არა, ხვალ პრობლემები არ შეექმნება. ამიტომაც ამჯობინებენ, სარისკო ნაბიჯები არ გადადგან და ვინც ხელისუფლებაშია, იმას ემსახურონ. ბიზნესმენთა კიდევ ერთი ნაწილი უნდა გამოვყოთ, რომელიც შემოწირულობების სანაცვლოდ ტენდერებში იმარჯვებს, ახალ ბიზნესსაქმიანობას იწყებს და ა.შ. მოკლედ, ბიზნესი უფრო დაცულად გრძნობს თავს, როდესაც ხელისუფლების ორბიტაზე ტრიალებს და ამაში ხელისუფლებაც ხელს უწყობს.

ერთ-ერთი ფაქტორია ისიც, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არ არის ძალა, რომელსაც ბიზნესი თავისიანად თვლის...

- ამ ყველაფრის შედეგად კი ოპოზიცია არის ძალიან სუსტი და მომავალ არჩევნებზე "ქართული ოცნება" კვლავ უკონკურენტოა...

- გეთანხმებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მმართველი პარტია პირველივე ტურში ყველგან გაიმარჯვებს. ამ არჩევნებზე მისი მთავარი კონკურენტი ისევ "ნაციონალური მოძრაობა" იქნება თავის განაყოფით, რაც ჯერ კიდევ საფრთხობელაა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, თუმცა ვფიქრობ, ეს ბოლო არჩევნები იქნება, როცა "ქართული ოცნება" მეტ-ნაკლებად კიდევ მოახერხებს ყოფილი სახელისუფლებო ძალით ამომრჩევლის შეშინებას...

"ქართული ოცნება", ალბათ, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს. თუ ხელისუფლებამ ვერ შეძლო მმართველობითი სისტემის საფუძვლიანი რეორგანიზაცია, 2020 წლისთვის ძალიან გაუჭირდება, პროცესების სტაბილური განვითარება შეინარჩუნოს. ასე თუ გაგრძელდა, მისი რეიტინგი კატასტროფულად დაეცემა. ვფიქრობ, 2020 წლისთვის გამოიკვეთება რეალური ოპოზიციური ძალის კონტურებიც.

ქართული ოპოზიცია ახლაც უამრავ შეცდომას უშვებს. სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს ოპოზიციას არ ჰყავს თბილისის მერობის არც ერთი რეალური კანდიდატი. არც ერთ მათგანს საზოგადოება მხარს არ უჭერს, ისინი მხოლოდ პარტიული მხარდაჭერის ამარა არიან. ასეთ სიტუაციაში ოპოზიციის მიერ კანდიდატების დასახელება მხოლოდ პარტიული კეკლუცობის მაჩვენებელია. ოპოზიციას ეს ყველაფერი რომ გაეთვალა და მართლაც ეფიქრა რეალურ ბრძოლაზე, უნდა მოეხსნათ კანდიდატურები და ყველას ალეკო ელისაშვილისთვის დაეჭირა მხარი. ეს მომგებიანი იქნებოდა ოპოზიციური პარტიებისთვისაც და თბილისის მერობისთვის ბრძოლაც რეალური გახდებოდა. ელისაშვილმა სწორად თქვა, რომ მას პარტიების მხარდაჭერა არ სურდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ პარტიებს ასეთი ინიციატივა არ გამოეჩინათ.

- ამ ყველაფრის მიუხედავად, დღეს ყველაზე დიდ ინტრიგას სწორედ თბილისის მერის არჩევნები ინარჩუნებს. თქვენი აზრით, დედაქალაქში მეორე ტური გახდება საჭირო?

- ვეთანხმები ბოლო კვლევების შედეგებს და ვფიქრობ, რომ იქნება მეორე ტური, რომელშიც კალაძე და ელისაშვილი გავლენ, მაგრამ ჩვეულებრივ, არჩევნების მეორე ტურს იგებს ხელისუფლება. საქმე ის არის, რომ მასში ნაკლები ამომრჩეველი მონაწილეობს და ამ დროს ხელისუფლება უკეთ ახერხებს საკუთარი მხარდამჭერების, რესურსის მობილიზებას, ვიდრე ოპოზიცია.

ვფიქრობ, კალაძე გახდება თბილისის მერი. დღეს მას ალტერნატივა არ ჰყავს.

იმასაც ვიტყვი, რომ თბილისი ურთულესი ქალაქია, მისი მართვა ყოველთვის ჭირდა, კომუნისტების დროსაც კი. დღეს ყველაფერი უფრო გართულებულია, რადგან ეს არის ქალაქი-თავკომბალა, სადაც ძალიან ბევრი დიდი თუ პატარა ინტერესი კვეთს ერთმანეთს. შესაბამისად, უამრავი პრობლემაა, რომელთა გადაჭრისადმი ორგანიზებული მიდგომა ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე არ ყოფილა. ყველა ხელისუფალი ქალაქის განვითარებას თავიდან იწყებდა, რაც, რა თქმა უნდა, მეტ პრობლემას ქმნიდა. ამ პრობლემების მოგვარებას სჭირდება დიდი ფინანსური დახმარება, ორგანიზებულობა, მიზანსწრაფულობა და ა.შ.

სწორედ ამიტომ, თბილისი ნებისმიერი მმართველისთვის შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური ტრამპლინიც და პოლიტიკური სამარეც... აქ საშუალო არ არსებობს. რას შეძლებს კალაძე, ვერ გეტყვით. ალბათ, მას უფრო შორეული პოლიტიკური მიზნები აქვს და ეცდება, ეს თანამდებობა ტრამპლინად აქციოს. რა გამოუვა, არ ვიცი.

ნათია დოლიძე