როგორ ცდილობდა სააკაშვილი "უკრაინული ფრონტის" გარღვევას
11-09-2017
როგორ ცდილობდა სააკაშვილი "უკრაინული ფრონტის" გარღვევას
დიმიტრი გოლუბოვი: "დარწმუნებული ვარ, ეს სააკაშვილის ბოლო გაფართხალება იქნება - უკრაინა მას ქვეყანაში არ შეუშვებს, ის ჩვენი მოქალაქე აღარ არის და არც ხალხს სჭირდება!"

წამყვანი მედიასაშუალებები ინტერესით ადევნებდნენ თვალს ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ეპოპეას პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე...

"სააკაშვილმა თავის გადასარჩენად მორიგი თამაში წამოიწყო"

რამდენად დიდი საფრთხეა დღეს უკრაინის ხელისუფლებისთვის­ სააკაშვილი და როგორც ექსპრეზიდენტი აცხადებს, ეშინია თუ არა პოროშენკოს მისი შევარდნაძეზე მეტად?

"კვირის პალიტრა" უმაღლესი რადას დეპუტატს, პოროშენკოს ბლოკის წევრ დიმიტრი
გოლუბოვს დაუკავშირდა:
"სააკაშვილის უკრაინაში გამოჩენისთანავე ვამბობდი, რომ ის პოლიტიკოსი კი არა, ჩვეულებრივი "პიარშჩიკია". დღეს ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. მან საკუთარი რესურსი ამოწურა, პერსონა ნონ-გრატაა როგორც უკრაინაში, ისე - თავის სამშობლოში. ყველა ხვდება, რომ სააკაშვილის ნებისმიერი განცხადება, დაპირება თუ გეგმა ტყუილია და პირადი ამბიციების დაკმაყოფილებას ემსახურება.
სააკაშვილმა თავის გადასარჩენად ახალი თამაში წამოიწყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს მისი ბოლო გაფართხალება იქნება - უკრაინა მას ქვეყანაში არ შეუშვებს, ის ჩვენი მოქალაქე აღარ არის და არც უკრაინელ ხალხს სჭირდება, არც - ქართველს!"

"სააკაშვილს უკრაინელები მხარს მასობრივად დაუჭერენ"


კოლეგისგან განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს უმაღლესი რადას დეპუტატი მუსტაფა ნაიმი, რომელმაც "კვირის პალიტრას" განუცხადა, რომ პოროშენკოს უკანონო გადაწყვეტილებას უკრაინელები არ შეეგუებიან და სააკაშვილს ამ ბრძოლაში მხარს დაუჭერენ:
"რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს, სამარცხვინოა. "ინტერსითის" მატარებელში ისმოდა ისტერიკული ხმა, რომ ვაგონში იყო სისხლის სამართლის დამნაშავე და სანამ სააკაშვილი იქაურობას არ გაეცლებოდა, მატარებლის ადგილიდან დაძვრა არ შეიძლებოდა. ეს მგზავრებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, მათ პირიქით, სააკაშვილის გარშემო მოიყარეს თავი. გამცილებელმა გოგონამ დაიჩივლა, დაგვემუქრნენ, თუ სააკაშვილს ვაგონში დარჩენის შესაძლებლობას მისცემთ, სამსახურიდან გაგათავისუფლებთო. უკრაინის ხელისუფლება სრულად გაშიშვლდა, მათ ეშინიათ არა სააკაშვილის, არამედ სიმართლისა და იმ დანაშაულის, რომელსაც ხელი თავად მოაწერეს. პოროშენკო ვერ ხვდება,­ რომ რაც მეტ წინააღმდეგობას უწევს სააკაშვილს, მით უფრო მატებს მხარდამჭერებს. უკრაინელმა ხალხმა იანუკოვიჩის ხელისუფლება გააგდო უსამართლობის გამო და არც პოროშენკოს ოლიგარქიულ მმართველობას შეეგუება. დღეს უკრაინას სააკაშვილი სჭირდება და ვერავინ შეუშლის ხელს, საკუთარი უფლებები უკრაინულ სასამართლოში დაიცვას. მას უკრაინელები მხარს დაუჭერენ".

"ქართულ ციხეში სააკაშვილი ხელისუფლებისთვის ნელი მოქმედების ბომბი იქნება"


ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ რეალურად მიხეილ სააკაშვილის მიზანი არა უკრაინის ხელისუფლების შეცვლა, არამედ საქართველოში არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ პროცესების ესკალაციაა:
- ვინც სააკაშვილის პოლიტიკური ბრძოლის მეთოდსა და ბექგრაუნდს კარგად იცნობს, პოლონეთიდან უკრაინისკენ გავლილი გზა არ გაუკვირდება. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის დაანონსებულ მარშრუტს არ გაივლიდა და უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებას სიურპრიზს შესთავაზებდა. რკინიგზით უკრაინაში შესვლის გადაწყვეტილება მისი მორიგი ავანტიურა იყო, რომელშიც დიდი ხნის წინ ჩაითრია როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე - "ქართული ოცნება". სააკაშვილს შფოთის დანერგვა კარგად ეხერხება, საამისო ნიადაგი კი უკრაინის ხელისუფლებამ შეამზადა, როდესაც ექსგუბერნატორს მოქალაქეობა გაუუქმა. სწორედ უკრაინის პრეზიდენტის­ ასეთი წინდაუხედავი ნაბიჯის გამო დღეს სააკაშვილი უპირატეს მდგომარეობაშია და მორიგი პოლიტიკური წარმოდგენის მთავარ რეჟისორად გვევლინება. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, დარწმუნებული ვარ, ექსპრეზიდენტის სამშობლოში ექსტრადირება დღეს "ქართულ ოცნებაში" არავის სურს. ისინი იძულებული გახდნენ, უკრაინის პრეზიდენტის პოლიტიკურ შურისძიებას აჰყოლოდნენ. სააკაშვილი ქართულ ციხეში ხელისუფლებისთვის ნელი მოქმედების ბომბი იქნება და ამას "ქართული ოცნება" კარგად აცნობიერებს.

- უკრაინაში ქართულმა მხარემ მესამედ გაგზავნა სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა. რამდენად შესაძლებელია, მისი მარშრუტი საქართველომდე გაგრძელდეს?

- სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას უახლოეს პერიოდში არ უნდა ველოდოთ, რადგან დეპორტაცია ხანგრძლივი პროცესია. ამასთან, დარწმუნებული ვარ, მოვლენების ამ სცენარით განვითარებას ევროპა და აშშ-ც შეეწინააღმდეგება. პოროშენკოს ოცნებაა, სააკაშვილისგან მისი საქართველოში დეპორტაციითა და აქ დაპატიმრებით გათავისუფლდეს, მაგრამ კარგად ხვდება, რომ საამისოდ დიდი პოლიტიკური ხარკის გადახდა მოუწევს, რისი ძალაც მას არ შესწევს. ფაქტია, უკრაინის პრეზიდენტი იმას იმიკის, რაც დათესა - სწორედ მისი დამსახურებაა სააკაშვილის უკრაინაში აღზევება. უნდა გაეთვალა სააკაშვილის ამბიციები, როდესაც ჯერ პოლიტიკურ პარტნიორად გამოაცხადა, მერე კი ოდესის გუბერნატორად დანიშნა.

- აღნიშნეთ, რომ დასავლეთი სააკაშვილის საქართველოში დეპორტაციას არ დაუშვებს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის პოლიტიკური მარშრუტი უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ ევროპასა და აშშ-სთან შეთანხმებულად უნდა მივიჩნიოთ?

- გასულ კვირას სააკაშვილი აშშ-სა და ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც მას ჯერ კიდევ ჰყავს შემორჩენილი გულშემატკივრები, რომლებმაც ე.წ. სააკაშვილის პროექტი შექმნეს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობაც - ჩანს, მათ შორის ვითარება არცთუ დალაგებულია. სარიუშ ვოლსკიმ სააკაშვილთან ერთად იმგზავრა და უკრაინელების ბრძანებით მატარებლის შეჩერებას პოლონური მხარე შეეწინააღმდეგა. ეს მიანიშნებს, რომ სააკაშვილის პოზიციას პოლონეთის ხელისუფლებაც იზიარებს. რაც შეეხება დასავლეთს, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი და ევროპის საბჭო მხარს სააკაშვილს დაუჭერენ, რადგან ამის სურვილი რომც არ ჰქონდეთ, უკრაინის პრეზიდენტის ნაბიჯის გამართლება მაინც წარმოუდგენელია. უახლოეს დღეებში ევროპის საბჭოსგან შესაბამის რეზოლუციასაც უნდა ველოდოთ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ. ამასობაში კი სააკაშვილი ცოლ-შვილთან ერთად უკრაინას გმირის სტატუსით შემოივლის.

- თუ სააკაშვილის საქართველოში დეპორტაციას არ უნდა ველოდოთ - ყოველ შემთხვევაში, სამართლებრივი პროცედურებიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში ეს წარმოუდგენელია - რა გავლენას მოახდენს ექსპრეზიდენტის ვოიაჟები არჩევნებზე და არის თუ არა მისი მიზანი არა პოროშენკოს მმართველობის დამხობა, არამედ ქართული პოლიტიკური პროცესების გარდატეხა?

- რა თქმა უნდა, სააკაშვილის საბოლოო მიზანი საქართველოა. ახლა "ქართულ ოცნებას" ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს, რომ არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ მას ახალი შფოთის საფუძველი არ მისცეს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ სააკაშვილის მმართველობის მანკიერებები საზოგადოებას დღემდე კარგად ახსოვს და ქუჩაში მის მხარდასაჭერად არავინ გავა. რევოლუციას - არა, მაგრამ უახლოეს პერიოდში სააკაშვილის პროვოკაციებს საქართველოშიც ველოდები. აქ მთავარია, რამდენად ადეკვატურად იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება - გადაჰყვება სააკაშვილის ავანტიურას, თუ ცივი გონებით იმოქმედებს და ექსპრეზიდენტის პროვოკაციებს არ აჰყვება.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით