"ტიმოშენკოს პრეზიდენტობა სურს, სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი იქნება" - სად იყო პოროშენკო საზღვარზე მიმდინარე მოვლენების დროს? - კვირის პალიტრა

"ტიმოშენკოს პრეზიდენტობა სურს, სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი იქნება" - სად იყო პოროშენკო საზღვარზე მიმდინარე მოვლენების დროს?

10 სექტემბერს ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად პოლონეთი-უკრაინის საზღვრის "შეგინის" გამშვებ პუნქტთან კორდონები გაარღვია და უკრაინის ტერიტორიაზე საპასპორტო შემოწმების გარეშე შევიდა. მოვლენების ასე განვითარებას ბევრი არ მოელოდა, თუმცა ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე უკრაინაშია და მხარდამჭერ პოლიტიკოსებთან ერთად სამომავლო გეგმებს სახავს.

სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას უცხოური მედიასაშუალებები ეხმაურებიან.

"თუ უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს დააკავებს და საქართველოს გადაცემს, მაშინ ძალაუფლების მოყვარე რეფორმატორი თავისი პოლიტიკური კარიერის დასასრულს უნდა ელოდოს: ექს-პრეზიდენტს სამშობლოში 11-წლიანი პატიმრობა ემუქრება", - წერს ფრანგული La Croix.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინის მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალი ძალების მოძრაობას" შედარებით უფრო მეტ პატივს სცემს, ვიდრე პრეზიდენტის მომხრე პარტიების ბლოკს. "აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს მთავარი ოპონენტი იქნება".

ამერიკელი დიპლომატის, უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩის სტივენ პაიფერის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრობლემა ცარიელ ადგილზეა შექმნილი.

"საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევამ და ამ ფაქტის შედეგად გამოწვეულმა მოვლენებმა უკრაინას ავტორიტეტი შეულახა და საიმიჯო დანაკარგები მოუტანა", - განაცხადა დიპლომატმა "ამერიკის ხმის" უკრაინული სამსახურისადმი მიცემულ ინტერვიუში.

"მე არასოდეს არ ვყოფილვარ იმის მომხრე, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში რაიმე განსაზღვრული როლი შეესრულებინა. იმიტომ, რომ ჩემთვის გაუგებარი იყო, რამდენად აინტერესებდა მას უკრაინა და ხელმძღვანელობდა თუ არა იგი ამ შემთხვევაში საქართველოში დაბრუნების სურვილით. მაგრამ მეორე მხრივ, დარწმუნებული არ ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ამბები გონივრული გზით გადაწყდა. ეს ის სიტუაციაა, როცა პრობლემა ცარიელ ადგილზე ხელოვნურად იქმნება. მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევამ, როგორც ჩანს, ქვეყანას საიმიჯო პრობლემა მოუტანა, რაც ადრე უკრაინას არ ჰქონდა", - აღნიშნა სტივენ პაიფერმა. (წყარო)

"მიხეილ სააკაშვილი ცოლ-შვილთან ერთად იყო, მას გარს ეხვეოდნენ მხარდამჭერები და ჟურნალისტები. აქტიურობით გამოირჩეოდა იულია ტიმოშენკო, რომელიც მუდამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამხარ იდგა. რაც შეეხება პეტრო პოროშენკოს, იგი ანტიტერორისტული ოპერაციის ერთ-ერთ მონაწილეს - უკრაინის გმირ ევგენი მოჟევეკინს ეწვია, ახალი ბინის მიღება მიულოცა და მასთან ერთად "ნოვოსელიე" და ტანკისტის დღე აღნიშნა. პრეზიდენტმა სურათიც გადაიღო ბავშვებთან და არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია საზღვარზე მიმდინარე მოვლენებისათვის", - წერს რუსული Независимая газета.

ექსპერტების თქმით, გამორიცხული არაა მიხეილ სააკაშვილისა და იულია ტიმოშენკოს კავშირი. უკრაინის ყოფილი პრემიერი და მისი პარტია "ბატკივშჩინა", გამოკითხვების თანახმად, დღეს პოპულარულია და პოლიტიკური რეიტინგის მიხედვით, ლიდერის როლს ასრულებს.

"ნეზავისიმაია გაზეტას" კორესპონდენტს ერთ-ერთმა უკრაინელმა ექსპერტმა სიტუაციის განვითარების სცენარი აუხსნა: "იულია ტიმოშენკოს პრეზიდენტობა სურს, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი იქნება, თუმცა ამისათვის აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი პარტიის გაყვანა და მმართველი კოალიციის შექმნა. დღემდე ეს ამოცანა შეუსრულებელი ჩანდა, ახლა კი ხელისუფლება ოპოზიციას მიზნის მიღწევაში ეხმარება". (წყარო)

წაიკითხეთ ასევე: ოსტაპ ბენდერის დაბრუნება - ფრთხილად, უკრაინა!

თარგმნა სიმონ კილაძემ