"პოლიციამ ჩემი პასპორტი მოიპარა" - რა შემთხვევაში შეჩერდება სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება? - კვირის პალიტრა

"პოლიციამ ჩემი პასპორტი მოიპარა" - რა შემთხვევაში შეჩერდება სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ავტობუსში ყოფნისას უკრაინის პასპორტი მოპარეს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მე გუშინ მოვედი, პოლონეთის საზღვარი გადავკვეთე უკრაინის ლეგალური დოკუმენტით, პოლონელებმა შტამპი ჩამირტყეს. მერე გადავედი უკრაინელებთან, მათ პასპორტი მივაწოდე, მაგრამ მითხრეს, რომ არ აიღებენ მას. როდესაც ეს მოხდა, ხალხმა ამიყვანა და უკრაინაში ხელებზე აყვანით შემიყვანეს. პასპორტი ავტობუსში მქონდა. პოლიცია მოვიდა, გაჩხრიკა ავტობუსი და ჩემი პასპორტი მოიპარა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინას მიმართავს, "სცნოს პირად, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება".

როგორც სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნული მოთხოვნით სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში შესაბამისი განაცხადი უკვე შეიტანა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ აღნიშნული მოთხოვნა, იურიდიული თვალსაზრისით შეაჩერებს მის ექსტრადირებაზე მოთხოვნის შესრულებას.

"აღნიშნული განაცხადის შეტანამ საიმიგრაციო სამსახურში უნდა შეაჩეროს ქართული მხარის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობის გარეშე პირის სტატუსი აქვს, რომელიც მუდმივად ცხოვრობს უკრაინაში.

"რათა არ დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება, ჩვენ გვსურს მისი სტატუსის დამატებით გაძლიერება სხვა სამართლებრივი სტატუსით, რაც არის "პირი, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება", - განმარტა მარკიან გალაბალამ.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საუბარი არ მიდის დაცვის ფიზიკურ საშუალებებზე, არამედ სტატუსის მიღებაზე.

"ჩვენ ჯერ ოფიციალურად არ მიგვიღია შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ექსტრადირების მოთხოვნა იყო. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს არაფერი შეუტყობინებიათ ჩვენთვის ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ეს ინფორმაცია მხოლოდ მედიიდან გვაქვს", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"