"სულელები ვგონივართ, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ არ გავისულელებთ თავს" - კვირის პალიტრა

"სულელები ვგონივართ, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ არ გავისულელებთ თავს"

ლვოვში, სასტუმრო "ლეოპოლისში", სადაც ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გაჩერდა, რამდენიმე საათის წინ მესაზღვრეები და პოლიციელები მივიდნენ. როგორც უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუმარტეს: "პოლიციის თანამშრომლები გამოვიძახეთ, რათა მათ უზრუნველყონ ჩვენი უფლებამოსილება გავაფორმოთ დოკუმენტი იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნა დაარღვია და არაკანონიერად მოხვდა უკრაინის ტერიტორიაზე. წარმოება ხდება "სახელმწიფო საზღვრის ჯგუფური დარღვევის" მუხლით. ეს ადმინისტრაციული კოდექსია".

სააკაშვილის ადვოკატის, მარკიან გალაბალას თქმით კი, მესაზღვრეები ძალის გამოყენებით შეეცადნენ იმ ნომერში შესვლას, სადაც მიხეილ სააკაშვილია გაჩერებული.

"დილის 07:15 საათზე სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ სასტუმრო "ლეოპოლისში", რათა მიხეილ სააკაშვილისთვის გადაეცათ ადმინისტრატიული დარღვევის ჩადენის შესახებ პროტოკოლი. მათი თქმით, სამართალდარვევას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა...

ამგვარ პროტოკოლს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენიდან სამ საათში აფორმებენ. დღეს 12 სექტემბერია. ამიტომაც პროტოკოლის გადაცემის მცდელობა არაკანონიერია", - განმარტა მარკიან გალაბალამ.

სააკაშვილმა სასტუმროში გაიარა სასაზღვრო პროცედურები, ჟურნალისტების და მხარდამჭერების თანდასწრებით, მოგვიანებით კი განცხადებაც გააკეთა.

"პირველი წუთებიდან, როცა ჩემს წინააღმდეგ იქნა მიღებული უკანონო გადაწყვეტილება უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, მიმდინარეობდა კანონის დარღვევა. ამიტომ უკრაინის თითოეულ მესაზღვრესთან მაქვს თხოვნა. ძალიან უსიამოვნო იყო ჩემთვის, რომ ორი დღეა მიმდინარეობს პროპაგანდა, თითქოს დავარღვიე კანონი და საზღვარი უკანონოდ გადმოვლახე. მომხდარი შეადარეს დონბასს, ჩვენ სულელები ვგონივართ, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ არ გავისულელებთ თავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და ის პერიოდი გაიხსენა, როცა მესაზღვრედ თავად მუშაობდა.

"მე თავად ვიყავი მესაზღვრე და იმ დროიდან შემოვინახე ძალიან კარგი ურთიერთობა ბევრ ოფიცერთან. ზოგიერთი მათგანი კიდევ მსახურობს სასაზღვრო სამსახურში. ჩვენ მესაზღვრეებთან ურთიერთობაში პრობლემა არ გაგვაჩნია, ვაფასებ უკრაინული პოლიციის თანამშრომლებს, სამხედროებს და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების სხვა წარმომადგენლებს, მაგრამ, მე არ ვაფასებ მათ ხელმძღვანელობას და არ ვცემ პატივს. მინდა განვაცხადო, რომ მზად ვარ გავიარო ყველა პროცედურა და არ არსებობს არანაირი გარემოება, რომ დავარღვიე კანონი. მივმართავ პოროშენკოს და ყველა თანამდებობის პირს, რომელიც ცდილობს განახორციელოს დანაშაულებრივი ქმედებები, ისინი ვერ შეძლებენ ჩემი პოზიციების შეცვლას. ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. მათ შეეძლოთ აეღოთ და შეემოწმებინათ ჩემი პასპორტი, მაგრამ ახლა როგორც გავიგე, ცდილობენ ჩვენი მხრიდან დანაშაულის ჩადენა დაამტკიცონ. ამას ვერ შეძლებენ და პირიქით, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ კანონი სწორედ სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა დაარღვიეს პოროშენკოს, ავაკოვის და სხვა პირების ბრძანებით, რომლებიც არ ასრულებენ საერთაშორისო სამართალს. მზად ვარ გავიარო ყველა პროცედურა", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით