"მეკითხებიან, ტიმოშენკოსთან ერთად ვქმნი თუ არა ახალ პარტიას..." - რა შესთავაზა პოროშენკომ სააკაშვილს? - კვირის პალიტრა

"მეკითხებიან, ტიმოშენკოსთან ერთად ვქმნი თუ არა ახალ პარტიას..." - რა შესთავაზა პოროშენკომ სააკაშვილს?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მას პოლონეთის მოქალაქეობას და დიდ ხელფასს სთავაზობდნენ, თუმცა უარი თქვა. ამის შესახებ სააკაშვილმა ლვოვში, სასტუმროსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მთავაზობდნენ პოლონეთის მოქალაქეობას, იმაზე მეტ ხელფასს, ვიდრე თქვენ გაინტერესებდათ, მაგრამ მე მოვედი. ახლა პინჩუკი ამზადებს პრესკონფერენციას, მათ უნდათ ჩემი იზოლაცია, თუმცა მასთანაც მივალ. მე კიევშიც ჩავალ. ჩემი იურისტები აქ იმუშავებენ და მე იქ ჩავალ".

სააკაშვილის თქმითვე, მისთვის მოპარული პასპორტი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კაბინეტშია.

"სანდო წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ პასპორტი, რომელიც მომპარეს, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს კაბინეტშია", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, პოროშენკოს მისი პასპორტი უკრაინაში მისი დაბრუნების მეორე დღეს მიუტანეს კაბინეტში.

"მე ახლა სხვა საბუთები არ მაქვს", - დასძინა მან.

სააკაშვილი აპირებს უკრაინაში ტურნეს გამოცხადებას და მთელი ქვეყნის მოვლას.

"მე წავალ ივანე ფრანკოვის ოლქში, ხარკოვში, ოდესაში, დნეპროპეტროვსკში და შემდეგ გავემგზავრები კიევში. იმისთვის, რომ შეწყვიტონ ისტერია, მოდიან და ხელს მიშლიან გეგმების განხორციელებაში. ნუ ნერვიულობთ, ამისთვის თანხები მეყოფა. მანქანით გასამგზავრებლადაც მეყოფა. უკრაინის ტერიტორიაზე ვიმოგზაურებ და გზად შევივლი სასამართლოში, რათა დავიცვა საკუთარი უფლებები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა შეკითხვაზე, რომელიც ლვოვის ცენტრში ცხოვრებისთვის დაფინანსებას ეხებოდა.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმითვე: "მეკითხებიან, ტიმოშენკოსთან ერთად ვქმნი თუ არა ახალ პარტიას. დიდი მადლობელი ვარ, რომ გამოიჩინეს სოლიდარობა, დასხდნენ და მთელი დღე იბრძოდნენ ჩემთან ერთად. არ შემიძლია ამისთვის მადლობა არ გადავუხადო ტიმოშენკოს და ყველა სხვა პირს. იქ იყო ბევრი დეპუტატი, მე მათი ძალიან მადლობელი ვარ, მაგრამ ამავდროულად მთავარი იყო ათასობით ადამიანი, რომელიც იქ მოვიდა. მათთან ერთად ვიმოქმედე. ამ ხალხისგან შევქმნით ძალას და შემდეგ ვისაუბრებთ თამაშის წესებზე. ზოგი მეუბნება ამასთან ნუ დაჯდები, იმასთან ნუ დაჯდებიო, მე დავჯდები უკრაინელ ხალხთან ერთად. ჩემი მიზანი არ არის არც უკრაინის პრეზიდენტობა, არც პრემიერობა - ეს შემომთავაზა პოროშენკომ, მაგრამ უარი ვუთხარი, მე ამის მიზანი არ მაქვს. ჩემი მიზანია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ახალი ხალხი მოვიდეს, რომელიც შეცვლის ქვეყანას. ამ ხალხს შევაგროვებ მთელი უკრაინის ტერიტორიაზე. საკუთარი თავი ხანდაზმულად არ მიმაჩნია, მაგრამ ადგილი უნდა დავუთმოთ ახალგაზრდობას და ეს თაობა პინჩუკს ნამდვილად არ მოუსმენს. ვიმუშავებთ ამ მიმართულებით".

სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა კი განმარტა, თუ რა ბრალდებას უყენებენ მის კლიენტს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გათვალისწინებულია უკრაინის ადმინისტრატიული კოდექსის 204-ე მუხლით.

"ამ მუხლის შესაბამისად სასჯელი 3400-დან 8500-მდე გრივნას ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს", - დასძინა ადვოკატმა.