"სააკაშვილის გამო შეიძლება პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობა გამწვავდეს, პუტინი კი სიამოვნებისაგან ხელებს იფშვნეტს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის გამო შეიძლება პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობა გამწვავდეს, პუტინი კი სიამოვნებისაგან ხელებს იფშვნეტს"

"პოროშენკოსა და მის მთავრობას იმდენად ეშინია სააკაშვილის, რომ მასთან კონტაქტებს ყოველნაირად გაურბიან"

უკვე რამდენიმე დღეა უცხოური მედიის განხილვის საგანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება და მისი სამომავლო გეგმებია.

"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, სააკაშვილი დღეს ლვოვიდან ჩერნივციში გაემგზავრება. უკრაინის შს სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის, არტიომ შევჩენკოს განცხადებით კი, სააკაშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით სამართალდამცველები დამატებით ზომებს არ მიიღებენ.

"პირველი, რაც უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნებამ აჩვენა, ისაა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უსუსურია. სააკაშვილის შეჩერება ჯერ კიდევ საზღვარზე შეიძლებოდა, მაგრამ არცერთი რიგითი მესაზღვრე "ნაჩალნიკების" გარჩევებში არ ჩარეულა. ისე გამოვიდა, რომ კიევის ხელისუფლება თვითონ გაუწია გამაყრუებელი პიარი ქვეყნის გადამრჩენელი მესიის - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას. და თუ ლვოვში მყოფ ექს-გუბერნატორს ხელისუფლება არ დააპატიმრებს, მაშინ პეტრო პოროშენკოს საქმე ძალიან ცუდად წაუვა: მის მიერ დანიშნული გუბერნატორები თავიანთ პრეზიდენტს ჩამოწერენ - როგორც რეალური ძალის არმქონეს", - წერს რუსული Metro-Москва.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სანამ სააკაშვილი უკრაინის საზღვრის "გარღვევას" დააპირებდა, მან ვაშინგტონში, ბრიუსელში და სხვა ევროპული დედაქალაქების პოლიტიკოსებში მხარდამჭერები გაიჩინა - დასავლური ისტებლიშმენტის პირველი პირები თუ არა, ისინი, მაინც, რომლებიც ასეთ დელიკატურ პროექტებს ხელმძღვანელობენ. და თუ ეს მართლაც ასეა, პეტრო პოროშენკო, როგორც ჩანს, თითქმის უკვე ჩამოწერილია. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ სააკაშვილს საზღვრის "გარღვევისას" თან იულია ტიმოშენკო ახლდა. ეს ქალი კი ფსონს ტყუილად არავისზე არ დადებს.

კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც არ შეიძლება ყურადღება არ მიექცეს - ეს არის მიხეილ სააკაშვილის კონტაქტები იგორ კოლომოისკისთან, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან უკრაინელ ოლიგარქს წარმოადგენს და ვისაც თავისი "არმია" ჰყავს. მიხეილ სააკაშვილისათვის, რომელსაც ძალოვანი რესურსი არ აქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის "გარღვევის" წინ მიხეილ სააკაშვილი იგორ კოლომოისკის შეხვედრია და რაღაცეებზე მოულაპარაკნია. (წყარო)

"მიხეილ სააკაშვილის გამო შეიძლება პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობა გამწვავდეს, ვლადიმერ პუტინი კი სიამოვნებისაგან ხელებს იფშვნეტს" - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოლონური Rzeczpospolita სტატიას.

როგორც გამოცემა წერს, პოლონეთის ხელმძღვანელებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაძაბულია. "მაგრამ მიხეილ სააკაშვილის საოცარმა ვოიაჟმა პოლონეთში და მის მიერ ჩვენი მხრიდან უკრაინის საზღვრის გარღვევამ შეიძლება ვარშავისა და კიევის დაპირისპირება ღია ფორმაში გადაიყვანოს".

"მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩვენმა მეზობლმა - უკრაინის პრეზიდენტმა ჩამოართვა. არადა თავის დროზე ევროკავშირისაკენ გზა უკრაინას სწორედ პოლონეთმა გაუკვალა. კიდევ ერთ ჩვენს მოკავშირეს - საქართველოს თავის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნა აქვს გამოცხადებული და უკრაინისაგან მის დაკავება-ექსტრადირებას ითხოვს. ამის მიუხედავად, ჩვენმა ხელისუფლებამ მას პოლონეთის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების ნება მისცა, ჩვენივე საინფორმაციო სააგენტო კი პრეს-კონფერენციის გამართვაში დაეხმარა. მართალია, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის რომელიმე მაღალჩინოსანს არ შეხვედრია, მაგრამ როგორც ჩვენი ევროპარლამენტარი იაცეკ საირუშ-ვოლსკი ამბობს, პოლონეთის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები მიხეილ სააკაშვილის მხარეს არიან. სწორედ მათი მითითებით გაუშვეს ჩვენმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მიმართულებით. რით დასრულდა ეს ყველაფერი? ქართველ-უკრაინელი პოლიტიკოსის მხარდამჭერებმა საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის ტერიტორიაზე დემონსტრაციულად გადაიყვანეს, რასაც სხვაგვარად ვერ შეაფასებ, თუ არა უკრაინის ხელისუფლების სამარცხვინო უსუსურობის გამოვლენას", - წერს ჟურნალისტი ანჯეი ბელეცკი.

ძნელია იმის თქმა, რა სარგებლობას მიიღებს პოლონეთი მიხეილ სააკაშვილისათვის გაწეული მხარდაჭერით. ერთი რამ ცხადია: საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და უკრაინის ექს-პრემიერის კავშირი გვაფიქრებინებს ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გადამრჩენელი იქნება და რომ იგი უკრაინულ სახელმწიფოს კორუფციის სენისაგან იხსნის. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობის პრობლემების გაღრმავება სასიხარული იქნება ვლადიმირ პუტინისათვის. (წყარო)

აზერბაიჯანული გამოცემა Каспiй კი წერს: "იბადება კითხვა: თუ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან საქმის გამწვავებაზე წავიდა, მაშინ საჭიროა მისი სასწრაფოდ დაპატიმრება და საქართველოში დეპორტაცია, ექსტრადირების მიზნით. რატომ იყო საჭირო პოლონეთში მატარებლის გაჩერება განცხადებებით - "ვაგონში არასასურველი პირია და ვერ დავიძვრებითო, თან გვარსაც არ ასახელებდნენ. და საერთოდ, როგორ გააჩერა უკრაინის ხელისუფლებამ მატარებელი პოლონეთის ტერიტორიაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს? ან რა საჭირო იყო საზღვარზე "სპეცრაზმის" გადასროლა, თუ კაცის დაჭერის თავი არ გაქვს? მოკლედ, გასაკვირი სიტუაციაა".

ჟურნალისტი ალი საიდოვი ყურადღებას ამახვილებს იმაზე თუ როგორ მოქმედებდა თვითონ მიხეილ სააკაშვილი: ჟურნალისტებთან, მხარდამჭერებთან, ცოლ-შვილთან და... უკრაინის ექს-პრემიერთან ერთად. "განა მომხდარი ამბები იმაზე არ მიანიშნებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ერთი ხელის აქნევით უკრაინის საზოგადოება ორად გაჰყო?

კითხვები ძალიან ბევრია, მაგრამ ერთი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია: რაში სჭირდებოდა პეტრო პოროშენკოს მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე შოუს მოწყობა, რომ ექს-პრეზიდენტმა ანკეტის შევსებისას თითქოსდა დამალაო საქართველოში მისი სისხლის სამართლებრივი დევნის ფაქტი? გამოდის, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდა, უკრაინის პრეზიდენტი კი გაგებაში არ იყო - ჯერ მოქალაქეობა მიანიჭა, შემდეგ ოდესის ოლქის გუბერნატორადაც დანიშნა... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. პოროშენკოს ეგონა, რადგან სააკაშვილს მოქალაქეობას ჩამოართმევდა, პრობლემას გადაწყვეტდა, მაგრამ ნურას უკაცრავად! სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, ყინულმჭრელივით მოქმედებს. მის ირგვლივ უკვე მხარდაჭერის ინფრასტრუქტურა შეიქმნა. არაა გამორიცხული, რომ კიევის მოქმედებამ შესაძლოა დასავლეთის უკმაყოფილება გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება შეიძლება რუსეთთან გარიგებაზეც კი წავიდეს - არის ამის რისკი", - წერს ჟურნალისტი.

მოცემულ მომენტში სიტუაცია ასეთია: პეტრო პოროშენკოსა და მის მთავრობას იმდენად ეშინია მიხეილ სააკაშვილისა, რომ მასთან კონტაქტებს ყოველნაირად გაურბიან. თავიანთი ბრიყვული მოქმედებით ისინი ექს-პრეზიდენტს ხელოვნურად უზრდიან რეიტინგს უკრაინულ საზოგადოებაში. არადა, შეიძლებოდა ყველაფერი ელემენტარულად გაკეთებულიყო, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება ხოლმე: მესაზღვრეები პიროვნებას საბუთებს უმოწმებენ და სხვადასხვა მიზეზის გამო უკან აბრუნებენ. ამაში ცუდი და არაბუნებრივი არაფერი არ არის. მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებმა საქმე გააჭიანურეს, იყოყმანეს და მიხეილ სააკაშვილმაც სიტუაციით ისარგებლა, შოუ მოაწყო და უკრაინის ხელისუფლების იმიჯსაც წყალი შეუყენა, თანაც წყალი რუსეთის წისქვილზეც დაასხა - აი, რა უუნარო ხელისუფლება ჰყავს უკრაინასო. (წყარო)

თარგმნა სიმონ კილაძემ