არჩევანის გარჩევანი - კვირის პალიტრა

არჩევანის გარჩევანი

"თუ ოპოზიციას წარმატება სურს, ხელისუფლებაში შესაძლო დაპირისპირება უნდა აღმოაჩინოს"

ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების განმუხტვის (ასე ვთქვათ, ორთქლის გამოშვების) საშუალებად განიხილებოდა, აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის განცხადებით, დაპირისპირების კიდევ უფრო მწვავე ეტაპი მოჰყვება. პოლიტიკოსებს უჭირთ იმ პირველხარისხოვანი ამოცანების დასახვა, რომლებიც დაპირისპირების საფუძველს შეასუსტებდა:

- ქართულ პოლიტიკაში არჩევნების შემდეგ სრულიად ახალი ეტაპი დაიწყება, რადგან ოპოზიციის ნაწილი ძალიან აქტიურად ამოქმედდება. ძველი ხერხებითა და საშუალებებით ოპოზიცია ვეღარ იბრძოლებს, ამიტომაც არ გამოვრიცხავ, მის რიგებში ახალი ხალხი და ბრძოლის ახლებური, არცთუ მშვიდობიანი საშუალებები გაჩნდეს. ამ მოლოდინს ისიც მიმძაფრებს, რომ რამდენიმე პოლიტიკოსის მხრიდან ასეთი მუქარა უკვე გაისმა.

ხელისუფლებას უპერსპექტივო მდგომარეობა აქვს. მარტო ძალაუფლების შენარჩუნება ხომ არ არის მთავარი? საქმიანობის მიხედვით არ ჩანს, რა გზა აირჩია ხელისუფლებამ. ეს გაურკვევლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

KvirisPalitra.Geსავარაუდოდ, ძალზე გააქტიურდება ეროვნული ფორუმი, ბურჯანაძის პარტია და ნოღაიდელი. ვფიქრობ, ისინი შექმნიან დაძაბულ და საჩხუბარ ვითარებას. ხელისუფლება ყველას დასანახავად ვერ დაიწყებს მათ წინააღმდეგ ბრძოლას, თუმც, ცხადია, მოინდომებს მათ განეიტრალებას. ესენიც არ დათმობენ და დიდი დაძაბულობა შეიქნება. არჩევნების შემდგომ ველოდები პოლიტიკაში ახალგაზრდების მოსვლას, რომლებიც უფრო დაძაბული პოლიტიკის გამტარებლები იქნებიან.

- ოქრუაშვილმა და ბურჯანაძემ  ბოლო დღეებში მიუთითეს, რომ ხელისუფლება წელს შეიცვლება.

- მათ განცხადებებში ძალის გამოყენების სურვილი და ტენდენცია გამოსჭვივის.

- მაგრამ მეტი ძალა აქვს ხელისუფლებას. მაისში ორი აღლუმის ჩატარება  ბევრისთვის ძალის დემონსტრირება იყო.

- რა თქმა უნდა, ძალის დემონსტრირება იყო. პოლიცია და ჯარი ის ძალებია, რაზეც  ხელისუფლება დგას. გარდა საკუთარი თანაპარტიელების მატერიალური შესაძლებლობებით  უზრუნველყოფისა, ხელისუფლება ჯარსა და პოლიციაზეც ზრუნავს და იზრუნებს, რადგან ბევრი მომხრე აღარ ჰყავს და ფიქრობს: - პოლიციისა და ჯარის გაძლიერება ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზააო.

მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია ვითარება ჯარსა და პოლიციაშიც დაიძაბოს. მათ შიგნით შეიქნება უკმაყოფილების ელემენტები. ჯარსა და პოლიციაზე ზეგავლენა შეუძლიათ ოქრუაშვილსა  და ბურჯანაძეს. გარდა ამისა, ველოდები, რომ ხელისუფლებაში მყოფ ინტელექტუალებსაც (და არა ძალისკენ მიდრეკილ პირებს) გაუჩნდებათ უკმაყოფილების განცდა.

ყველასთვის ნათელია, რომ ისინი მატერიალური ინტერესების გამო არიან ხელისუფლებასთან. ვიღაცები გარედანაც ეცდებიან ხელისუფლების შიგნით რაღაც-რაღაცების შეცვლას. მმართველი პარტია უფრო ჭრელი გახდება და დაიყოფა. თუ ოპოზიციას წარმატება სურს, ხელისუფლებაში შესაძლო დაპირისპირება უნდა აღმოაჩინოს.

სავარაუდოდ, ფორმულა - "ყველა, მინუს ნოღაიდელი!", აღარ იქნება, რადგან ოპოზიციის ბრძოლაში ნოღაიდელის საჭიროება გაჩნდება. გარდა ფულისა, ხელისუფლებისადმი მისი შეურიგებელი დამოკიდებულებაც მნიშვნელოვანი იქნება.  ხალხი კი პასიური დარჩება მანამ, სანამ ოპოზიციაში ახალ აზრსა და განსხვავებულ მოძრაობას არ დაინახავს.

- მაგრამ თავად საზოგადოებაშია დღეს დაპირისპირება. პოლიტიკურ თემებს რელიგიური საკითხების გამო კონფრონტაციაც დაემატა.

- ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებამ უკვე ჩამოყალიბებული სახე მიიღო. ოპოზიციის კრიტიკის საფუძველზე ხელისუფლების პოზიციები აღარც მტკიცდება და აღარც ინგრევა. ოპოზიციამ ვერ გამონახა ბრძოლის ის ფორმა, რომლითაც ხელისუფლებას შეარყევდა ან დაამარცხებდა. რაკი ოპოზიციის შიში არა აქვს, ხელისუფლებაც არ ცდილობს, რამე შეცვალოს. ოპოზიციაც გრძნობს თავის უმწეობას, რომ ხელისუფლებას ვერაფერს დააკლებს.

ამიტომაც განაცხადა ერთმა ოპოზიციონერმა, არჩევნებზე ოპოზიცია დამარცხდება და მაშინ დაიწყება, რაც დაიწყებაო. ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებაში სიცარიელე გაჩნდა, დაპირისპირებულ შეხედულებებსა და ადამიანებს შორის სიხალვათეს კი საზოგადოება ვერ იტანს. ამიტომაც დაიწყო მისი შევსება, ოღონდ თვითონ ოპოზიციით ან ხელისუფლებით კი არა, მათი მომხრეებით, რომელთაც უნდათ გვაჩვენონ, რომ უკეთ შეუძლიათ დაიცვან ის პოზიცია, რომელიც ხელისუფლებას ან ოპოზიციას აქვს. გაჩნდა ახალი დასაპირისპირებელი თემებიც და დაპირისპირებული ხალხიც.

არსებულ ვითარებაში ყველაზე რეზონანსული იქნებოდა კონფლიქტი მასთან, ვინც ხელისუფლებას ყველაზე დიდ მოწინააღმდეგედ მიაჩნია. ასეთებია ეკლესია და რელიგიის მსახურები. ეკლესია ხელისუფლებას მთავარ კონკურენტად მიაჩნია, რადგან მას ეროვნული  და გნებავთ, ისტორიული პოზიცია უკავია. ოპოზიცია ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებს, რომ ისტორიული საქართველო, ტრადიციები დაკარგა და ნამეტანი გადასავლელდა.

რადგან მიჩნეულია, რომ ეკლესიას ეროვნული  პოზიცია უკავია, რელიგიას დამცველები გაუჩნდნენ, რომლებიც ებრძვიან ხელისუფლებას, მაგრამ ძველი თემებით კი არა, ახალი წამოსწიეს. სამაგიეროდ, ხელისუფლება აცხადებს (ეს ტენდენცია უფრო გაძლიერდება), რომ ოპოზიციის მომხრეები არალიბერალები, არაპროგრესულები არიან, რომ ოპოზიცია არადემოკრატიული და რუსეთისაკენ მაყურებელია. ამის თქმის საფუძველს ხელისუფლებას აძლევს ეკლესიის (რომლის დამცველად ოპოზიცია მოგვევლინა) არცთუ მკაცრი დამოკიდებულება რუსეთთან.

პირები, რომლებიც ხელისუფლებას ებრძვიან და ეკლესიას აქტიურად იცავენ, უნდათ დასავლეთის თვალში ნაციონალისტ ფაშისტებად წარმოაჩინონ და გაისმა კიდეც ასეთი შეფასებები.

მკვეთრი ქმედებებისაკენ მიდრეკილი ხალხი ხელისუფლების მხარესაც არის.  ხელისუფლების დამცველები უფრო მკვეთრ ქმედებებს  მოითხოვენ მთავრობისაგან.  რადგან ამ შეტევას ეკლესიამ  არ უპასუხა, გამოჩნდა აგრესიული ხალხი, რომელიც ისეთივე არაშემწყნარებლური მეთოდებით იბრძვის ეკლესიის დასაცავად, როგორითაც ხელისუფლების მხარდამჭერები. უკვე ერთნაირად აგრესიული მებრძოლები შეხვდნენ ერთმანეთს.

ლიბერალებიც და მართლმადიდებლობის დამცველებიც ბუნებით ერთნაირი არიან. ორივენი განსხვავდებიან თავიანთი საფუძვლისაგან, - ლიბერალები - ხელისუფლებისგან, მართლმადიდებლობის დამცველები - ჭეშმარიტი მორწმუნეებისაგან. ასე გაჩნდა ბრძოლის ახალი ველი, ახალი ხალხის მონაწილეობითა და ახალი შინაარსით.

- რატომ ვერ ჩააქრო დაპირისპირება არჩევნებმა?

- ხელისუფლების წარმომადგენლებმა წინასწარ გამოაქვეყნეს უცხოური ორგანიზაციის კვლევა - თითქოს მათ წარმომადგენელს 57%-იანი მხარდაჭერა აქვს, ოპოზიციის ყველაზე რეიტინგულ ლიდერს კი  - 17. ეს წარმოაჩენს, რომ ხელისუფლებასაც არა აქვს სწორი მიდგომა. ამ დაძაბულ ვითარებაში არ შეიძლებოდა ამ ციფრების გახმაურება. ამან ოპოზიციას მისცა საბაბი, კიდევ მეტად ამტკიცოს, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბაო.

- როდესაც ახსენეთ, კრიზისი ხელისუფლებაშიც არისო, რა იგულისხმეთ?

- ხელისუფლებას კარგად ჩამოყალიბებული არა აქვს თავისი ამოცანები. დასაწყისში ამბობდნენ, რომ ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდნენ, ეროვნულ საკითხებს წამოსწევდნენ წინ და განათლებას მიხედავდნენ. შესაძლოა, ამ საქმეების კეთების დროს დაინახეს, რომ რასაც ხალხი მოელოდა მათგან, ვერ შეასრულებდნენ და საქმიანობის ვექტორი შეცვალეს. ერთხანს ფარულად და მორცხვად, ახლა კი აშკარად.

ხელისუფლებამ დაისახა ამოცანა - საქართველო ტურისტულ ქვეყნად აქციოს. ამისთვის აშენდა გზები, სასტუმროები, რესტორნები, შადრევნები, შეიღება ფასადები. ერთხანს ხალხს უკვირდა, რად გვინდა ამდენი შადრევანი, როდესაც ქვეყანაში ამდენი მოუგვარებელი პრობლემააო. ახლა გაირკვა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ტურისტულ ქვეყნად გადაქცევისათვის გაკეთებულა.

ეს არასწორი, არასახელმწიფოებრივი აზროვნებაა, ასე ქვეყანა ვერ აშენდება. იმისათვის, რომ ქვეყანა თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდეს, სულიერი და მატერიალური ღირებულებები უნდა შექმნას. უნდა განავითაროს სოფლის მეურნეობა, ბაზარი, ეკონომიკა, განათლება, ლიტერატურა, ხელოვნება, ჯანდაცვა. ამ საკითხებიდან დღეს აქცენტი გადახრილია. ქართველი ერი ყოველთვის მატერიალურ და სულიერ კულტურას ქმნიდა. ამაზე ვიყავით ორიენტირებული.

დღეს კი გამოდის, რომ შემოქმედება კი არა, მომსახურება უნდა გახდეს ქართველის საქმე. ქართველი  მომხმარებელი  (და არა მატერიალური დოვლათის შემქმნელი) და მომსახურე ერი უნდა გახდეს.

- მატერიალური და სულიერი დოვლათის შექმნაზე, საწარმოების ამუშავებაზე რატომ თქვა უარი მთავრობამ?

- აღმოჩნდა, რომ საზღვარგარეთიდან  დახმარების სახით შემოსული ფულით არ შეიძლებოდა წარმოებების განვითარება. ამ ქვეყნებს საქართველოში თავიანთი პროდუქციის შემოტანა სურთ და არა ის, რომ საქართველომ შექმნას პროდუქცია. მათ საქართველო სჭირდებათ როგორც  ტურისტული ქვეყანა და ბაზარი. ამიტომაც ვამბობ, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის ძირითადი ამოცანები და უახლოესი მიზნები არ გააცნობიერა.

საქართველოს სათავეში ისეთი ხელისუფლება უნდა მოვიდეს, რომელიც რეალურ ამოცანებს დასახავს და საქართველოს თავისი ცხოვრების პირობების შემქმნელ ქვეყნად გადააქცევს. ეს არის უმთავრესი და უპირველესი ამოცანა.