"არ გამოვრიცხავ მოსკოვისა და სააკაშვილის ინტერესების თანხვედრას" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ მოსკოვისა და სააკაშვილის ინტერესების თანხვედრას"

"თუ სააკაშვილი მართლაც დაჯდა საბრალდებო სკამზე და გამართლდა, ეს, შესაძლოა, ძალიან ცუდად შეუბრუნდეს მასაც და "ნაციონალურ მოძრაობასაც". არ არის გამორიცხული, საზოგადოების ნაწილის აღშფოთებისა და აგრესიის შეკავება ძალიან გაჭირდეს"

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, დიდი სამზადისი არც საზოგადოებასა და არც პოლიტიკურ სპექტრში არ შეიმჩნევა. მეტიც - გასულ კვირას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მისი განცხადებები და 10 სექტემბრისთვის დაანონსებული უკრაინაში ჩასვლა უფრო საინტერესო აღმოჩნდა ქართული საინფორმაციო საშუალებებისთვის, ვიდრე მმართველი პარტიის მიერ სხვადასხვა რეგიონში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენა. ექსპრეზიდენტმა ახალი თამაშის წამოწყება სცადა. სწორედ ამის შეფასებით დავიწყეთ საუბარი ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

- აშკარაა, სააკაშვილის უკრაინაში შესვლის მცდელობის მთავარი მიზეზი აჟიოტაჟის ატეხა იყო, რაც ნაწილობრივ მოახერხა კიდეც, თუმცა, გამიჭირდება შეფასება, რამდენად მასშტაბურია უკრაინაში ამ ყველაფრის რეზონანსი... ერთი კი ცხადია - საქართველოში "რუსთავი 2"-მა ლამის რევოლუციური ფონი შექმნა, რაც ძალიან გადაჭარბებულია - იქ მსგავსი არაფერი ხდებოდა. სააკაშვილის განცხადება,

თითქოს უკრაინის საზღვრის ქვეითად გადაკვეთა იმიტომ გადაიფიქრა, რომ პროვოკაციას მოერიდა, სასაცილოა, რადგან მისი ყველა მოქმედება უკიდურესად პროვოკაციულია. უკრაინის ხელისუფლებას კი პროვოკაციის მოწყობა რომ ეცადა, ამას მატარებლით მისი მგზავრობისასაც მოახერხებდა.

ვფიქრობ, მატარებლით წასვლა თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული, რადგან ასე პროცესში მეტი ადამიანის ჩართვას შეძლებდა.

უკრაინაში შეკრებილი სააკაშვილის მხარდამჭერები იმდენი ნამდვილად არ იყვნენ, რომ პოროშენკოს მთავრობას შეშინებოდა. მთავარია, უკრაინელებმა სააკშვილი მიიჩნიონ ჩაგრულად, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება - ამ ხმაურიანი ვოიაჟით სააკაშვილი სწორედ ამას გეგმავდა. დასკვნის გაკეთება რთულია, რადგან ჩვენი ინტერვიუს მსვლელობისას პროცესი ისევ გრძელდება...

სააკაშვილი განაგრძობს ავანტიურისტულ მოქმედებებს, ისევე როგორც აკეთებდა ამას საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის დროს. გავიხსენოთ თუნდაც 2008 წლის აგვისტო, რაც სხვა არაფერი იყო, თუ არა სააკაშვილის ავანტიურა, რასაც ქვეყნის მშვიდობა შესწირა.

განსხვავება ის არის, რომ იმჟამად ის ხელისუფლებაში იყო და ამ ავანტიურისთვის სახელმწიფო სტრუქტურები გამოიყენა... ის, ფაქტობრივად, რუსულ პროვოკაციას წამოეგო. დღევანდელ მის მოქმედებებს, მის პროვოკაციულ განცხადებებს განსხვავებული მიზანი აქვს და ემსახურება არეულობის პროვოცირებას, დესტაბილიზაციას როგორც უკრაინაში, ისე - საქართველოში. მისი საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ქვეყანაში ნამდვილად გაჩნდება დაძაბულობის კერა, ეს იქნება რეზონანსული და მძიმე პროცესი ქვეყნისთვის და უპირველესად - ხელისუფლებისთვის...

ისევ მივდივართ რუსულ ინტერესებამდე... დღეს არეულობის, დესტაბილიზაციის პროვოცირება უკრაინაშიც და საქართველოშიც მხოლოდ და მხოლოდ კრემლს აძლევს ხელს. ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ სააკაშვილს კავშირი აქვს რუსეთთან, თუმცა არ გამოვრიცხავ ოფიციალური მოსკოვისა და სააკაშვილის ინტერესების თანხვედრას. სააკაშვილს არასტაბილური გარემო პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება, რუსეთს კი სხვა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს.

სააკაშვილი სახელისუფლებო რესურსებს ვერ განაგებს, თუმცა აქვს გავლენა როგორც უკრაინელ, ასევე ქართველ საზოგადოებაზე და ამ გავლენით ცდილობს მანიპულირებას. არ ვიცი, სააკაშვილს რა ჰგონია, რა ილუზიები აქვს. დღეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის როგორც სააკაშვილი, ისე "ნაციონალური მოძრაობა" უფრო საფრთხეა, ვიდრე მხსნელი. როგორც ჩანს, სააკაშვილს იმედი მიეცა, რადგან "ქართული ოცნების" რეიტინგი ეცემა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობამ ყოფილი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება შეცვალა, პირიქით, შესაძლოა, ნეგატიური დამოკიდებულება გამძაფრდა კიდეც.

ბევრის აზრით, დღეს "ნაციონალური მოძრაობა" რომ ისევ პოლიტიკურ ასპარეზზეა, ეს მხოლოდ "ქართული ოცნების" დამსახურებაა, რასაც დიდ შეცდომად უთვლიან. (წაიკითხეთ სრულად)