"ბიჭო, დღედაღამ მიშას ლანძღავ და ახლა რამ გადაგრია?" - კვირის პალიტრა

"ბიჭო, დღედაღამ მიშას ლანძღავ და ახლა რამ გადაგრია?"

ერთმანეთს ხვდებიან რუსი და ქართველი:

რუსი: "რა იყო, თქვენმა პრეზიდენტმა უკვე გახდაც დაიწყო?"

ქართველი: "რა, გაგიკვირდა, თქვენმა პუტინმა არ გაიხადა პირველმა?"

რუსი: "ჰბაძავს, მერე?"

ქართველი: "როგორ გეკადრებათ, იქით მოგვბაძეთ, შეხედეთ რა რეფორმებს ვატარებთ, პოლიციაში ქრთამს აღარავინ იღებს"

რუსი: "როგორ არა, ჰბაძავს, აბა რას შვრება. თქვენმაც ისევე მოახდინა ძალაუფლების უზურპაცია, როგორც ჩვენმა, თქვენიც ისევე დაერია ტელევიზიებს, როგორც ჩვენი... ყველაფერში ჰბაძავს.

ქართველი: "ჰოდა, ახლა დროა თქვენმაც მოგვბაძოს და რეფორმები გაატაროს, მგონი აპირებს კიდეც. ვანო მერაბიშვილი ისე ხშირად გამოგყავთ თქვენს ტელევიზიებში, რადიოებში თუ გაზეთებში...

რუსი: "მაგრამ პუტინის ტორსი აშკარად ჯობია თქვენი პრეზიდენტის ტორსს. ვერ ნახე, რა დაკუნთული პრემიერი გვყავს! თქვენსას კი ღიპი უთანთალებდა."

ქართველი: "რა ტორსებს ადარებ, გვერდიგვერდ დააყენე, ჩვენი ზევიდან დახედავს. ნამდვილი ლილიპუტინი გყავთ. "ტოჟე მნე შვარცენეგერ".

რუსი: "თქვენი ხან იმას გაიძახის, კალათბურთელი ვიყავიო, ხან წყალბურთელიო და ამ დროს ისეთი არასპორტული აღნაგობა აქვს... აუ, როგორ დაათანთალებდა ღიპს! მაგის ადგილზე რომ ვიყო, არც გავიხდიდი, პუტინს გამოსაჩენი მაინც ჰქონდა."

ქართველი: "კარგი, რა, მე კიდევ პუტინის ადგილზე რომ ვიყო, მაღალქუსლიანი ტუფლებით ვივლიდი. იქნებ უფრო მაღალი გამოვჩენილიყავი."

რუსი: "ჩვენი, სამაგიეროდ, თვითმფრინავს ატარებს."

ქართველი: "ჩვენი თვითმფრინავს და ფორმულა სამის მანქანას."

რუსი: "ჩვენი ოლიმპიადას."

ქართველი: "ჩვენი რეფორმებს"

რუსი: "ჩვენი ძიუდოისტია"

ქართველი: "ჩვენი ყველაფრისტია და, საერთოდ, ჩემი ღიპიანი და ბანჯგვლიანი მირჩევნია, თქვენს დაკუნთულ ლილიპუტინს."

მეორე ქართველი ჩურჩულით: "ბიჭო, დღედაღამ მიშას ლანძღავ და ახლა რამ გადაგრია?"

პირველი ქართველი: "ეჰ!"

მაზოხისტები

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, არც შუაღამე იწვის და არც სიო მეუბნება რამეს. არჩევნების წინადღეა, შაბათი დილა. თქვენ რომ ამას წაიკითხავთ, საუკეთესო შემთხვევაში, ორშაბათი დილა იქნება. მოკლედ, არჩევნების შედეგები უკვე გეცოდინებათ. ამიტომაც რთულია ჩემთვის ამ თემაზე წერა, მაგრამ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე კაცმა სხვაზე რაზე უნდა დაწერო? იმის თქმა მინდა, რომ როდესაც თქვენ ამ სტრიქონებს წაიკითხავთ, უკვე გეცოდინებათ ოპოზიციის წაგების ამბავი.

იმედია, არ მკითხავთ, საიდან იცი წინასწარო. ეს უკვე მთელმა საქართველომ იცის. მათ შორის ოპოზიციამაც. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მთავარი ინტრიგა ასეთია: - ოპოზიცია გაფარჩაკდება (ტერმინებს პრეზიდენტს დავესესხებით) თუ ღირსეულად წააგებს. მე რომ ტოტალიზატორის მეპატრონე ვიყო, ფსონს სწორედ ამაზე დავდებდი - გაფარჩაკება თუ ღირსეული  წაგება.

უფრო დაბალ კოეფიციენტს პირველს დავუწერდი, რაც იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ გაფარჩაკების შანსი უფრო დიდია, ვიდრე ღირსეული წაგების. თუმცა არც ეს უკანასკნელი ვარიანტი გამოირიცხება. ღირსეულ წაგებაზე არ შეიძლება საქართველოს საფეხბურთო ნაკრები არ გაგახსენდეს.

ეს სიტყვათაშეთანხმება ბოლო წლებია, ყველაზე ხშირად სწორედ ჩვენს ნაკრებთან დაკავშირებით გამოიყენება. სულ ვაგებთ და უკვე გვიხარია, თუ რომელიმე გუნდთან ღირსეულად წავაგებთ. ჰოდა, ოპოზიციაც დღეს ჩვენი ნაკრების მდგომარეობაშია, ღირსეული წაგებაც მათთვის უკვე დიდი საქმეა.

თუმცა ჩვენმა ნაკრებმა ბოლო დროს თამაში გამოასწორა და აგერ, კამერუნის ძლიერ ნაკრებთან ფრე ითამაშა. ერთი ეგაა, არჩევნებზე ფრე არ მოსულა. ფეხბურთში ხშირია სენსაციაც. აი, ქართულ არჩევნებს კი აქამდე სენსაციები არასოდეს შემოუთავაზებია. ყოველთვის წინასწარაა ცნობილი შედეგები.

დღესასწაული

წლევანდელ 26 მაისს ერთ უცნაურობას დავაკვირდი. ნათესავთან ვიყავი, ვიღაცამ ტელეფონზე დაურეკა. იმან რაღაც უთხრა ყურმილში, ამან, დიდი მადლობა, შენც მრავალს დაესწარიო. ვიფიქრე, ეტყობა დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს-მეთქი. დავინტერესდი.

არაო - მიპასუხა: ლომისობა მომილოცესო... მაშინ მივხვდი, რომ ქართველებს უცნაური ტრადიცია გვაქვს: ერთმანეთს ყველა დღესასწაულს ვულოცავთ, დამოუკიდებლობის დღის გარდა. ახალი წლის დღეებში, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, აუცილებლად მივულოცავთ, სხვანაირად წარმოუდგენელია, იგივე ხდება შობას, აღდგომას.

ასევეა ნათლისღებას, გიორგობას, თამარობას, ფერიცვალობას... აღარ ჩამოვთვლი. ყველა რელიგიურ დღესასწაულზე ქართველი კაცი თავს ვალდებულად მიიჩნევს მოყვასს, როცა შეხვდება, მიულოცოს. იგივე არ ხდება დამოუკიდებლობის დღეს. ამ დღეს მხოლოდ ტელევიზორიდან, გაზეთებიდან გვილოცავენ. გვილოცავენ მხოლოდ ოფიციალური პირები და მორჩა.

როდესაც ერთმანეთს ქუჩაში ვხვდებით, არ ვეუბნებით: გამარჯობა, დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, სულ დამოუკიდებელ საქართველოში გვეცხოვროს ჩვენ და ჩვენს შვილებს... ან რამე ამის მსგავსს. არც სპეციალურად ვურეკავთ ახლობლებს და ნათესავებს ამ დღის მისალოცად, როგორც ეს სხვა დღესასწაულების დროს ხდება..

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს დღე ქართველი კაცისთვის დალევის მიზეზიც კი ვერ ხდება. მაშინ, როდესაც ქართველი კაცი აუცილებლად ქეიფობს აღდგომას, გიორგობას... მე იმას კი არ ვამბობ, რომ გიორგობას და აღდგომას არ უნდა ვიქეიფოთ-მეთქი, პირიქით, უკვე მეორე კვირაა იმას ვდარდობ, დამოუკიდებლობის დღე რატომ არ არის ჩვენთვის დღესასწაული(!).