"წარმომიდგენია, რა განიცადეს გორელებმა ბურჯანაძის განცხადებაზე" - კვირის პალიტრა

"წარმომიდგენია, რა განიცადეს გორელებმა ბურჯანაძის განცხადებაზე"

"კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის სკანდალურ განცხადებას, - "ვფიქრობ, გორი ჩვენების დაბომბილია", - დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

როგორი ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს რუს ოფიცრებთან და როგორ იბომბებოდა გორი, ამას იმ მოვლენათა მონაწილის, ამჟამად გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, კახა ლომაიას ექსკლუზიური ინტერვიუთი შეიტყობთ:

- გულდასაწყვეტია, რომ გორის ოკუპაცია და გორელთა ღირსეული წინააღმდეგობა მხოლოდ უცხოელმა ავტორებმა და ჟურნალისტებმა აღწერეს. ამ პერიოდის გაშუქებას ჩვენს მედიაში სკანდალური საინფორმაციო საბაბით თუ წააწყდები. ეს გორელების შეურაცხყოფაა. ასეთი მიდგომა აზარალებს მომავალი თაობების ისტორიულ მეხსიერებას.

რაც შეეხება კონკრეტულად ბურჯანაძის განცხადებას, ამ ტიპის განცხადებებზე იტყვიან ხოლმე, "ნათქვამი მთქმელზე უფრო მეტს გეუბნება, ვიდრე სათქმელზეო". წარმომიდგენია, რა განიცადეს ამის გაგონებისას გორელებმა... როდესაც ასეთ განცხადებებს ისმენ, ძნელია, არ აღელდე. ამაზე ძნელი, ალბათ, მხოლოდ მიტევებაა. ასეთი განცხადება არა მხოლოდ საქართველოს მოყვარეს, მტერსაც გააოცებდა.

მოგითხრობთ საკუთარი თვალით ნანახზე, რაც მრავალი წყაროს გადამოწმებითაა დადასტურებული.

გორში 13 აგვისტოს, საოკუპაციო ჯარების შესვლის დღეს ჩავედი და  22 აგვისტომდე, მათ გასვლამდე დავრჩი. ჩემი ამოცანა იყო, ადგილობრივ ხელისუფლებას კრიზისული სიტუაციის მართვაში დავხმარებოდი - აუცილებელი იყო, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების გამოყვანა, სამხედრო ტყვეთა გაცვლისა და მძევლად აყვანილი მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლების ორგანიზება.

ომის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ავიაციამ საქართველოს საჰაერო სივრცეში 480-მდე საბრძოლო გაფრენა განახორციელა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 36 პუნქტი - სოფელი და ქალაქი დაბომბა; რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიის შედეგად გორში 37 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მათი უმრავლესობა საჰაერო შეტევებს შეეწირა.  მათგან ერთ-ერთი, სიღნაღელი ექიმი გოგა აბრამიშვილი იყო, რომელიც 12 აგვისტოს, სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში, მისი კოლეგების თვალწინ რუსული შვეულმფრენიდან დაცხრილეს. ცნობისთვის: ჰოსპიტლის სახურავზე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესების შესაბამისად, წითელი ჯვრის გამოსახულებიანი უზარმაზარი ბაირაღი იყო გადაჭიმული;

ასევე, 12 აგვისტოს, რუსების მიერ გამოშვებული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტის კასეტურმა ქობინამ გორის ცენტრში 5 სამოქალაქო პირი და მათ შორის, ჰოლანდიელი რადიოჟურნალისტი, სტან სტორიმანსი გამოასალმა სიცოცხლეს. ეს ფაქტი გამოიძია და დაადასტურა ნიდერლანდების სამთავრობო კომისიამ.

კომბინატის დასახლებაში, მე-7 სკოლის უკან, დაიბომბა საცხოვრებელი სახლი, რომლის ნანგრევებქვეშ 5 კაცი დაიღუპა, მათ შორის ოთხი  ერთი ოჯახის წევრი იყო; ცენტრალური მოედნის ახლოს, საბავშვო ბაღის ეზოში, ჩამოვარდა ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა, რომელმაც საცხოვრებელი სახლები დააზიანა.

ამ რაკეტის ნამსხვრევებს ადგილობრივი მცხოვრები თავის ავტოფარეხში ინახავდა და მერე ჩვენი მანქანის საბარგულით ნაწილ-ნაწილ გავიტანეთ გორიდან და შსს-ს გადავეცით; 19 აგვისტოს, იგოეთის ხიდთან, რუსულ სამხედრო შვეულმფრენში ორი საკაცით შეიყვანეს დაჭრილები - ვიაჩესლავ მარკოვიჩი და იგორ ზინოვი - ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიერ ომის დროს ჩამოგდებული ბომბდამშენების მფრინავები. სხვა რუს სამხედრო ტყვეებთან ერთად ისინი საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებზე გაცვალეს. წარმომიდგენია მათი გაოცება, ეს განცხადება რომ წაეკითხათ.

- გაზეთ ,,კომერსანტისათვის" მიცემულ ინტერვიუში შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს: ,,Гиви Таргамадзе в августе 2008- го предложил российским военным $50 тыс, за то, чтобы они разрушили памятник Сталина в Гори. Тогда ведь контакты неофициальные были, и за деньги можно было выкупить что-то у русских. Вот и решили  выменять на деньги возможность избавиться от Сталина. Они ведь разбомбили Гори, но памятник не тронули".   სტალინის ძეგლის გარდა, აქ საყურადღებოა მეორე მომენტიც - რუსებისაგან ფულით რაღაცის გამოსყიდვა შეიძლებოდაო. არის ასეთი ინფორმაციაც, რომ ქართველები რუსებს ფულს უხდიდნენ, რათა ინფრასტრუქტურა არ დაენგრიათ. მართლაც ასე იყო თუ არა?

- ვთვლი, რომ შს მინისტრის ინტერვიუს ამ ნაწილზე ამომწურავი განმარტებები უკვე გაკეთდა.

ჰუმანიტარული ამოცანების გარდა, გორში საჭირო იყო სამხედრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურის გადარჩენა. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი პირველი ბრიგადის ბაზაში, შენობების სვეტებზე ოკუპანტების მიერ დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობები.

ვისაც გორი 22 აგვისტოს, ოკუპანტების გასვლის შემდეგ უნახავს, მან იცის, რომ პირველი ბრიგადის ბაზაში განლაგებული შენობა-ნაგებობების, ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქმის დამთავრებული ოფიცერთა სახლების უდიდესი ნაწილი და სამხედრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურის სხვა მნიშვნელოვანი ელემენტები გადარჩა. ჩვენ ვსაუბრობთ ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ქონების გადარჩენაზე.

გორის საოკუპაციო დაჯგუფებას ხელმძღვანელობდნენ გენერლები: რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლის მოადგილე ბორისოვი და კოლპაჩენკოვი. სწორედ მათთან გვიწევდა ურთიერთობა, რომ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობოს გაგვეყვანა, ოკუპირებულ სოფლებში სურსათი შეგვეტანა და ავადმყოფები გამოგვეყვანა.

- ოპოზიცია ხშირად მიუთითებს აგვისტოს დღეებში რუს სამხედროებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა არაოფიციალურ ურთიერთობაზე. იმაზეც, რომ თქვენ და გივი თარგამაძე გენერალ ბორისოვს რესტორანში ხვდებოდით. რატომ შეირჩა ურთიერთობის ეს ფორმა?

- ოპოზიციონერ პოლიტიკოსთაგან ოკუპირებულ გორში შევხვედრივარ გია თორთლაძეს (რომელიც მონაწილეობდა მძევლების გათავისუფლებაში) და ჯონდი ბაღათურიას. სხვები იქ არ მინახავს.

ბორისოვს და კოლპაჩენკოვს, როგორც საქართველოს მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი, დღეში რამდენჯერმე ვხვდებოდი -  პირველი ბრიგადის ბაზაში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, კარალეთის გადასახვევთან, ეკლესიაში, ყველგან, სადაც ამას ჰუმანიტარული საჭიროება მოითხოვდა. რამდენჯერმე გვისადილია კიდეც. ეს შეხვედრები აღწერილია რონ ასმუსის წიგნში "პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა" და "ლე მონდში"" გამოქვეყნებულ ჯონათან ლიტლის რეპორტაჟებში.

- რამდენადაც ცნობილია, ჰაიდი ტალიავინიმ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ კომისიის დასკვნა გაეროს გენერალურ მდივანს გადასცა. შემდეგ რა განვითარება პოვა ამ ამბავმა და კიდევ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაეროში თუ არის დაგეგმილი განხილვა ან დებატები?

- კონკრეტულად ამ საკითხზე დებატები გათვალისწინებული არ არის, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე დებატები იმართება - მაგალითად, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წლიური ანგარიშის განხილვისას, რეზოლუციის, "ბავშვები შეიარაღებული კონფლიქტების დროს", აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა რეზოლუციის განხილვის ფარგლებში და სხვ.

გარდა ამისა, ვითარება საქართველოში გაეროს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგის ერთ-ერთი სადისკუსიო საკითხია. რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ კვლავაც არის საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ობიექტი, რაც დაადასტურა კიდეც ევროპარლამენტის ამასწინანდელმა რეზოლუციამ.