"იმოქმედეს პრინციპით: "სანამ დროა, ფული ვიშოვოთ, ბიჭებო!" - კვირის პალიტრა

"იმოქმედეს პრინციპით: "სანამ დროა, ფული ვიშოვოთ, ბიჭებო!"

"კიდევ ერთი რევოლუციითა და არეულობით დასუსტებული უკრაინა დიდი საცდური იქნება რუსეთისთვის"

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარტიების დიდი ნაწილი ვალის მოხდის მიზნით ჩაერთო ამ კამპანიაში"

უკრაინაში მიმდინარე პროცესები, რომელთა მთავარი გმირი საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილია, კვლავაც წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშია. სააკაშვილი დაანონსებულ ტურნეს უკრაინის მასშტაბით შეუდგა და კიევში ვადამდე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ფართომასშტაბიან აქციებს ჰპირდება უკრაინელებს. მოლოდინი, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე უკანონო შეჭრის გამო სამართალდამცავებს შეიძლება დაეკავებინათ, არ გამართლდა. ოფიციალური სტრუქტურების განცხადებით, სააკაშვილის დაკავებისთვის საკმარისი საფუძველი არ არსებობს. როგორ შეიძლება წარიმართოს პროცესები უკრაინაში და რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე? - ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან ინტერვიუ:

- ის, რასაც ჩვენ ვადევნებთ უკრაინაში თვალს, არის მრავალფაქტორიანი კომბინაცია, სადაც როგორც უკრაინის გარეთ, ისე ქვეყანაში მყოფი ბევრი მოთამაშის ინტერესები იკვეთება.

როდესაც ამ ინტერესებზე ვლაპარაკობთ, უპირველესად უნდა გავიხსენოთ, რომ უკრაინა, ფაქტობრივად, რამდენიმე ოლიგარქის გავლენის სფეროებად არის დაყოფილი და სააკაშვილისა და ოპოზიციის უკან დგანან პოროშენკოსთან დაპირისპირებული ოლიგარქებიც, რომლებიც ამ აქციებს ფინანსურად უზრუნველყოფენ.

საგარეო ინტერესზე როცა ვლაპარაკობთ, მიუხედავად სააკაშვილის ერთგვარად თავზე ხელაღებული ნატურისა, წარმოუდგენელია, ეს მხოლოდ მისი დაგეგმილი ოპერაცია იყოს. საეჭვოა, სააკაშვილი დღეს გადაწყვეტილებებს მარტო იღებდეს. ეს მისთვის ჰარაკირის ტოლფასი იქნებოდა, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, მას არ მისცემდნენ ამდენის უფლებას.

ქვეყანა, საიდანაც მან შეანგრია უკრაინის საზღვარი, პოლონეთია - აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორი და ევროკავშირის ორგანული წევრი. ეს რომ წინააღმდეგობაში მოდიოდეს ნატოსა თუ ევროკავშირის ქვეყნებთან, პოლონეთის ხელისუფლების ეს ქმედება უდავოდ განსაზღვრულ სანქციებს დაექვემდებარებოდა...

- თუ ასეა, რა არის ამ პროცესის საბოლოო მიზანი?

- ამ ეტაპზე ეს ძალზე ძნელი სათქმელია. სააკაშვილისა და უკრაინის ოპოზიციის მოქმედებებს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ეს რისკები გასათვლელია. აქ მარტო ხელისუფლებისთვის, "დემოკრატიისთვის" ან კორუფციასთან ბრძოლაზე არ არის ლაპარაკი. ისევ და ისევ მთავარი რისკ-ფაქტორია რუსეთი, რომელმაც უკრაინაში კიდევ ერთი რევოლუციის შემთხვევაში ძალიან მარტივად შეიძლება დაიკავოს ის ტერიტორიები, რაც ჯერ კიდევ უკრაინის იურისდიქციაშია, ეს არის დონბასი და აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქები და სოფლები... ანუ რუსეთს, ისე, როგორც ყირიმის შემთხვევაში, გაუჩნდეს საბაბი, თითქოს დასავლურ რევოლუციას არ იზიარებენ უკრაინის რუსებით დასახლებული სამრეწველო რაიონები და მზად არიან, რუსეთის შემადგენლობაში შევიდნენ.

მოკლედ, კიდევ ერთი რევოლუციითა და არეულობით დასუსტებული უკრაინა დიდი საცდური იქნება რუსეთისთვის, თუმცა, არ ვამტკიცებ, რომ ამგვარი სცენარი აუცილებლად განვითარდება, მაგრამ იმედია, ეს, როგორც რისკ-ფაქტორი, ამ ოპერაციის დამგეგმავებმა იციან და შესაძლო შედეგებიც გათვლილი აქვთ.

უკრაინაში კიდევ ერთი რევოლუცია და არასტაბილურობა იმ დროს, როდესაც ევროკავშირში რყევებია, როდესაც აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიციები ძალიან მერყევია ყველა მიმართულებით, სულ მცირე, აღმოსავლეთ ევროპაში პოლიტიკური მიწისძვრის დასაწყისად შეიძლება იქცეს.

ამ ყველაფრის მიღმა რა არის ის რეალური მიზანი, რასაც სააკაშვილის მხარდამჭერი თუ უკან მდგომი დასავლეთის პოლიტიკური ელიტის ნაწილი გეგმავს, ამ გადასახედიდან ძნელი დასანახია.

პოლიტიკა იმდენად რთული სფეროა, ვერავინ დაიჯერებს, რომ დასავლეთს ამ ეტაპზე მხოლოდ პოროშენკოს კორუმპირებული რეჟიმი აწუხებს. როგორც ჩანს, მიზეზები უფრო ღრმად არის საძებნი. თუმცა, ცხადზე ცხადია ისიც, რომ პოროშენკო ქვეყნის სათავეში არ აკმაყოფილებთ. სწორედ ამიტომაცაა, რომ სააკაშვილი აანონსებს ვადამდე არჩევნების მოთხოვნას და კიევში აქციების დაწყებას აპირებს.

მეორე მხრივ, ძალიან უცნაურია უკრაინის ხელისუფლების საქციელი: სააკაშვილს არ უნდა იცნობდე, მას რომ დრო მისცე. არადა, ფაქტობრივად, პოროშენკომ დრო მისცა. გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესი, რომელზეც სააკაშვილის შესაძლო გაძევების საკითხი უნდა განიხილონ, რამდენიმე კვირით შეიძლება გადაიდოს, რადგან ყველა მოსამართლე, გარდა ერთისა, ან შვებულებაშია, ან გათავისუფლებულია სამსახურიდან. შედეგად, სააკაშვილი და მასთან ერთად ოპოზიცია იოლად ახერხებს უკრაინელი საზოგადოების მობილიზებას, ისევე როგორც მოლაპარაკებას ოლიგარქებთან, რომელთაც ამა თუ იმ რეგიონში დიდი გავლენა აქვთ.

გარდა ამისა, ის განცხადებები, რომ თურმე მისი დაკავების საფუძველი არ არსებობს, ცოტა უცნაურია. წარმოუდგენელი რამ მოხდა - ფაქტობრივად, ძალის გამოყენებით გაირღვა უკრაინის საზღვარი. რა თქმა უნდა, ესეც არაერთ კითხვას აჩენს, როდის აქეთ გახდა ასეთი ლოიალური და კანონმორჩილი უკრაინის ხელისუფლება, ცოტა გაუგებარია.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ოპერაციის მთავარი მიზანი სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლაა. გაცილებით შორს მიმავალი მიზნები იმალება ამ ყველაფრის უკან, პოროშენკოს ხელისუფლებისგან ჩამოშორება ამ ოპერაციის მხოლოდ ფასადია. რეალურ მიზნებს, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დავინახავთ.

- თქვენი აზრით, ის პროცესი, რაც უკრაინაში მიმდინარეობს და სააკაშვილის აქტიურობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე რა გავლენას მოახდენს, მით უფრო მოახლოებული არჩევნების წინ?

- სააკაშვილის მოქმედებებიდან გამომდინარე, ცხადად ჩანს, რომ ის ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. განცხადებებში ცდილობს, ხაზი გაუსვას ერთ საკითხს, რომ ის იბრძვის არა მხოლოდ დემოკრატიისთვის უკრაინაში, არამედ საქართველოს დემოკრატიისთვისაც. იმედს გამოთქვამს, რომ ამ უკრაინული პროცესების პარალელურად შეძლებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას. თუმცა, დღეს მისი მთავარი სცენა უკრაინაა და საქართველოსთვის ნაკლებად სცალია.

ამას მაფიქრებინებს მისი ერთ-ერთი ბოლო სკანდალური განცხადება, რომ პრეზიდენტობის დროს თურმე სამართალდამცავებს უკრძალავდა თვალთვალსა და ფარული ჩანაწერების გაკეთებას, მათ შორის აგენტებისა და კრიმინალების შემთხვევაშიც კი.

ეს განცხადება იმდენად სცდება რეალობას და იმდენად ცინიკური იყო ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ძნელი დასაჯერებელია, რომ ამის თქმისას სააკაშვილი ფიქრობდა ქართველ ელექტორატზე.

ის, რაც შეიძლება კარგად გაიყიდოს უკრაინაში, საქართველოში აბსოლუტურად უკურეაქციის მომცემი აღმოჩნდა. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ყველაზე მთავარი, რასაც სააკაშვილის ხელისუფლებას ბრალად უყენებდნენ, იყო სწორედ ეს - ადამიანის უფლებების გათელვა, პირადი ცხოვრების დაცულობის სრული უგულებელყოფა და ა.შ. ამიტომაც მოჰყვა ამას ქართულ სოციალურ ქსელებში ასეთი მძაფრი რეაქცია: სააკაშვილის ამ განცხადებამ ცივი წყალი გადაასხა მათ, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ რეინკარნირებული სააკაშვილი შეინარჩუნებდა მხოლოდ აღმშენებლობით ნაწილს და ჩამოირეცხავდა ძალმომრეობით თვისებებს.

თუ სააკაშვილის სვლა უკრაინაში წარმატებით გაგრძელდა, მაშინ რამდენიმე პროცენტით, არა მნიშვნელოვნად, მაგრამ მაინც, შეიძლება გაიზარდოს "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი და ეს აისახოს არჩევნების შედეგზეც.

სხვა საქმეა, თუ სააკაშვილის ექსტრადირება მოხდება საქართველოში. ეს, სავარაუდოდ, სულ მცირე, ქართველი საზოგადოების პოლარიზებას გამოიწვევს, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეც აღმოვჩნდეთ. სააკაშვილის საქართველოში ნებისმიერი ფორმით ყოფნა, ექსტრადირება, ციხეში ჩასმა თუ თავისუფლება დღევანდელი ხელისუფლებისთვის დიდ პრობლემად იქცევა. ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლებისთვის ყველაზე ოპტიმალური სტატუს-კვო ის არის, რომ სააკაშვილმა საქართველოსკენ არ გამოიხედოს. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვითარება, ძნელი სათქმელია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად წარმატებულად გაართმევს თავს სააკაშვილი ნომერ მეორე მისიას უკრაინაში (მისი პირველი მისია, ოდესის გუბერნატორობა, აშკარად მარცხით დასრულდა). ამაზე იქნება დამოკიდებული არა მხოლოდ მისი, როგორც პოლიტიკოსის მომავალი, არამედ ორი ისეთი ქვეყნის მომავალიც, როგორიც არიან უკრაინა და საქართველო.

- რამდენიმე დღის წინ "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, განაცხადა, რომ "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს კეზერაშვილს მილიონები ყაჩაღობით აქვს ნაშოვნი. მან კეზერაშვილი იმაშიც დაადანაშაულა, რომ იგი არჩევნებში "ევროპელ დემოკრატებს" აფინანსებს...

- ცალკეული პოლიტიკოსის ასეთი ტიპის გამონათქვამებზე, როგორც წესი, კომენტარს არ ვაკეთებ, პოლიტიკოსების დაპირისპირება ჩემი ინტერესის სფეროს სცილდება. ერთადერთი, რაც ამაზე შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ თუკი სააკაშვილი პოზიციებს გაიმაგრებს უკრაინაში, ეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში დიდ რყევებს გამოიწვევს და უპირველესად გააჩენს პრობლემებს "ნაციონალური მოძრაობისგან" შობილ თუ გამოყოფილ პარტიებს შორის. მოკლედ, სააკაშვილის შესაძლო წარმატების კვალდაკვალ "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილ პოლიტიკოსებსა და ამ ორგანიზაციიდან წასულთა შორის შიდა გარჩევები და ურთიერთანგარიშსწორება სულ უფრო მწვავე გახდება. თუკი სააკაშვილი დაკარგავს აქტუალურობას, ამ პარტიებსაც გასაყოფი და ერთმანეთზე საეჭვიანო ნაკლები ექნებათ. დარწმუნებული ვარ, თუკი სააკაშვილმა შეძლო უკრაინაში ფეხის მოკიდება და გახდა ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ფიგურა, "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოყოფილი პოლიტიკოსების ნაწილი კვლავ შეეცდება სააკაშვილთან მისასვლელი გზების მოძიებას, ისევე როგორც "ქართულ ოცნებაში" მყოფი პირებიც, მათ შორის ისინიც, ვინც კარიერით, ქონებით, სახელითა და წარმატებით დავალებულია ივანიშვილისგან. არაერთხელ გვინახავს, რა ყელმოღერებული გარბიან ხოლმე ერთი პატრონისგან მეორესთან, როგორც კი კარიერისა თუ ქონების გადარჩენაზე მიდგება საქმე. ამიტომაც სააკაშვილის ფაქტორი იქნება კარგი ლაკმუსის ქაღალდი იმის გამოსავლენად, თუ ვინ რას წარმოადგენს და ვინ რა ინტერესებით არის გადასული თუ ჩანერგილი ამა თუ იმ პარტიაში.

მელიას განცხადებაც ამ კონტექსტში უნდა წავიკითხოთ.

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ძნელად მახსენდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ასეთი მშვიდი და თითქმის შეუმჩნეველი წინასაარჩევნო კამპანია.

- გეთანხმებით, ეს არის აბსოლუტურად მშვიდი, უფრო სწორად, დუნე კამპანია, რაც არ არის განპირობებული იმით, რომ თითქოს თვითმმართველობის არჩევნებისადმი დაბალია ინტერესი. უაღრესად მნიშვნელოვანია და ნებისმიერ დეპუტატზე დიდი წონა აქვს პირდაპირი და საყოველთაო წესით არჩეულ დედაქალაქის მერს, ასევე დიდი წონის ფიგურები არიან ქუთაისისა და ბათუმის მერები... აქედან გამომდინარეც კი, თავისი პოლიტიკური წონით დიახაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. შესაბამისად, თითქოსდა გაუგებარი უნდა იყოს, რატომ მიმდინარეობს ასე დუნედ, მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს.

ხელისუფლებას არ სჭირდება მაღალ ემოციურ რეგისტრში მიმდინარე საარჩევნო პროცესი, იმიტომ, რომ რაც უფრო დიდი დაძაბულობით მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, მით მეტი მოქალაქე მიდის არჩევნებზე, რაც უფრო დუნეა კამპანია, მით უფრო ნაკლები ამომრჩევლის ყურადღებას იპყრობს. ეს კი სახელისუფლებო პარტიის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგანაც ის, როგორც წესი, ახერხებს ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას.

რაც შეეხება ოპოზიციას, მის ინერტულობას განაპირობებს ის, რომ მას არ ყოფნის ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი ემოციური, დინამიკური და ინოვაციური კამპანიის საწარმოებლად. აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელთაგან უმთავრესია ის, რომ ოპოზიციას არა აქვს საზოგადოების მხარდაჭერა არც ცალ-ცალკე და არც ერთად აღებულს. აქედან გამომდინარე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარტიების დიდი ნაწილი ვალის მოხდის მიზნით ჩაერთო ამ კამპანიაში. ზოგადადაც, ეს არჩევნები და წინასაარჩევნო კამპანია არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ოპოზიცია. არ მოვყვები კონკრეტული პარტიების დასახელებას, მაგრამ ბევრი პარტია, რომლებმაც თბილისის მერობის არჩევნებში წამოაყენეს თავისი კანდიდატურა, სრულიად გაუგებარია, რის მიღწევას ცდილობს, რა არის მოტივაცია, როდესაც დასაწყისშივე წაგებულია ბრძოლა.

სატირულ-იუმორისტულ სპექტაკლს ემსგავსება ამ არჩევნებში ოპოზიციის ამდენი, უკვე დამარცხებული, კანდიდატის მონაწილეობა.

გასაგებია, რომ ამ ტიპის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ამომრჩეველსაც აღარ აქვს. ამიტომაც, სავარაუდოდ, ელექტორატის მცირე ნაწილი მივა საარჩევნო ურნებთან.

რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციურ პარტიას ეს არ შეეხება. "ნაციონალური მოძრაობა" გარანტირებულად გადალახავს ბარიერს და სააკაშვილის ბედი როგორც წარიმართება უკრაინაში, ნაწილობრივ ამაზე იქნება დამოკიდებული მისი აქაური პარტიის პროცენტების ზრდა თუ შემცირება. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათგან ბარიერის გადალახვის შანსი აქვს "პატრიოტთა ალიანსს" და ბარიერთან ახლოს იქნება "ევროპული საქართველოც". საბოლოოდ კი ისე მოხდება, რომ ხელისუფლება კი არ გაიმარჯვებს, უფრო ოპოზიცია დამარცხდება.

თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე ექსცენტრიკული და აქტიური კანდიდატი ალეკო ელისაშვილიც კი ძალიან დუნე კამპანიას ატარებს. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება თბილისის მერის არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს.

იმედია, ხელისუფლება ძირითადი კონკურენტების მიმართ შავ პიარს არ მიმართავს. ამ მხრივ ეს კამპანია საკმაოდ სუფთად მიმდინარეობს, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ზედაპირზე ამოსული სიბინძურისგან რადიკალურად განსხვავდება.

- მაშინ, როდესაც თითქოს ხელისუფლებამ საკონსტიტუციო პროცესი დასრულებულად გამოაცხადა და უკვე მომზადებული ცვლილებების პაკეტის მესამე მოსმენით მიღებისთვის ემზადებიან, მოულოდნელად პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო ოპოზიციასთან. ხელისუფლებაშიც აცხადებენ, რომ თითქოს დიალოგს უჭერენ მხარს. ამასობაში, სადაცაა გამოქვეყნდება ამ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის კიდევ ერთი დასკვნა.

- ეს ყველაფერი წყლის ნაყვასა და მოქმედების იმიტაციას ჰგავს. დაგვიანებულია პრეზიდენტისა და ოპოზიციის აქტიურობა. მათ შეეძლოთ ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებაზე მანამდე ეზრუნათ, სანამ კანონპროექტს ორი მოსმენით მიიღებდნენ. რაც შეეხება ხელისუფლების დიალოგისთვის მზაობას, ეს არარეალურია. როგორც ჩანს, ეს ბოლო განცხადებები განპირობებულია იმით, რომ დასავლეთიდან გრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, მაგრამ არა იმგვარი, როგორიც გვახსოვს, მაგალითად, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც პირდაპირ ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და არანაკლები რანგის ევროპელი პოლიტიკოსების დონეზე წყდებოდა საქართველოს კანონმდებლობაში არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების მცდელობა. გახსოვთ, ალბათ, რამდენად კატეგორიული იყო მათი განცხადებები.

დღეს, ჯერ ერთი, დასავლეთს არ სცალია საქართველოსთვის იმდენად, როგორც მაშინ ეცალა. მეორე მიზეზი დასავლეთის პასიურობისა ის არის, რომ დასავლეთს აქ არ ეგულება იმგვარი დასაყრდენი, რომლისთვისაც გარჯა შეიძლება ღირდეს.

- 10.150 ლარის ოდენობის პრემია-დანამატები აიღო ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 11-მა საჯარო მოხელემ მუნიციპალიტეტის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ანზორ სვანიძის თქმით, პრემიები დამსახურებულად გამოიწერა. როგორც აღმოჩნდა, იმ მომენტისთვის, როცა ეს პრემიები გაიცა, 3000 მეხანძრე-მაშველს ჯერაც არ ჰქონდა პრემია მიღებული.

- როგორც გავიგე, ბორჯომის ამჟამინდელი გამგებელი აღარ არის კანდიდატად წამოყენებული, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საბიუჯეტო სახსრების პირდაპირ დატაცებასთან გვაქვს საქმე. გამოდის, იმოქმედეს პრინციპით: "სანამ დროა, ფული ვიშოვოთ, ბიჭებო!"

ეს ყოვლად გაუმართლებელია მაშინ, როდესაც ამ ხანძრებმა გამოაჩინა ტექნიკური აღჭურვილობის კატასტროფული დეფიციტი. უპირველესი, რაც ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა, პრემიები კი არ უნდა გაეცა, მით უფრო სახელმწიფო ჩინოსნებზე, ტექნიკურ აღჭურვაზე უნდა გადაესროლა მთელი თანხები, შემდეგ კი უშუალოდ იმ პირებისთვის მიეცა პრემია, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად აქრობდნენ ხანძრებს.

ეს მაგალითი ამხელს იმ დაუსჯელობის სინდრომს, რაც განსაკუთრებით ადგილობრივ თვითმმართველობებშია ფესვგადგმული, ისევე როგორც კორუფციული გარიგებები. ეს არ არის ერთი და გამონაკლისი შემთხვევა. სამწუხაროდ, ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ რა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

ნათია დოლიძე