კურტ ვოლკერი: "საქართველო არ არის მზად, გახდეს ნატოს წევრი" (ექსკლუზივი)
18-09-2017
კურტ ვოლკერი: "საქართველო არ არის მზად, გახდეს ნატოს წევრი" (ექსკლუზივი)
რას ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცწარმომადგენელი სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე და დაივიწყა თუ არა დასავლეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

უკრაინაში არსებულ კონფლიქტურ ვითარებაზე, რუსეთის ფაქტორზე უკრაინის ამბებში, ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და პერსპექტივებზე "კვირის პალიტრა" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერს ესაუბრა.

- 5 სექტემბერს ვლადიმირ პუტინი დონბასის ტერიტორიაზე მშვიდობისმყოფელების განლაგების შესახებ ინიციატივით გამოვიდა. რას ნიშნავს ეს შეთავაზება და რას ფიქრობთ ამაზე?
- ეს დისკუსიების სერიოზული დაწყებაა. სამშვიდობო ძალების შეთავაზება იმის
აღიარებაა, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა, ჩვენ სხვადასხვა მოსაზრება გვაქვს ასეთი მისიის მანდატსა და მოქმედების სფეროზე. მანდატი და მოქმედების სფერო უფრო ამბიციური უნდა იყოს, რათა უსაფრთხოება რეალურად იქნეს უზრუნველყოფილი და შეიქმნას უსაფრთხოების სივრცე, რომელშიც უკრაინის მთავრობა შეძლებს პოლიტიკური
ვალდებულებების შესრულებას მინსკის შეთანხმებების შესაბამისად.

- პეტრო პოროშენკოს განცხადებით, გაეროს მშვიდობისმყოფელების განლაგება არ უნდა იქცეს რუსეთის ხელში დონბასის ოკუპაციის დაკანონების საშუალებად. უკრაინელების აზრით, მშვიდობისმყოფელები რუსეთ-უკრაინის საზღვარზე უნდა განლაგდნენ. მარტივად რომ ვთქვათ, უკრაინელები არ ენდობიან ვლადიმირ პუტინს.
- თავად პოროშენკოს შეთავაზება იყო, რომ მშვიდობისმყოფელებს კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოება უზრუნველეყოთ, მათ შორის გაეკონტროლებინათ უკრაინა-რუსეთის საზღვარი. რუსეთი აქამდე აცხადებდა, რომ არ განიხილავდა ამას, ახლა კი გამოდის ინიციატივით, რომელიც განსხვავებულია და მიმართულია კონფლიქტის გამყოფ ხაზზე. ვიზიარებ უკრაინის შეშფოთებას, რომ მშვიდობისმყოფელების განლაგება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ხაზის გასწვრივ არ უნდა მოხდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიფიქროთ მანდატისა და მოქმედების სფეროს გაფართოებაზე.

- თქვენი აზრით, უნდა იყვნენ თუ არა მშვიდობისმყოფელებს შორის რუსი სამხედროები? საქართველოში რუსი მშვიდობისმყოფელები გვყავდა და კარგად ვიცით, როგორ დასრულდა ეს.
- თავდაპირველად ჩვენ მისიის მანდატსა და მოქმედების სფეროზე ვისაუბრებთ. თუ ამ საკითხზე შეთანხმებას მივაღწევთ, შემდეგ განვიხილავთ, თუ რომელი ქვეყნები შევლენ მისიის შემადგენლობაში. როგორც წესი, გაერო კრძალავს, ქვეყანაში, სადაც კონფლიქტია, მოსაზღვრე ქვეყნები შედიოდნენ სამშვიდო ძალების შემადგენლობაში

- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ზიგმარ გაბრიელის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პუტინის შეთავაზება მშვიდობისმყოფელების განლაგების თაობაზე შესრულდება, ეს შეიძლება რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საფუძველი გახდეს. როგორია თქვენი პოზიცია რუსეთისთვის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით?
- სანქციების საფუძველი ორი ნაწილისგან შედგება: პირველი მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციაა და მეორე კი, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირება... სანქციების მოხსნის საფუძველი დეოკუპაცია იქნება.

- უკრაინული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ უკრაინა არ არის მზად ნატოსთვის და ნატოც არ არის მზად უკრაინის მისაღებად. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ერთგვარი სიგნალი შეიძლება გახდეს რუსეთისთვის, განაგრძოს დესტრუქციული ქმედებები, ვინაიდან უკრაინა დაცული არ იქნება ნატოს მხრიდან მისი წესდების მეხუთე მუხლის შესაბამისად?
- პირველ რიგში, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არჩევანში. ამჟამად უკრაინა არ არის მზად ნატოს წევრობისთვის. მას ბევრი სამუშაო აქვს. სხვა ქვეყნებმა, რომლებიც ნატოს შეუერთდნენ, გაცილებით ბევრი გააკეთეს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირებისთვის, კორუფციასთან ბრძოლისთვის, სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის და ა.შ. უკრაინა ამ გზაზე დგას ახლა. რაც მთავარია, ის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე, არ არის იმის მიზეზი, თუ რატომ არ შეუძლია უკრაინას ნატოს შეუერთდეს. ასე რომ იყოს, მაშინ რუსეთი თავის შეიარაღებულ ძალებს განალაგებდა ყველას ტერიტორიაზე.

- მაშინ იმავე კითხვას საქართველოზეც დაგისვამთ. არის თუ არა საქართველო მზად ნატოსთვის და არის თუ არა ნატო მზად, საქართველო თავის რიგებში მიიღოს?
- მე ბეჯითად ვმუშაობ, რათა თქვენს მისწრაფებებს სათანადო მხარდაჭერა ჰქონდეს ევროკავშირში, ნატოში. თუმცა, დღეს საქართველო ასევე მზად არ არის, გახდეს ნატოს წევრი. უკრაინასთან შედარებით საქართველოს უკეთესი პროგრესი აქვს. ვგულისხმობ გამჭვირვალობას,
იმ წვლილს, რომელიც საქართველომ შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში, რეფორმებს თავდაცვის სფეროში, კორუფციასთან ბრძოლას და ა.შ. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ნატოში დღეს ვინმე იტყვის, მზად ვართ, საქართველო წევრად მივიღოთო. საქართველოში უნდა იყოს წარმატებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო დემოკრატია, როგორიც ნატოს სხვა ქვეყნებშია და მოემზადოს იმისთვის, როდესაც ნატო გადაწყვეტილებას მიიღებს შემდგომ გაფართოებაზე, პირველ რიგებში იყოს. შეგახსენებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითს - 1999 წელს მათ განუცხადეს, რომ შეუძლებელი იყო ნატოში გაწევრება, თუმცა, 2002 წელს ისინი ნატოში მოიწვიეს.

- მოდი, პირდაპირ ვთქვათ, როდესაც საუბრობთ კრიტერიუმების შესრულებაზე, ჩნდება ეჭვი, რომ საქმე მხოლოდ კრიტერიუმებში არ არის. რომ ავიღოთ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგი, დემოკრატიის დონის, კორუფციასთან ბრძოლის და ა.შ., საქართველო ნატოს ბევრ წევრ ქვეყანას უსწრებს, მაგალითად, ალბანეთს.
- ნატოში ვინმეს მისაღებად საჭიროა ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსი. ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ იმ ფაქტს, რომ რუსეთი დიდი მეზობელია. რაც შეეხება ალბანეთს, რომელიც მაგალითად მოიყვანეთ, ალბანეთმა საკმაოდ კარგი სამუშაო შეასრულა. ალბანეთმა ასევე ჩაატარა ბევრი რეფორმა. ის ახლაც განაგრძობს განვითარებას. იმედია, საქართველოც განაგრძობს რეფორმების გზას.

- 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა, სადაც მოქალაქეობის დაბრუნებასა და პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას გეგმავს...
- უკრაინისთვის ყველაზე საუკეთესო სცენარია აჩვენოს, რომ მას აქვს კანონის ძლიერი უზენაესობის გარემო. სააკაშვილს შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები სასამართლოში. არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ამ სიტუაციიდან პოლიტიკური დრამა შეიქმნას. უკრაინამ უნდა განაგრძოს იმ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც დღის წესრიგში აქვს. ეს იქნება კარგი უკრაინისთვის.

- "ფაინანშლ თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ აშშ სერიოზულად განიხილავს უკრაინისათვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხს. ამას რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდება კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.
- უკრაინაში თავდაცვითი შეიარაღება არავის დააზიანებს, თუ ეს ვინმე აგრესორი არ არის. არავითარ ესკალაციას ეს არ გამოიწვევს. პირიქით, მომავალი კონფლიქტის შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს.

- დასავლელი ლიდერები რუსეთთან დაპირისპირებაში ყოველთვის ახსენებენ ყირიმის ანექსირებას, თუმცა, არ უხსენებენ რუსეთს იმას, რომ საქართველოს ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დასავლეთ - რუსეთის დისკუსის დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არ დგას?
- არა მგონია, რომ ვინმემ დაივიწყა საქართველოს საკითხი, ან რომ ვინმე არ ეთანხმებოდეს იმას, რომ საქართველომ უნდა აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა. უბრალოდ, საქართველოში დღეს საბრძოლო ქმედებები აქტიური არ არის, განსხვავებით უკრაინისაგან.

კახა დგებუაძე

quTaiseli
23 სექტემბერი 2017 13:25
რათუნდა ამდენი კითხვების დასმა ვერ გაიგეთ რო რუსეთი არის დამაბრკოლებელი მიზეზი ნატოს გაფართოვების არასდროს არ მიგვიღებენ ნატოში სანამ უარს არ ვიტყვით ტერიტორიებზე უბრალოდ თვითონ უნდა მიხვდე ამას და არუნდა იყო პატარა ბავშვივით მიამიტი.
ირაკლი
22 სექტემბერი 2017 12:44
სიტყვების რახარუხია ამის საუბარი. რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებით არავინ არ მიგვიღებს ნატოში თუნდაც სამაგალითო ქვეყანა გავხდეთ დემოკრატიის მხრივ და ასევე უკრაინაც
Gio
22 სექტემბერი 2017 12:06
ცუციკები არიან ეშინიათ რუსეთის,

რედაქტორის რჩევით