პროკურატურა ბურჭულაძის წინააღმდეგ საქმეს აღძრავს?!
18-09-2017
პროკურატურა ბურჭულაძის წინააღმდეგ საქმეს აღძრავს?!
"ფონდში შემოსული თანხების ყველაზე დიდი პროცენტი არა - მოქალაქეთა შემოწირულობებით, არამედ პაატა ბურჭულაძის მეგობრების ძალისხმევისა და მისი პირადი კონტაქტების შედეგი იყო"

უამრავი შეკითხვა დაგროვდა: დღემდე რატომ არ მიუღიათ ბენეფიციარებს ნაჩუქარ საცხოვრებელზე საკუთრების უფლება? იყენებდა თუ არა ფონდში შეწირულ თანხებს პაატა ბურჭულაძე პირადი მიზნებისთვის, მათ შორის, სამოგზაუროდ, შვილისთვის ორი ბინის შესაძენად ან პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად?


ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით პროკურატურას გამოძიების დაწყების
მოთხოვნით მიმართა - როგორც აფბა-ში აცხადებენ, აუცილებელია, ამომწურავი პასუხი გაეცეს ფონდის საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებულ კითხვებს, როგორ განკარგავდა წლების განმავლობაში პაატა ბურჭულაძე ფინანსებს და როგორ იხარჯებოდა მილიონობით შემოწირული ლარი ბენეფიციარებზე. დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" აფბა-ს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი­ საუბრობს:

- ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე პაატა ბურჭულაძის ფონდ "იავნანასთან"
დაკავშირებით უამრავი შეკითხვა დაგროვდა, მაგალითად: დღემდე რატომ არ მიუღიათ ბენეფიციარებს ნაჩუქარ საცხოვრებელზე საკუთრების უფლება? იყენებდა თუ არა ფონდში შეწირულ თანხებს პაატა ბურჭულაძე პირადი მიზნებისთვის, მათ შორის, სამოგზაუროდ, შვილისთვის ორი ბინის შესაძენად ან პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად? აუდიტორული დოკუმენტების მიხედვით, ფონდმა ცხრა წლის განმავლობაში თითქმის ათი მილიონი ლარი მიიღო, საიდანაც "იავნანას" ადმინისტრაციამ დეკლარირებული ხარჯები შემდეგნაირად აღწერა: სამი მილიონ 70 ათასი ლარი ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, 2 მილიონ 390 ათასი - საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებისთვის, უშუალოდ ქველმოქმედებისთვის კი 3 260 00 ლარი დახარჯულა, ანუ ფონდმა ქველმოქმედების სახელით მიღებული ფინანსური რესურსის მხოლოდ მესამედი გამოიყენა ქველმოქმედებისთვის, თუმცა ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ამ მესამედ თანხასაც პაატა ბურჭულაძე განკარგავდა. ერთი შედარება: ბინებსა და სახლებში, რომლებიც ბენეფიციარებს გადაეცათ, "იავნანამ" სულ" 820 ათასი ლარი გადაიხადა, ხელფასებისთვის კი ადმინისტრაციამ მილიონ 760 ათასი ლარი გამოიწერა, ანუ ორჯერ მეტი თანხა ფონდის თანამშრომლებისთვის დაიხარჯა.

ამასთან, პაატა ბურჭულაძის ჩატარებულ კონცერტებში ფონდმა 2 მილიონ 390 ათასი ლარი დახარჯა, ამ კონცერტებიდან კი ფონდმა მხოლოდ მილიონ 260 ათასი ლარი მიიღო, ანუ კონცერტები რომ არ ჩატარებულიყო და შემოსული თანხა პირდაპირ ბენეფიციარებს ჩარიცხოდათ, ისინი ორჯერ მეტს მიიღებდნენ.

- თუ არის დათვლილი, ვინ რა ოდენობის ხელფასს იღებდა საქველმოქმედო ფონდში?

- POST TV-ს მოძიებული მასალების მიხედვით, მხოლოდ ოთხმა თანამშრომელმა მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, აქედან ასი ათასი ლარი მიიღო პაატა ბურჭულაძის მეუღლემ. ამ ოთხ თანამშრომელს შორის არის ვინმე გიორგი თურქია, რომელიც მოგვიანებით პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ძალის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ შემომწირველად ითვლებოდა. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: ხომ არ იყენებდა საზოგადოების მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებულ თანხებს პაატა ბურჭულაძე პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის? 2016 წელს ბურჭულაძის პარტიას ვლადიმერ ჩიტაიაც აფინანსებდა, რომლის დაფუძნებული ორი აუდიტორული კომპანია - "ფინანსური მართვის ჯგუფი" და "კონსულტანტი" - ფონდის მუშაობას ამოწმებდა. ესეც, თავისთავად, კითხვებს ბადებს. რატომ ამოწმებდა ერთი პირის მიერ დაფუძნებული ორი სხვადასხვა აუდიტორული კომპანია ფონდს და ხომ არ იყო ეს გამიზნული საზოგადოების თვალის ასახვევად, თითქოს "იავნანა" იმდენად გამჭვირვალედ განკარგავდა თანხას, რომ სხვადასხვა აუდიტორებს ამოწმებინებდა თავის შემოსავლებს? წინააღმდეგ შემთხვევაში, კვალიფიციურ აუდიტორებს უნდა შეენიშნათ, რომ ფონდის შემოსავლებიდან შვიდასი ათასი ლარი მხოლოდ ავიაბილეთებში დაიხარჯა. ამ თანხიდან პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მგზავრობისთვის 150 ათასი ლარი გამოიყო.
აუდიტორებს კითხვა არც მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ფონდმა ბურჭულაძისთვის ორი ძვირად ღირებული, უახლესი მოდელის ავტომობილი შეიძინა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ფონდმა ვაკეში, პაატა ბურჭულაძის შვილისთვის, ორი ფეშენებელური ბინა შეიძინა, ბენეფიციარების ნაწილმა კი საჩუქრად მიღებული სახლების გამოყენება აქამდე ვერ მოახერხა. ერთ-ერთის სახლი პირდაპირ ოკუპირებული ტერიტორიის საზღვართან არის, სხვების კი საცხოვრებლად უვარგისია. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ კითხვებისა, რაც ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით დღემდე პასუხგაუცემელია, ამიტომაც არის პროკურატურის რეაგირება მნიშვნელოვანი. თუ სისხლის სამართლის დანაშაული დადასტურდება, ყველამ, მათ შორის - პაატა ბურჭულაძემ პასუხი უნდა აგოს. ამასთან, აუცილებელია, საკანონმდებლო დონეზე საქველმოქმედო ფინანსური ანგარიშების აღწერა, თუ როგორ იხარჯება ხალხის მიერ გაჭირვებული მოსახლეობისთვის გაღებული ფული.

კითხვებია შესაწირ ყუთებთან დაკავშირებითაც, რომლებიც ყველა სავაჭრო ობიექტშია განთავსებული და მოსახლეობა ამ ყუთებში ფულს ყრის.

- კონკრეტულად რა შეკითხვები ჩნდება შესაწირ ყუთებთან დაკავშირებით?

- შესაწირი ყუთებიდან ცხრა წლის განმავლობაში ფონდმა მხოლოდ მილიონი ლარის შემოსავალი დააფიქსირა, რაც ყველა გათვლითა თუ ექსპერიმენტით დაუჯერებლად დაბალი მაჩვენებელია, რადგან ქვეყნის მასშტაბით 120 ყუთია რეგისტრირებული.
ანუ პაატა ბურჭულაძის ორგანიზაცია ცხრა წლის განმავლობაში გვიმტკიცებდა, რომ ყუთებიდან ყოველწლიურად მხოლოდ 9 ათას ლარს იღებდა. რაც მთავარია, ყუთების ინკასაცია და აღრიცხვა ბანკში, შესაბამისი პროცედურების დაცვით არ ხდება - ყუთები ფონდში "იავნანას" თანამშრომლებს მიაქვთ და მხოლოდ მათ კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, რა თანხის დეკლარირებას მოახდენენ.
იურიდიულად ფონდი "იავნანა" დღესაც ფუნქციონირებს, თუმცა, ბოლო წლებში არავინ იცის, რომელ ბენეფიციარს დაეხმარა და როგორ.
ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვს, რომ შესაწირი ყუთებიდან შემოსული, გაჭირვებული მოსახლეობისთვის განკუთვნილი თანხაც პაატა ბურჭულაძის კეთილდღეობას ხმარდება. ვიმეორებ, თუ გამოძიებითაც დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, პაატა ბურჭულაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ პაატა ბურჭულაძის საქმიანობის შესასწავლად გამოძიება მართლაც დაიწყოს, საქველმოქმედო ორგანიზაციაში კი მათ მიმართ გაჩენილ შეკითხვებს ფონდ "იავნანას" წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიად მიიჩნევენ.
"იმისათვის, რომ ფონდს ზიანი მიაყენონ, რითაც, ყველასათვის ნათელია, რომ საბოლოოდ დაზარალდებიან სოციალურად დაუცველი ბავშვები და სტუდენტები, მიმართეს ნაცად და იაფფასიან ხრიკს - ციფრებით მანიპულირებას. სკანდალური ციფრის მისაღებად დააჯამეს ფონდის თანამშრომელთა ხუთი წლის ხელფასი. მოგახსენებთ, რომ ფონდ "იავნანაში" მუშაობს 16 თანამშრომელი, რომელთა ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასის ჯამი ერთად 18 938 ლარია. აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებენ ფონდის"სხვა ხარჯებზე, რაც, ძირითადად, კონცერტის მოწყობისთვის საჭირო გასავალია. საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული მსოფლიოში აღიარებული არტისტების მოწვევა. ბოლო დროს არაერთხელ გახდა განსჯის საგანი უცხოელ ვარსკვლავთა ჰონორარი, რაც ზოგ შემთხვევაში თითოეულისთვის რამდენიმე მილიონს შეადგენდა.

როდესაც "იავნანას" მოწვევით ჩამოდიან მსოფლიო რანგის სოლისტები და დირიჟორები, ისინი ჰონორარის გარეშე იღებენ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას, მაგრამ მგზავრობას, სასტუმროს, საქართველოში მათი ყოფნისა და კონცერტის საორგანიზაციო ნაწილის ხარჯებს ფონდი ანაზღაურებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხარჯები ფინანსდება არა მოქალაქეების შემოწირულობებით, არამედ კერძო კომპანიებისა და სპონსორებისგან შემოსული თანხით. ვინც ბრალდებებს გვიყენებს, რატომღაც გამორჩათ (შესაძლოა, შეგნებულად გამოტოვეს) რამდენიმე მნიშვნელოვანი გრაფა. მათ შორის - ხუთი წლის მანძილზე საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობაში დახარჯული 2 379 000 ლარი, სხვა საქველმოქმედო ფონდისთვის "იავნანას" ანგარიშიდან გადარიცხული მიზნობრივად შემოსული თანხა - 276 000 ლარი, ხუთი წლის მანძილზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაწეული სხვადასხვა სახის დახმარება, რაც 96 000 ლარს შეადგენდა. ბოლო ხუთი წლის მანძილზე ქველმოქმედებაზე დაიხარჯა შემოწირული თანხის 91,9%. აქვე უნდა ითქვას მთავარი: ფონდში შემოსული თანხების ყველაზე დიდი პროცენტი არა მოქალაქეთა შემოწირულობებით, არამედ პაატა ბურჭულაძის მეგობრების ძალისხმევისა და მისი პირადი კონტაქტების შედეგი იყო," - აცხადებენ ფონდში.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით