"ბრიუსელში შეხვდნენ ერთმანეთს, კეზერაშვილმა სააკაშვილს უთხრა, რომ ფულს აღარ მისცემდა" - კვირის პალიტრა

"ბრიუსელში შეხვდნენ ერთმანეთს, კეზერაშვილმა სააკაშვილს უთხრა, რომ ფულს აღარ მისცემდა"

დავით კეზერაშვილმა მილიონები ყაჩაღობითა და ძარცვით იშოვა," - "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა მისი თანაპარტიელებისთვისაც.

"არა მაქვს მორალური უფლება, სამართლიანად ვაკრიტიკო ფარცხალაძე ასობით მილიონის შოვნისთვის, როდესაც ვიცი, რომ იმ პარტიაში, რომელშიც ახლა პოლიტიკურ საბჭოს ვხელმძღვანელობ, წლების წინ იყო ადამიანი, რომელმაც სრულიად გაურკვევლად იშოვა მილიონები - ყაჩაღობით, ქურდობით, ძარცვით და ახლა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ "ევროპულ საქართველოს" აფინანსებს. ეს და სხვა ადამიანები იყვნენ სირცხვილი და ვერაფრით ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დავით კეზერაშვილისნაირ ადამიანებზე... ფინანსურ პოლიციაში მუშაობისას ძარცვავდა, როგორც ფარცხალაძე ძარცვავს დღეს მთელ საზოგადოებას. ყველა მისი ბიზნესპარტნიორი, ყველა მისი მოწილე დღეს საქართველოშია, ისინი სამართლიანად თუ უსამართლოდ განდევნილები იყვნენ და დღეს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს, ბოკერია-უგულავას პარტიას რომ აფინანსებს, როგორ გგონიათ, ივანიშვილის დასტურის გარეშე ხდება ეს?.. "ნაციონალური მოძრაობა" განახლებული პარტიაა და ამ პარტიაში მოღალატე უგულავების დრო აღარ იქნება, აღარც ბოკერიების, აღარც კორუმპირებული კეზერაშვილების, ფარცხალაძეების", - აცხადებს მელია.

"კვირის პალიტრას" ინფორმირებული წყარო უყვება, რომ სააკაშვილსა და კეზერაშვილს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ნაცმოძრაობამ" თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი დაასახელა - თავდაცვის ყოფილი მინისტრი საბოლოო არჩევანის წინაშე დადგა, წინასაარჩევნოდ მხარი პარტიის მოქმედი წევრებისთვის დაეჭირა თუ ყოფილებისთვის. ფაქტია, მან "ევროპულ საქართველოსთან" მეგობრობის გაგრძელება არჩია და ნიკა მელიას, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის საჯარო რისხვაც დაიმსახურა: "ზაალ უდუმაშვილი წყალგამყოფი აღმოჩნდა კეზერაშვილისთვის, რადგან მისი კანდიდატად დასახელება განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა "ევროპული საქართველოსთვის" - ბოკერიამ დაკარგა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი "რუსთავი 2"-ის სახით, რადგან ნიკა გვარამიამ და მთლიანად ტელევიზიის გუნდმა მხარი ზაალ უდუმაშვილს დაუჭირეს. წლებია "რუსთავი 2"-ს დავით კეზერაშვილი აფინანსებს, ამიტომ ფულადი დახმარების გაგრძელება "ევროპული საქართველოს" წინააღმდეგ გალაშქრების ტოლფასი იყო, რისი მოლოდინიც, დიდი ალბათობით, კეზერაშვილისგან თავად სააკაშვილსაც არ უნდა ჰქონოდა. არ დაგვავიწყდეს, რომ გიგა ბოკერიას ქვისლი კახაბერ ნინუა და დავით კეზერაშვილი უახლოესი მეგობრები არიან, ისინი "გალფ რეისინგში" პარტნიორები იყვნენ - კახაბერ ნინუა დავით კეზერაშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიის დირექტორი იყო წლების განმავლობაში, მანამდე კი, მინისტრობის პერიოდში, კეზერაშვილმა ნინუას სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა ჩააბარა. ბოკერიასა და მისი ოჯახის გარდა, კეზერაშვილი გიგი უგულავას ბავშვობის მეგობარია, შესაბამისად, მას უფრო მეტი საერთო ჰქონდა "ევროპულ საქართველოსთან", ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილ მისთვის უცნობ ჯგუფთან. ამბობენ იმასაც, რომ კეზერაშვილმა საქართველოში ყველა ბიზნესი შეინარჩუნა, რის გამოც საქმიანი თვალსაზრისითაც გარკვეულ დათმობებზე წასვლამ მოუწია. სააკაშვილი და კეზერაშვილი ბოლოს ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ, სადაც მათ შორის მძიმე საუბარი გაიმართა. კეზერაშვილმა სააკაშვილს უთხრა, რომ ფულს აღარ მისცემდა. ოდესის ყოფილი გუბერნატორი გაცოფდა - შენი "გადასაგდები ვინ არისო და ერთმანეთს "დასცხეს"... ამ შეხვედრის დეტალები მარტივი გამოსაცნობია, თუ ნიკა მელიას განცხადებას ჩავუღრმავდებით, რაც, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული იყო", - გვიყვება ინფორმირებული წყარო.

დეტალების გასარკვევად ნიკა მელიასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა, მან დამატებითი განმარტებისგან თავი შეიკავა, სამაგიეროდ, დაპირისპირებაზე დაუფარავად საუბრობენ "ევროპულ საქართველოში".

"დიახ, კეზერაშვილს ჩვენი პარტიის წევრებთან ხშირი კომუნიკაცია აქვს"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე აღნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე "ქოცურ ნარატივს" მიჰყვება:

"ნიკა მელიამ ერთი-ერთში გაიმეორა ის პოლიტიკური ნარატივი, რომელსაც "ქართული ოცნება"" 2012 წლიდან საზოგადოებას სთავაზობს - კეზერაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა როგორც საქართველოში, ისე ევროპაში, თუმცა, ივანიშვილის ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ბრალდებების დასაბუთება და კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირება. ევროპაში მალევე მიხვდნენ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური დევნის ნაწილი იყო, ამავე მიზეზით არ გამოაცხადა თავდაცვის ყოფილ მინისტრზე ძებნა ინტერპოლმაც. ამ დროს კი, "ნაცმოძრაობის" ლიდერი ზუსტად იმავე განცხადებას აკეთებს, რა ბრალდებებიც კეზერაშვილის წინააღმდეგ მხოლოდ "ქართულ ოცნებას" აქვს.

რაც შეეხება გარიგებას, მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უკვე ილუზიებშია და საკუთარ სამყაროში ცხოვრობს. ისეთ რაღაცებს კადრულობენ, რასაც ყველაზე დაბალი კომპეტენციის, უღირსი პოლიტიკოსებიც კი არ იკადრებდნენ. დავით კეზერაშვილს დიდი ხანია არ შევხვედრივარ, თუმცა, დიახ, მას პარტიის წევრებთან ხშირი კომუნიკაცია აქვს, მაგრამ რატომ არის ეს გარიგება?!".

რუსუდან შელია