"დმანისში "ქართული ოცნება" "ოქრიაშვილის ოცნებამ" ჩაანაცვლა" - კვირის პალიტრა

"დმანისში "ქართული ოცნება" "ოქრიაშვილის ოცნებამ" ჩაანაცვლა"

გოგი ბარბაქაძე: "კახა ოქრიაშვილი 2012 წლიდან გვებრძოდა - სახლში გვივარდებოდა, მისი მხარდამჭერები მანქანებს გვიმტვრევდნენ და ახლაც იგივე გრძელდება, უბრალოდ, არა "ნაციონალური მოძრაობის", არამედ "ქართული ოცნების" სახელით"

დმანისის მოქმედი გამგებელი, "ქართული ოცნების" წევრი გოგი ბარბაქაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მაჟორიტარ დეპუტატ კახა ოქრიაშვილისთვის არჩევნებში მისი კანდიდატურა მიუღებელი აღმოჩნდა - ბარბაქაძე ოქრიაშვილს კანდიდატებსა და "ქართული ოცნების" წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მეტიც, გოგი ბარბაქაძე ამბობს, რომ დეპუტატი მას კანდიდატურის მოხსნას აიძულებს:

- 2012 წლიდან "ქართული ოცნების" წევრი, პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დელეგატი ვარ, 2014 წელს კი, როდესაც მმართველმა გუნდმა თვითმმართველობის არჩევნებზე გამგებლობის კანდიდატად წარმადგინა, ამომრჩეველთა 78%-მა მხარი დამიჭირა. სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" ოქრიაშვილისა და ყოფილი "ნაციონალების" ოცნებად იქცა, ერთგული ადამიანები კი ჩამოგვაშორეს. მეტიც, ახლა ოქრიაშვილს იმდენად დიდი გავლენა აქვს პარტიაში, რომ საკუთარი კომპანიის თანამშრომლის მერობისთვის იბრძვის. როდესაც მის შესახებ საჯაროდ ლაპარაკი დავიწყე, ოქრიაშვილის ნათესავები სახლში მომიცვივდნენ, მემუქრებოდნენ, კანდიდატურა მოხსენიო.

- დაასახელეთ, ოქრიაშვილის რომელი ნათესავი გემუქრებოდათ?

- მისი ბიძაშვილი, მერაბ ოქრიაშვილი, არა მხოლოდ მე, სხვა კანდიდატებსაც ემუქრება და კანდიდატურის მოხსნას ითხოვს. რამდენიმემ ზეწოლას ვერ გაუძლო და კანდიდატურა მოხსნა. კანდიდატურები მოახსნევინეს, მაგალითად, კარაბულახის თემის წარმომადგენელს, ზულფუგარ მიქაელოვს, ოროზმანის თემის წარმომადგენელს, ქამრან ხიდიროვს, ამამლოს თემის წარმომადგენელს, ფაიკ რუსტამოვს. ჯამში, ხუთმა კაცმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. ზეწოლა იყო სარკინეთის თემის წარმომადგენელ ომარ გოგოჭურზეც, რომელთანაც მივიდნენ და უთხრეს, რომ უშიშროების დავალებით იყვნენ მისულები და კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვეს. თუმცა, მან უარი თქვა. ყველა ზემოხსენებული ადამიანი "ქართული ოცნების" წევრია დღემდე, მათ შორის, ნაწილი საკრებულოს მოქმედი წევრია, მაგრამ მათ, ისევე, როგორც მე, დამოუკიდებლად კენჭისყრა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ დმანისში "ქართული ოცნება" "ოქრიაშვილის ოცნებამ" ჩაანაცვლა. ეს კახა ოქრიაშვილის ჩვეული სტილია - 2012 წლიდან სწორედ იმავე მეთოდებით გვებრძოდა - სახლში გვივარდებოდა, მისი მხარდამჭერები მანქანებს გვიმტვრევდნენ და ახლაც იგივე გრძელდება, უბრალოდ, არა "ნაციონალური მოძრაობის", არამედ "ქართული ოცნების" სახელით. საბედნიეროდ, დმანისის შტაბის ყველა წევრი გვერდში დამიდგა, სწორედ ამან გააცოფა ოქრიაშვილი. კანდიდატად დარეგისტრირების დროსაც ხელს გვიშლიდნენ, სწორედ მისი ბრძანებით არ გვაძლევდა საოლქო-საარჩევნო კომისია რეგისტრაციის უფლებას. ეს დაბრკოლებაც გადავლახეთ, თუმცა, ახლა მისი შემდეგი ნაბიჯის მოლოდინში ვართ.

- შესაბამის სტრუქტურებს მუქარის გამო გამოძიების მოთხოვნით არ მიმართეთ?

- 2012 წელს მერაბ ოქრიაშვილზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული - მაშინ ოფისის ეზოში შემოვარდა და ჩვენი ავტომობილები დაამტვრია. დააკავეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მალევე გამოუშვეს. დღეს ნებისმიერ დმანისელს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, ისევ 2012 წელში დავბრუნდითო. იგივე განწყობა აქვს მოსახლეობასაც და გაუგებარია, რატომ ემორჩილება დღეს პარტიის ხელმძღვანელობა ოქრიაშვილს.

გოგი ბარბაქაძესთან საუბრის შემდეგ, დეპუტატ კახა ოქრიაშვილთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა, ის ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

რუსუდან შელია