"ძალიან ერიდებოდა თვითმფრინავის ამბავზე ლაპარაკს" - კვირის პალიტრა

"ძალიან ერიდებოდა თვითმფრინავის ამბავზე ლაპარაკს"

რას იხსენებს ყოფილი დისიდენტი და პოლიტპატიმარი

"ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში ვერც ერთი ჩემი მეგობარი ვერ გატეხეს", - გვითხრა ყოფილმა დისიდენტმა და პოლიტპატიმარმა ლუიზა შაკიაშვილმა, რომელმაც საინტერესო ამბები გაიხსენა:

- 1983 წლის შემოდგომაზე საქართველოს ხელისუფლება და ცეკას მდივანი ედუარდ შევარდნაძე დიდი ძალისხმევით ემზადებოდნენ გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის აღსანიშნავად. დისიდენტებმა და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა ამისათვის წინააღმდეგობის გაწევა ვცადეთ, ხალხში პროკლამაციები გავავრცელეთ.

ეს იყო ნიკო ბერძენიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის ნაშრომებიდან ამოღებული ციტატები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, რომლის ბოლოში იყო მოწოდება, "ნუ ვიზეიმებთ ქართველი ერისთვის დამღუპველი ტრაქტატის 200 წლისთავს!" პროკლამაციებს საფოსტო ყუთებში რომ ყრიდნენ,  ირაკლი წერეთელი და მისი მეგობარი დააპატიმრეს. დაახლოებით 70 კაცი პროკურატურასთან შეიკრიბა. რესპუბლიკის  პროკურორთან მარიკა ბაღდავაძე, თამრიკო ჩხეიძე და მე შევედით.

ბარაბაძეს პირობა წავუყენეთ, - ჩვენი მეგობრები გაათავისუფლეთ ან ჩვენც დაგვაპატიმრეთ-მეთქი. ცოტნე დადიანობა მოგნდომებიათ, მაგრამ არ გამოგივათ, თქვენი მეგობრების საკითხი შევარდნაძესთან წყდება. აქ ტყუილად ნუღარ მოხვალთო. შევარდნაძე ერთ კვირაში ჩამოდიოდა უცხოეთიდან. გადავწყვიტეთ, ერთი კვირის შემდეგ შევკრებილიყავით.

შევარდნაძის ჩამოსვლის შემდეგ ჯერ მაინც რესპუბლიკის პროკურორთან მივედით. მერე კანცელარიისკენ მოვაწყვეთ სახელდახელოდ დაწერილი პლაკატებით მსვლელობა, მაგრამ ვინ მიგვიშვა "ქაჯეთის ციხემდე"?

ბესიკის ქუჩა მილიციელებით სავსე ავტობუსით იყო გადაკეტილი. როგორც კი მივუახლოვდით, მილიციელები ჩვენკენ წამოვიდნენ და დაიწყო ბათქაბუთქი. პირველად გია ჭანტურია დაიჭირეს, ოფიცერთა სახლში შეათრიეს და მაგრად სცემეს. ჩაგვყარეს ავტობუსში და ქალაქის მილიციის სამმართველოში წაგვიყვანეს.

შუაღამემდე იქ გვაყურყუტეს, ჩვენებები დაგვაწერინეს. ზოგი გამოგვიშვეს, მაგრამ დატოვეს გია ჭანტურია, თამრიკო ჩხეიძე, მარიკა ბაღდავაძე, ნანა კაკაბაძე და ზურაბ ცინცაძე. შუაღამისას რას გავაწყობდი? სახლში წამოვედი, მაგრამ  მეგობარს მოველაპარაკე, პროკურორთან მივსულიყავით მიღებაზე და მოგვეთხოვა, ჩვენი მეგობრები გამოუშვით ან ჩვენც დაგვაპატიმრეთ-მეთქი. თუ უარს მივიღებდით, მისაღებში უნდა დაგვეწყო შიმშილობა.

დავიწყე რეკვა ბევრ ჩვენს თანამოაზრესთან და ვეუბნებოდი, ამას ვაპირებთ-მეთქი. ის კი ვეღარ ვიფიქრე, რომ ტელეფონები ისმინებოდა. 4 მილიციელი მოვიდა და მილიციის სამმართველოში მიმაბრძანეს. სამი დღე-ღამე სამმართველოს სარდაფის საკანში ვყავდი, იქიდან კი ორთაჭალის ციხეში გადამიყვანეს. ჩემი მეგობრები იქ რამდენიმე დღით ადრე მიიყვანეს.

შვიდსულიან საკანში, მერვე მე შემიყვანეს. ქრთამის აღებაზე, ვაჭრობაზე, დანაკლისზე, სპეკულაციაზე იყვნენ დაპატიმრებული. იცით, რამდენი კარგი ქალი იყო ამ  მუხლით დაპატიმრებული? ორი თვის შემდეგ  სასამართლო პროცესი გაიმართა და ყველას მოგვისაჯეს.

- ალბათ, ხმაურიანი პროცესი იყო, საზოგადოების წარმომადგენლების თანდასწრებით.

- პროცესი თითქმის დახურული იყო. თითო ბრალდებულის ოჯახზე მხოლოდ ორ საშვს იძლეოდნენ. სამაგიეროდ, "მაუდკამვოლის" მოწინავე მუშებით იყო გავსებული დარბაზი. ჩემს პროცესზე საზოგადოებრივ ბრალმდებლად ახალგაზრდა მეაბრეშუმე ქალი გამოვიდა და "აღშფოთებულმა" განაცხადა, გაოცებული ვარ, როგორ არის ამ საქმეში გარეული ტელევიზიის რეჟისორი ქალბატონი ლუიზა შაკიაშვილი, მის მაგივრად მრცხვენიაო. ჩემ წინააღმდეგ მოწმედ  ჩემი თანაკლასელი გამოიყვანეს, რომელიც მილიციაში მუშაობდა, მიტინგზე მილიციელებს ფაშისტებსა და მონებს გვეძახდაო. ამის გაგონებაზე იმ სულგაყიდულებსაც კი გაეცინათ, ჩვენს პროცესზე რომ ჰყავდათ მოყვანილი.

ჩემთან ერთად გია ჭანტურია და ზურაბ ცინცაძე გაასამართლეს. პროცესზე გია ენამახვილობდა, ყველას  შენიშვნებს აძლევდა. განაჩენი რომ გამოგვიცხადეს, Gგია ჭანტურიამ მომაძახა, ლუიზა, არ შემარცხვინო, ცრემლი არ დამანახოო. მეც თავაწეული, ამაყად გავედი დარბაზიდან.

ორი წელი მომისაჯეს, სხვებს - სამ-სამი. მოსამართლემ გამოაცხადა, შაკიაშვილს მამა გულით ავადმყოფი ჰყავს, მისი ოჯახური მდგომარეობა გავითვალისწინეთ და ამიტომ მივუსაჯეთ ორი წელიო. მამა ჩემს გათავისუფლებას მაინც ვერ მოესწრო... ჩვენი ბრალმდებელი პროკურორი  გილიგაშვილი იყო. ჩვენი საქმე ისეთ მოსამართლეს შეაჩეჩეს ხელში, რომელიც შვებულებიდან იყო გამოსული და არც იცოდა, რა საქმეს ჰკიდებდა ხელს. პროკურორმა გილიგაშვილმა კი მშვენივრად შეიფერა სახელმწიფო ბრალმდებლობა, მაგრად გადაგვიარა და სანაცვლოდ გენერალური პროკურორობა მიიღო.

- საბჭოთა ციხეში რა ხდებოდა?

- ციხეში დარჩენაზე სასტიკი უარი განვაცხადე. იქ  "აბსლუგაში" უნდა ვყოფილიყავი, რაც სახელის გატეხას ნიშნავდა და ქალთა კოლონიაში მოვითხოვე გადაყვანა. ციხის უფროსი მთავაზობდა, დამლაგებლად გაგაფორმებთ, დივანი და ტელეფონი გექნებათ, მხოლოდ სხვების დასანახავად აიღებთ ტილოს ხელში, სინამდვილეში სხვა დაალაგებსო. ვუთხარი, ტახტიც თქვენი იყოს, სავარძელიც და ტელეფონიც.

ამ საქმეზე იმიტომ კი არ მივდიოდი, რომ თქვენთან დამლაგებლად მემუშავა, კოლონიაში გადამიყვანეთ-მეთქი. კოლონიაში რომ გადავყავდი, წინა ღამეს კოლონიიდან ციხეში ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, ვალენტინა ფაილოძე გადმოიყვანეს, რომელიც მერე რუსეთში გაუშვეს. ვალენტინა ფაილოძე ერთადერთი პოლიტიკური პატიმარი იყო ქალთა კოლონიაში და არ უნდოდათ, ერთმანეთისთვის შევეხვედრებინეთ, კოლონიაში რამე არ მოაწყონო.

კოლონიაში 1100 პატიმარი ქალი იყო, ძირითადად, რუსი მაწანწალები, რომლებიც უპასპორტოდ იყვნენ საქართველოში საშოვარზე შემოსული (ხომ ცხადია, რისთვისაც ჩამოვიდოდნენ). იყვნენ ქართველებიც. ზოგი დედამთილის, ზოგიც ქმრის მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს, ზოგი ნარკოტიკების მოხმარებაზე. ასეთი ოცამდე მაინც იყო. ერთი ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი პოეტი ქალი იჯდა ნარკოტიკების მოხმარებაზე, რომელსაც ქმარი ჰყავდა ნარკომანი და იმან გააუბედურა. გადასარევი გოგო იყო, ვმეგობრობდით.

რუსი მაწანწალები ისეთ უწმაწურ სიტყვებს ამბობდნენ, მანამდე არც გამეგონა. ღმერთი გაახარებს კოლონიის სამკერვალო ფაბრიკის დირექტორს, გულიკო ნადარეიშვილს, იმან მიშველა.  საერთო მეგობრები აღმოგვაჩნდა და მათ სთხოვეს გულიკოს, ჩვენს დაქალს მიხედეო.

კოლონიაში ახლო მეგობარი მყავდა, დალი ხოდაშნელაშვილი. რომელიც ბუღალტერი იყო და დანაკლისის გამო იჯდა. მამა რომ გარდამეცვალა, მის დასატირებლად 5 დღით გამიშვეს. განცდისაგან, მამა მე მოვკალი-მეთქი, ლოგინად ჩავვარდი, მაგრამ ციხეში შეძენილმა მეგობარმა გადამარჩინა.

- თქვენთან ერთად იყო კოლონიაში ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების საქმის გამო ბრალდებული ერთადერთი გოგონა, თინა ფეტვიაშვილი.

- თინიკო რომ  მოიყვანეს, ერთი ამბავი ატყდა კოლონიაში. ვიცოდი თვითმფრინავის ბიჭების ამბავი, მაგრამ არც ერთს არ ვიცნობდი, არც თინიკოს. გულიკომ ჩამაბარა მისი თავი და უნდა მიმეხედა. იცით, როგორი გოგო იყო? საოცრად ლამაზი, ძლიერი, თუმც ძალზე სევდიანი. ახალი შემოსული იყო კოლონიაში და სწორედ მაშინ გაუშვეს ტელევიზიით გადაცემა თვითმფრინავის ბიჭებზე.

დიდი სასადილო გვქონდა. იქ დადგეს ტელევიზორი და მთელმა კოლონიამ უყურა იმ გადაცემას. მე და დალი ხოდაშნელაშვილმა შუაში ჩავისვით თინიკო, რომ არავის არაფერი დაეშავებინა.  მერე აქეთ-იქიდან გავუკეთეთ ხელკავი და შევიყვანეთ საძილე ყაზარმაში. სანამ არ დაიძინა, არ მოვცილებივართ.

გვეშინოდა, რუსი მაწანწალები გოგონას თავს არ დასხმოდნენ. რამდენიმე დღე, სანამ ვნებათაღელვა ჩაცხრებოდა, ასე ვპატრონობდით. პორტრეტებს ხატავდა, წითელ კუთხეს და კედლის გაზეთს აფორმებდა და ამით კლავდა დროს. ძალიან ერიდებოდა თვითმფრინავის ამბავზე ლაპარაკს და არც ჩვენ ჩავძიებივართ.

- თქვით, კოლონიაში ადგილი დავიმკვიდრეო, ანუ  მერე აღარ გქონიათ პრობლემები?

- როგორ არ მქონია? სამი თვე სუკის ციხეში გადამიყვანეს და მაწამეს. მემუქრებოდნენ, თუ მონანიებას არ დაწერ, რუსეთში გადაგიყვანთ, საქართველოს მზეს არ დაგანახებთო. მიწერ-მოწერაც ამიკრძალეს ოჯახთან. მითხრეს, მონანიება დაწერე და ოჯახის ამბავს მერე გაგაგებინებთო. ასო-ასო რომ ამკუწოთ, მაინც არ დავწერ და ბოდიშს არ მოვიხდი, რა მაქვს საბოდიშო-მეთქი.

რომ დაინახეს არაფერი გამოდიოდა, თავი დამანებეს. ჩემი ჯგუფიდან არც ერთს არ დაუწერია მონანიება. რომ დაგვეწერა, გგონიათ, არ გამოგვიქვეყნებდნენ კომუნისტები ან გამსახურდია, როდესაც მის ოპოზიციაში წავედით? ზვიად გამსახურდიამ გია ჭანტურიას ისიც კი გამოუქვეყნა, ციხის "აბსლუგაში" დატოვებაზე განცხადება რომ დაწერა.

ეს ყველაფერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღემ, 26 მაისმა გამახსენა. აი, ასეთი ხვედრი გვერგო ადამიანებს, ვისაც დამოუკიდებლობა, თავისუფლება გვინდოდა და მისთვის ვიბრძოდით.