"ის, რაც მოხდება, მათი მეგობარი კანდიდატის მხარდამჭერი აქციაა" - რას წერს ხიდაშელი მსოფლიო ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩზე? - კვირის პალიტრა

"ის, რაც მოხდება, მათი მეგობარი კანდიდატის მხარდამჭერი აქციაა" - რას წერს ხიდაშელი მსოფლიო ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩზე?

29 სექტემბერს "დინამო არენაზე" საქველმოქმედო მატჩი "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" გაიმართება. შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება.

ამ მატჩთან დაკავშირებით თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოტტო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა, პიეტრო ვერხოვოდი და სხვები.

"დინამო არენაზე" მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც ითამაშებს. კალაძის თქმით, აღნიშნულ ფეხბურთელებთან დაკავშირება მას სთხოვეს, გამომდინარე იქიდან, რომ მათთან მეგობრობს.

საქველმოქმედო მატჩს და მასში კალაძის მონაწილეობას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი "ფეისბუკში" გამოეხმაურა.

"საქველმოქმედო აქცია იქნებოდა რომში ან მილანში რომ ეთამაშათ, ჩვენ პირდაპირ ეთერში გვენახა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიეღოთ ზარები დახმარებაზე. მარათონი ქართული ტყის გადასარჩენად.

ის, რაც მოხდება, მათი მეგობარი კანდიდატის მხარდამჭერი აქციაა, რომელზეც სავარაუდოდ იმაზე ნაკლები შემოვა თანხა, ვიდრე მათი აქ ჩამოსვლა და მთელი ეს პომპეზი დაჯდება", - დაწერა თინა ხიდაშელმა.