რა წერია ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა? - კვირის პალიტრა

რა წერია ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა?

უკვე ცნობილია ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტს გაეგზავნა.

როგორც დასკვნაში წერია, პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლის ოქტომბრისთვის ძალაში შესვლის გადავადება ძალიან სამწუხაროა და მთავარ შეფერხებას წარმოადგენს კონსენსუსის მისაღწევად.

თუმცა, კომისია აღნიშნავს, რომ მისასალმებელია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 2017 წლის 20 სექტემბრის წერილში აღებული ვალდებულება, განიხილონ პარტიული ბლოკების დაშვება და 2020 წლის არჩევნებზე 3%-მდე დასწიონ საარჩევნო ზღვარი.

ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო რესპუბლიკისკენ და ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის კონსოლიდირებასა და გაუმჯობესებას წარმოადგენს.

"ვენეციის კომისიისთვის შესასწავლად გადაცემულ კონსტიტუციის პროექტში გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წინა სისტემა ჩანაცვლებულია ახალი კომპლექსური სისტემით, რომელიც ინარჩუნებს, მაგრამ ამავდროულად ზღუდავს ბონუსს გამარჯვებული პარტიისთვის...

მიუხედავად იმისა, რომ ახალი სისტემა შეესაბამება ვენეციის კომისის მიერ გაკეთებულ წინა რეკომენდაციას, რომ სულ მცირე შემცირებული იყოს ბონუსების სისტემის გავლენა, ის მაინც უპირატესობას აძლევს ყველაზე ძლიერ პარტიას ქვეყანაში, სადაც ყველაზე ძლიერ პარტიას მტკიცე უმრავლესობის ქონის ტრადიცია გააჩნია. ბონუსის სისტემა ასევე წარმოადგენს მთავარ შეფერხებას ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რათა კონსტიტუცია მიიღონ", - ნათქვამია კომისიის წინასწარ დასკვნაში.

კომისია მიესალმება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 2017 წლის 20 სექტემბრის წერილში აღებულ ვალდებულებას, განიხილონ პარტიული ბლოკების დაშვება და 2020 წლის არჩევნებზე 3%-მდე დასწიონ საარჩევნო ზღვარი.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ვენეციის კომისია ქვეყნის პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლას დადებითად აფასებს.

გარდა ამისა, როგორც კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ვენეციის კომისიას არ აქვს არც ერთი შენიშვნა ისეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილებები, უშიშროების საბჭოს გაუქმება, თავდაცვის საკითხების მოწესრიგება, მთავრობის თავი და ა.შ.

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კომისია დადებითად აფასებს ქვეყნის გადასვლას პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ვენეციის კომისიას არ აქვს არც ერთი შენიშვნა ისეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილებები. უშიშროების საბჭოს გაუქმება, თავდაცვის საკითხების მოწესრიგება, მთავრობის თავი და ა.შ.", - განაცხადა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"