"სააკაშვილი იმედოვნებს, რომ უკრაინული პროცესების პარალელურად შეძლებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი იმედოვნებს, რომ უკრაინული პროცესების პარალელურად შეძლებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას"

უკრაინაში მიმდინარე პროცესები, რომელთა მთავარი გმირი საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილია, კვლავაც წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშია. სააკაშვილი დაანონსებულ ტურნეს უკრაინის მასშტაბით შეუდგა და კიევში ვადამდე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ფართომასშტაბიან აქციებს ჰპირდება უკრაინელებს. მოლოდინი, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე უკანონო შეჭრის გამო სამართალდამცავებს შეიძლება დაეკავებინათ, არ გამართლდა. ოფიციალური სტრუქტურების

განცხადებით, სააკაშვილის დაკავებისთვის საკმარისი საფუძველი არ არსებობს. ის უკრინულმა სასამართლომ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის სულ რაღაც 130$-ით დააჯარიმა

როგორ შეიძლება წარიმართოს პროცესები უკრაინაში და რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე? - გვესაუბრება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

- ის, რასაც ჩვენ ვადევნებთ უკრაინაში თვალს, არის მრავალფაქტორიანი კომბინაცია, სადაც როგორც უკრაინის გარეთ, ისე ქვეყანაში მყოფი ბევრი მოთამაშის ინტერესები იკვეთება.

როდესაც ამ ინტერესებზე ვლაპარაკობთ, უპირველესად უნდა გავიხსენოთ, რომ უკრაინა, ფაქტობრივად, რამდენიმე ოლიგარქის გავლენის სფეროებად არის დაყოფილი და სააკაშვილისა და ოპოზიციის უკან დგანან პოროშენკოსთან დაპირისპირებული ოლიგარქებიც, რომლებიც ამ აქციებს ფინანსურად უზრუნველყოფენ.

საგარეო ინტერესზე როცა ვლაპარაკობთ, მიუხედავად სააკაშვილის ერთგვარად თავზე ხელაღებული ნატურისა, წარმოუდგენელია, ეს მხოლოდ მისი დაგეგმილი ოპერაცია იყოს. საეჭვოა, სააკაშვილი დღეს გადაწყვეტილებებს მარტო იღებდეს. ეს მისთვის ჰარაკირის ტოლფასი იქნებოდა, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, მას არ მისცემდნენ ამდენის უფლებას.

ქვეყანა, საიდანაც მან შეანგრია უკრაინის საზღვარი, პოლონეთია - აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორი და ევროკავშირის ორგანული წევრი. ეს რომ წინააღმდეგობაში მოდიოდეს ნატოსა თუ ევროკავშირის ქვეყნებთან, პოლონეთის ხელისუფლების ეს ქმედება უდავოდ განსაზღვრულ სანქციებს დაექვემდებარებოდა...

- თუ ასეა, რა არის ამ პროცესის საბოლოო მიზანი?

- ამ ეტაპზე ეს ძალზე ძნელი სათქმელია. სააკაშვილისა და უკრაინის ოპოზიციის მოქმედებებს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ეს რისკები გასათვლელია. აქ მარტო ხელისუფლებისთვის, "დემოკრატიისთვის" ან კორუფციასთან ბრძოლაზე არ არის ლაპარაკი. ისევ და ისევ მთავარი რისკ-ფაქტორია რუსეთი, რომელმაც უკრაინაში კიდევ ერთი რევოლუციის შემთხვევაში ძალიან მარტივად შეიძლება დაიკავოს ის ტერიტორიები, რაც ჯერ კიდევ უკრაინის იურისდიქციაშია, ეს არის დონბასი და აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქები და სოფლები... ანუ რუსეთს, ისე, როგორც ყირიმის შემთხვევაში, გაუჩნდეს საბაბი, თითქოს დასავლურ რევოლუციას არ იზიარებენ უკრაინის რუსებით დასახლებული სამრეწველო რაიონები და მზად არიან, რუსეთის შემადგენლობაში შევიდნენ.

მოკლედ, კიდევ ერთი რევოლუციითა და არეულობით დასუსტებული უკრაინა დიდი საცდური იქნება რუსეთისთვის, თუმცა, არ ვამტკიცებ, რომ ამგვარი სცენარი აუცილებლად განვითარდება, მაგრამ იმედია, ეს, როგორც რისკ-ფაქტორი, ამ ოპერაციის დამგეგმავებმა იციან და შესაძლო შედეგებიც გათვლილი აქვთ.

უკრაინაში კიდევ ერთი რევოლუცია და არასტაბილურობა იმ დროს, როდესაც ევროკავშირში რყევებია, როდესაც აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიციები ძალიან მერყევია ყველა მიმართულებით, სულ მცირე, აღმოსავლეთ ევროპაში პოლიტიკური მიწისძვრის დასაწყისად შეიძლება იქცეს.

ამ ყველაფრის მიღმა რა არის ის რეალური მიზანი, რასაც სააკაშვილის მხარდამჭერი თუ უკან მდგომი დასავლეთის პოლიტიკური ელიტის ნაწილი გეგმავს, ამ გადასახედიდან ძნელი დასანახია.

პოლიტიკა იმდენად რთული სფეროა, ვერავინ დაიჯერებს, რომ დასავლეთს ამ ეტაპზე მხოლოდ პოროშენკოს კორუმპირებული რეჟიმი აწუხებს. როგორც ჩანს, მიზეზები უფრო ღრმად არის საძებნი. თუმცა, ცხადზე ცხადია ისიც, რომ პოროშენკო ქვეყნის სათავეში არ აკმაყოფილებთ. სწორედ ამიტომაცაა, რომ სააკაშვილი აანონსებს ვადამდე არჩევნების მოთხოვნას და კიევში აქციების დაწყებას აპირებს.

მეორე მხრივ, ძალიან უცნაურია უკრაინის ხელისუფლების საქციელი: სააკაშვილს არ უნდა იცნობდე, მას რომ დრო მისცე. არადა, ფაქტობრივად, პოროშენკომ დრო მისცა, ჯერ სასამართლოს გადადებით, შემდეგ კი გამოტანილი გადაწყვეტილებით...

შედეგად, სააკაშვილი და მასთან ერთად ოპოზიცია იოლად ახერხებს უკრაინელი საზოგადოების მობილიზებას, ისევე როგორც მოლაპარაკებას ოლიგარქებთან, რომელთაც ამა თუ იმ რეგიონში დიდი გავლენა აქვთ.

გარდა ამისა, ის განცხადებები, რომ თურმე მისი დაკავების საფუძველი არ არსებობს, ცოტა უცნაურია. წარმოუდგენელი რამ მოხდა - ფაქტობრივად, ძალის გამოყენებით გაირღვა უკრაინის საზღვარი. რა თქმა უნდა, ესეც არაერთ კითხვას აჩენს, როდის აქეთ გახდა ასეთი ლოიალური და კანონმორჩილი უკრაინის ხელისუფლება, ცოტა გაუგებარია.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ოპერაციის მთავარი მიზანი სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლაა. გაცილებით შორს მიმავალი მიზნები იმალება ამ ყველაფრის უკან, პოროშენკოს ხელისუფლებისგან ჩამოშორება ამ ოპერაციის მხოლოდ ფასადია. რეალურ მიზნებს, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დავინახავთ.

- თქვენი აზრით, ის პროცესი, რაც უკრაინაში მიმდინარეობს და სააკაშვილის აქტიურობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე რა გავლენას მოახდენს, მით უფრო მოახლოებული არჩევნების წინ?

- სააკაშვილის მოქმედებებიდან გამომდინარე, ცხადად ჩანს, რომ ის ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. განცხადებებში ცდილობს, ხაზი გაუსვას ერთ საკითხს, რომ ის იბრძვის არა მხოლოდ დემოკრატიისთვის უკრაინაში, არამედ საქართველოს დემოკრატიისთვისაც. იმედს გამოთქვამს, რომ ამ უკრაინული პროცესების პარალელურად შეძლებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას. თუმცა, დღეს მისი მთავარი სცენა უკრაინაა და საქართველოსთვის ნაკლებად სცალია.

ამას მაფიქრებინებს მისი ერთ-ერთი ბოლო სკანდალური განცხადება, რომ პრეზიდენტობის დროს თურმე სამართალდამცავებს უკრძალავდა თვალთვალსა და ფარული ჩანაწერების გაკეთებას, მათ შორის აგენტებისა და კრიმინალების შემთხვევაშიც კი.

ეს განცხადება იმდენად სცდება რეალობას და იმდენად ცინიკური იყო ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ძნელი დასაჯერებელია, რომ ამის თქმისას სააკაშვილი ფიქრობდა ქართველ ელექტორატზე.

ის, რაც შეიძლება კარგად გაიყიდოს უკრაინაში, საქართველოში აბსოლუტურად უკურეაქციის მომცემი აღმოჩნდა. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ყველაზე მთავარი, რასაც სააკაშვილის ხელისუფლებას ბრალად უყენებდნენ, იყო სწორედ ეს - ადამიანის უფლებების გათელვა, პირადი ცხოვრების დაცულობის სრული უგულებელყოფა და ა.შ. ამიტომაც მოჰყვა ამას ქართულ სოციალურ ქსელებში ასეთი მძაფრი რეაქცია: სააკაშვილის ამ განცხადებამ ცივი წყალი გადაასხა მათ, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ რეინკარნირებული სააკაშვილი შეინარჩუნებდა მხოლოდ აღმშენებლობით ნაწილს და ჩამოირეცხავდა ძალმომრეობით თვისებებს.

თუ სააკაშვილის სვლა უკრაინაში წარმატებით გაგრძელდა, მაშინ რამდენიმე პროცენტით, არა მნიშვნელოვნად, მაგრამ მაინც, შეიძლება გაიზარდოს "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი და ეს აისახოს არჩევნების შედეგზეც.

სხვა საქმეა, თუ სააკაშვილის ექსტრადირება მოხდება საქართველოში. ეს, სავარაუდოდ, სულ მცირე, ქართველი საზოგადოების პოლარიზებას გამოიწვევს, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეც აღმოვჩნდეთ. სააკაშვილის საქართველოში ნებისმიერი ფორმით ყოფნა, ექსტრადირება, ციხეში ჩასმა თუ თავისუფლება დღევანდელი ხელისუფლებისთვის დიდ პრობლემად იქცევა. ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლებისთვის ყველაზე ოპტიმალური სტატუს-კვო ის არის, რომ სააკაშვილმა საქართველოსკენ არ გამოიხედოს. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვითარება, ძნელი სათქმელია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად წარმატებულად გაართმევს თავს სააკაშვილი ნომერ მეორე მისიას უკრაინაში (მისი პირველი მისია, ოდესის გუბერნატორობა, აშკარად მარცხით დასრულდა). ამაზე იქნება დამოკიდებული არა მხოლოდ მისი, როგორც პოლიტიკოსის მომავალი, არამედ ორი ისეთი ქვეყნის მომავალიც, როგორიც არიან უკრაინა და საქართველო. (იხილეთ სრულად)