"ჩვენ ბრძოლის მხოლოდ მშვიდობიანი ფორმებით არ შემოვიფარგლებით" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ბრძოლის მხოლოდ მშვიდობიანი ფორმებით არ შემოვიფარგლებით"

ოპოზიცია ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს, რომელსაც პირობითად "მიშას გაშვება" უწოდეს. თუმც როგორც შევიტყვეთ, "მიშას გაშვებამდე" ოპოზიციური სპექტრის ლუსტრაცია იგეგმება. საჯაროდ დასახელდება ვინ არის "ნამდვილი" ოპოზიციონერი და ვინ ხელისუფლების მოკავშირე.

კონსერვატორთა ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა ხელისუფლებაში შემუშავებული ერთი გეგმის შესახებ გვესაუბრა, რომელსაც "კარის გადატრიალება", სააკაშვილის ჩამოცილება, მაგრამ ხელისუფლებაში კვლავ ნაციონალების დარჩენა უნდა მოჰყვეს:

- არჩევნების შემდგომ გაივლება მკაცრი ზღვარი ნამდვილ და ხელისუფლების სატელიტ ოპოზიციათა შორის. ჩვენ ვითანამშრომლებთ მათთან, ვინც ნამდვილად არის დაინტერესებული სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლით.

- რომელ ოპოზიციურ ძალასთან აღარ გააგრძელებთ თანამშრომლობას?

- ამას რამდენიმე დღეში ვიტყვით. ხშირად ვერ ვხსნით, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა რატომ არ ემხრობა ოპოზიციის გამარჯვებას არჩევნებში ან რატომ იქცევა ხელისუფლების სასარგებლოდ. ჩვენ არავის შევებრძოლებით, უბრალოდ  დავაზუსტებთ, ვინ ჩვენი მოკავშირეა, ვინ - ხელისუფლების.

- ზოგიერთი ოპოზიციონერის განცხადებაში უკვე გაკრთა აზრი, რომ ბრძოლის მხოლოდ მშვიდობიან ფორმებს ემხრობიან.

- ჩვენ ბრძოლის მხოლოდ მშვიდობიანი ფორმებით არ შემოვიფარგლებით. დეტალებზე საუბარი ჯერ არ შემიძლია. არ მინდა წინასწარ ისეთი რამ ვთქვა, რაც არ შესრულდება. გეტყვით, რომ ვაპირებთ ამ ხელისუფლების შეცვლას. ეს ხელისუფლება თავისი ნებით თავისუფალ არჩევნებს არ ჩაატარებს. აღარ ვაპირებთ ერთი არჩევნებიდან მეორემდე გავიტანოთ თავი. პოლიტიკური ბრძოლა მხოლოდ არჩევნებით შეუძლებელია.

- ბოლო დღეებში ირაკლი ოქრუაშვილისა და ნინო ბურჯანაძისაგან გაისმა ერთი და იმავე შინაარსის განცხადება - "ეს ხელისუფლება წელს შეიცვლება!" რას ეფუძნება ეს პროგნოზი?

- ჩვენი პროგნოზები უფრო ზომიერი, კონკრეტული, მაგრამ რეალისტური იქნება.  ხელისუფლების შესაცვლელად მზად როცა ვიქნებით, მერე განვაცხადებთ.

- გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა კარის გადატრიალება მოხდეს და ხელისუფლების შიგნითვე მოიძებნოს სააკაშვილის ჩამნაცვლებელი.

- სააკაშვილის რეჟიმის საზღვარგარეთელი მოკავშირეები დაინტერესებულნი არიან ეს რეჟიმი შენარჩუნდეს, ოღონდ რეჟიმის შენარჩუნების მთავარ პრობლემად სააკაშვილის პიროვნება ესახებათ. ამიტომაც, სხვადასხვა ვარიანტის განხილვა მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია სააკაშვილის ჩანაცვლება სხვა მემკვიდრით, სავარაუდოდ, ეს გიგი უგულავა იქნება. ამ პროექტის თანახმად,  გიგი უგულავამ უნდა შექმნას კოალიცია ქრისტიან-დემოკრატებთან და ზოგიერთ არასაპარლამენტო ძალასთან.  ეს იქნება ე. წ. პროამერიკელი მარიონეტების კოალიცია.

ერთ-ერთი ვარიანტია ბაქრაძის გაპრეზიდენტება და პრემიერად ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნა, მაგრამ ეს ვარიანტი ნაკლებრეალისტურად მეჩვენება - არ მგონია ბაქრაძემ რეჟიმის დაჭერა შეძლოს. ვინც ამ გეგმებს იხილავს, მათ რეჟიმის დასაყრდენი სჭირდებათ, ბაქრაძე კი ამ საქმისთვის ნაკლებად გამოადგებათ.

აქამდე ოპოზიციის პრობლემა არასაკმარისი ფინანსური, ადამიანური და მედიარესურსი იყო. მხოლოდ ხალხის მხარდაჭერა  გვქონდა, რაც არ ეყო წარმატებას. არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში გადაჯგუფება მოხდება და ჩვენი ბრძოლა არა მხოლოდ ხალხის მხარდაჭერას, არამედ სხვა რესურსებსაც დაეფუძნება.

- თქვენი ოპონენტები უსათუოდ დაინტერესდებიან, რუსულ ფინანსურ რესურსებსაც ხომ არ გულისხმობთ.

- საქართველოში რომ ამერიკის მარიონეტები არიან, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს, მაგრამ რუსების მარიონეტებზე მხოლოდ ლაპარაკი ისმის, მაგრამ ფაქტი, რომ რუსეთი ფულს გზავნიდეს რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან ან პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდეს, არ  გვინახავს. ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც რუსეთიდან ფული და პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს, მიხეილ სააკაშვილია. აქედან გამომდინარე, მისი შეცვლა რუსეთის დახმარებით დამაჯერებლად არ გამოიყურება.

- სააკაშვილი დაემორჩილება გეგმას, რომლის თანახმადაც ის თანაგუნდელმა უნდა ჩაანაცვლოს?

- ეს გეგმა ქვეყნის გარეთ მუშავდება და არა სააკაშვილის გარემოცვაში. გაიხსენეთ როგორ გადადგა შევარდნაძე. სულ ისმოდა კითხვა, - შევარდნაძემ სკამი დათმო თუ ჩამოაგდესო. სიმართლე სადღაც შუაშია. როდესაც შევარდნაძემ გააცნობიერა, ისეთი ძალები დამიპირისპირდნენ, რომელთაც წინააღმდეგობას ვერ გავუწევო, პროცესებს მიჰყვა.

დაახლოებით ასევე იქნება სააკაშვილის შემთხვევაშიც - როდესაც სააკაშვილის  შეცვლის სხვადასხვა ვარიანტიდან რომელიმეს შეარჩევენ, მას მისცემენ ხელშეუხებლობის გარანტიას, გაუშვებენ და ის წინააღმდეგობას ვეღარ გასწევს.