"საქართველოში ბიზნესი აუცილებლად პოლიტიკაში ყოფნას გულისხმობს" - კვირის პალიტრა

"საქართველოში ბიზნესი აუცილებლად პოლიტიკაში ყოფნას გულისხმობს"

თბილისის საკრებულოში 13 მოქმედი მილიონერია, მათ შორის პირველ ადგილს 3.383.898 ლარით "ქართული ოცნების" წევრი თამარ ტალიაშვილი იკავებს, ხოლო მილიონერებს შორის ყველაზე "ღარიბი" "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ტყემალაძეა 946.400 ლარით

ქვეყანაში ისევ ძლიერია კასტა, რომელსაც მტკიცედ სჯერა, რომ პოლიტიკა კეთდება ფულით და ფული - პოლიტიკით... ამ ბიზნესს ხელისუფლებაში ძლიერი ლობისტი ჯგუფი ჰყავს, ყველაზე ძლიერი კი მაინც საბანკო ლობია, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ ათამაშებს პოლიტიკას. სასაცილო მდგომარეობაა საკრებულოში - თუ პარლამენტში დიდი ფულის აღებმიცემობაა, მცირე საცანცლავის პოვნას საკრებულოს წევრებიც ახერხებენ

ბიზნესმენები პოლიტიკაში და პირიქით - პოლიტიკოსები ბიზნესში დიდი ხანია საქართველოში არავის უკვირს, თუმცა, ყველა კვლევა მოწმობს, რომ ბიზნესინტერესების მქონე დეპუტატების სიმრავლით მეცხრე მოწვევის პარლამენტი წინამორბედებისგან მაინც გამოირჩევა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მოქმედი დეპუტატების დეკლარირებულ თუ არადეკლარირებულ ბიზნესსაქმიანობაზე, ბიზნესთან კავშირსა და შეუთავსებელ საქმიანობაზე კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა ხელისუფლების მმართველობის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, ფაქტობრივად, "მუდმივმოქმედმა" წევრებმა დეკლარაციის სწორად შევსება არ იციან, ან იციან და აქტივებს მიზანმიმართულად მალავენ. როგორც ჩანს, კანონმდებლები ანგარიშს არ უწევენ კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც, არასწორად შევსებული დეკლარაცია კონკრეტულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს:

"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს" კანონით დადგენილი წესით, პარლამენტის წევრი ვალდებულია, შეავსოს და საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ამასთან, პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობა ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობის დაკავება. თუმცა, თუ პარლამენტის წევრი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში შესაბამისი მასალა უნდა გამოითხოვოს, ჩამოართვას დეპუტატს ახსნა-განმარტება და დასკვნა მოამზადოს. თუკი არსებობს შესაბამისი ფაქტები და გარემოებები უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მომზადებული დასკვნა პარლამენტის ბიუროს განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია, წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს. ეს ფორმალური მხარეა, თუმცა, გავყვეთ ფაქტებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის შედეგად გამოვლინდა.

ყველაზე მდიდარი დეპუტატი

შევსებული დეკლარაციების მიხედვით, დეპუტატებს შორის ერთი წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი მიიღეს: კახაბერ ოქრიაშვილმა - 17.429.052 ლარი, გრიგოლ მიქელაძემ - 1.185.000 ლარი, ელგუჯა გოცირიძემ - 1.011.839 ლარი. ყველაზე მეტ კომპანიაში კი ბიზნესაქტივებს ფლობენ: ილია წულაია - 31 კომპანია; ნინო წილოსანი - 13 კომპანია; კახაბერ ოქრიაშვილი - 13 კომპანია.

მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას და თვითონ მართოს კომპანია, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" " ანგარიშის მიხედვით, მეცხრე მოწვევის პარლამენტის 9 წევრი დირექტორად არის რეგისტრირებული.

ჯამში, ოფიციალური მონაცემების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის 51 წევრს ბიზნესთან აქვს კავშირი და შესაბამისად, წილებს ფლობენ სამეწარმეო სუბიექტებში.

გამოვლენილია არადეკლარირებული აქტივები და დეპუტატების ოჯახების წევრთა ბიზნესთან კავშირიც. მართალია, მათი ოჯახის წევრებს ბიზნესთან კავშირს არავინ უკრძალავს, მაგრამ საჯარო პირი ვალდებულია, ეს მონაცემები დეკლარაციაში დეტალურად აღწეროს!

თუმცა, კვლევამ გვაჩვენა, რომ დეპუტატების ოჯახების წევრთა ბიზნესთან კავშირი 25 შემთხვევაში გამოვლინდა, 7 შემთხვევა კი არადეკლარირებულია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, ისინი უპირატესობით სარგებლობენ სახელმწიფო შესყიდვებისას - 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით პარლამენტის სამ წევრთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვაში მიიღეს მონაწილეობა: ტენდერებში რამდენჯერმე გაიმარჯვა კახაბერ ოქრიაშვილის ორმა კომპანიამ, მოგებული ტენდერებიდან ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულების ოდენობა კი 16.584.494 ლარია, კახა ოქრიაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 36 ტენდერში მიიღეს მონაწილეობა, 20-ჯერ კი გამარტივებულ შესყიდვაში გაიმარჯვა."

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, "ქართული ოცნების" წევრის, იოსებ მაკრახიძის კომპანია "იბოლიამ" სახელმწიფოსთან 2.250.440-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. მაკრახიძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ 8 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და, ძირითადად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთებს ასრულებს. ამავე პერიოდში "იბოლიამ" მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა 7 გამარტივებულ შესყიდვაში. რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებით დაინტერესებულ მესამე დეპუტატს, გოჩა ენუქიძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ შპს "იბერკომპანი" საანგარიშო პერიოდში 38 გამარტივებულ შესყიდვაში გაიმარჯვა. ტენდერებში იმარჯვებენ დეპუტატთა ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული კომპანიებიც, მაგალითად, ომარ ქუცნაშვილის (ზაქარია ქუცნაშვილის მამა) კომპანია "ჯეოინჟინერინგმა" გაიმარჯვა ტენდერში, რომლის შემსყიდველი პირი იყო "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია", ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულებაა 135.896.00 ლარი. ზაქარია ქუცნაშვილი არადეკლარირებული ბიზნესაქტივის სიმრავლითაც გამოირჩევა - იგი დეკლარაციაში კომპანიებში მამის მეწილეობის გარდა, არ მიუთითებს კავშირს შემდეგ ფირმებთან: 1. შპს "ქართულ-აზერბ. ერთობ. საპროექ.-სამშ. კომპ. თბილ-ბაქო" - დირექტორი; 2. შპს "აგარა" - მეწილე; 3. შპს "სუპერ ტორფი"" - მეწილე 4. შპს "ქმბ" - მეწილე.

მდიდარი წევრებით არა მხოლოდ პარლამენტი, საკრებულოც დატვირთულია - თბილისის საკრებულოში 13 მოქმედი მილიონერია, მათ შორის პირველ ადგილს 3.383.898 ლარით "ქართული ოცნების" წევრი თამარ ტალიაშვილი იკავებს, ხოლო"მილიონერებს შორის ყველაზე "ღარიბი" "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ტყემალაძეა 946.400 ლარით.

"ფულიანი ბიძიების" დამსახურებით მთელი სახელმწიფო ერთ მანკიერ წრეზე ტრიალებს"

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- საქართველოში ბიზნესი აუცილებლად პოლიტიკაში ყოფნას გულისხმობს და ქვეყანაში ისევ ძლიერია კასტა, რომელსაც მტკიცედ სჯერა, რომ პოლიტიკა კეთდება ფულით და ფული - პოლიტიკით.

მსგავსი მენტალური ხარვეზი ბოლო წლებში კიდევ უფრო მასშტაბური გახდა და ამაზე არსებული სტატისტიკაც მიუთითებს.

დარწმუნებული ვარ, ყველა დეპუტატი, ვისაც ოჯახის წევრზე აქვს ქონება გადაფორმებული, პარლამენტში ზის და საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის ნაცვლად, კალკულატორზე ფულს გამალებით ითვლის და ბიზნესის ყოველდღიურ ლობირებასა და მართვაშია ჩართული.

რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ისინი საკუთარ კომპანიებს ტენდერებშიც ლობირებენ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ? სწორედ ეს გახლავთ ოლიგარქიული მმართველობის მოდელი და ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს არ ვგულისხმობ - ოლიგარქიული სისტემა ასეთი მენტალიტეტის მქონე პირთა სიმრავლეს ნიშნავს და ის კონკრეტული პირების ფულის ოდენობით არ განისაზღვრება, ოლიგარქიული მმართველობა მყარდება მაშინ, როდესაც ბიზნესი ხელისუფლებასთან ურთიერთობით სარგებლობს ან პირდაპირ პოლიტიკაშია.

- გარდა ბიზნესწილებისა, მწვავედ დგას დეპუტატებთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერებში მონაწილეობის საკითხიც - თუ კომპანიების ლობირებით არა მხოლოდ დეპუტატები არიან დაინტერესებული, ეს ნიშნავს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც პრობლემებია?

- ეჭვი რომ ჩნდება, ფაქტია და სანამ კატასტროფულ შედეგამდე არ მივსულვართ, კანონმდებლობაში დაუყოვნებლივ შესატანია, რომ აქტიურ პოლიტიკაში მყოფ პირებთან დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელი ხელს ჰბანს პრინციპით მმართველობა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს საბოლოოდ ჩამოშლის.

კახა ოქრიაშვილი კრებსითი სახეა იმ მაჟორიტარების, რომლებიც აბსოლუტურად აპოლიტიკურები არიან, მაგრამ კონკრეტული ძალების ხელისუფლებაში ყოფნას უზრუნველყოფენ საკუთარი გავლენითა და ფინანსებით. პოლიტიკისა და ბიზნესის ასეთი სიმბიოზი განვითარების შესაძლებლობას უკლავს პატიოსან და ბევრად ნიჭიერ ბიზნესმოთამაშეებს, კლავს კონკურენციასაც, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის. პარლამენტარ ბიზნესმენს მინისტრთან მიესვლება და ბევრად მეტი საშუალება აქვს, რომ საკუთარი ბიზნესის ლობირება მოახდინოს.

მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: როდესაც ფარმაცევტს აქვს საავადმყოფო და სადაზღვევო კომპანიაც, ეს შესაძლოა პაციენტისთვის სასიკვდილო აღმოჩნდეს, რადგან ფარმაცევტი ავადმყოფს, თუ ქსელში არა აქვს, არ დაუნიშნავს წამალს, რომელიც მას განკურნავს. ფარმაცევტი დაინტერესებულია თავისი პროდუქტის რეალიზებით, თუნდაც მას სამკურნალო თვისებები არ ჰქონდეს.

ამ ბიზნესს ხელისუფლებაში ძლიერი ლობისტი ჯგუფი ჰყავს, ყველაზე ძლიერი კი მაინც საბანკო ლობია, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ ათამაშებს პოლიტიკას. სასაცილო მდგომარეობაა საკრებულოში - თუ პარლამენტში დიდი ფულის აღებმიცემობაა, მცირე საცანცლავის პოვნას საკრებულოს წევრებიც ახერხებენ. გვახსოვდეს, რომ კორუფცია მხოლოდ ქრთამის აღება არ არის, ის ტენდერებზე ზეგავლენასაც გულისხმობს, სადაც დიდი ფული იშოვება.

ადამიანები, რომლებსაც წარმატების მიღწევა სურთ,""ღუმელთან" ახლოს მიდიან, ათიდან ერთი კაცი შეიძლება იწვება, დანარჩენი "ღუმელში" ხელს ბედნიერად აფათურებს.

სწორედ ასეთი ფაქტებია მთავარი ინდიკატორი იმისა, რომ არ ვვითარდებით და "ფულიანი ბიძიების" დამსახურებით მთელი სახელმწიფო ერთ მანკიერ წრეზე ტრიალებს.

რუსუდან შელია