"15 ფერეიდნელ ქართველს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრეს!" - კვირის პალიტრა

"15 ფერეიდნელ ქართველს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრეს!"

"მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ წარმატებით გააგრძელა შაჰ-აბასის დაწყებული საქმე"

საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების ხელმძღვანელის, ზვიად ტომარაძის განცხადებით, რამდენიმე ფერეიდნელს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ უარი განუცხადა:

- 2016 წლის 15 ივნისიდან დღემდე ჩავატარეთ ხუთი პროექტი სახელწოდებით "ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელი ქართველებისთვის". ამისთვის საქართველოში ჩამოვიყვანეთ ფერეიდნელი ახალგაზრდები, თითო ჯგუფში 12-15 კაცით. ქართულ ენასთან ერთად მათ შეისწავლეს ხალხური სიმღერები, საქართველოს ისტორია და ფანდურზე დაკვრა. დავათვალიერებინეთ სხვადასხვა კუთხე, კულტურული ძეგლები და ა.შ. პირველი და მეოთხე პროექტი "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა", მეორე, მესამე და მეხუთე პროექტები კი პრეზიდენტის ფონდმა დააფინანსა.

მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ წარმატებით გააგრძელა შაჰ-აბასის დაწყებული საქმე და მეოთხე ჯგუფის 15 წევრს, ჩვენს და-ძმებს, რომლებმაც 400 წლის განმავლობაში შეინახეს ქართული ენა ირანში, უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობაზე. მეოთხე პროექტი იმით იყო გამორჩეული, რომ მასში მონაწილეობდა 5 ცოლ-ქმარი და 2 და-ძმა. ყველას სურდა საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლა.

- რა მოტივით უთხრეს უარი და რა როლი შეასრულა ამ პროცესში პრეზიდენტმა?

- უარი კომისიის სინდისზეა."ის ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს და შედგება იუსტიციის სამინისტროსა და უშიშროების თანამშრომლებისგან, ისინი დასკვნას უგზავნიან პრეზიდენტს. არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი პირადად არ განიხილავს მოქალაქეობის საკითხებს, ის კომისიის გადაწყვეტილებას ეყრდნობა. კომისიას უარის მიზეზი არ უთქვამს, პასუხები ელექტრონულად მოვიდა. როგორც გასაუბრების შემდეგ ფერეიდნელებმა მითხრეს, კომისიის წევრები მათ მიმართ არ იყვნენ კეთილგანწყობილი. ეს ნეგატიურად აისახება სხვა ფერეიდნელების დაბრუნებაზე.

- კომისიამ ფერეიდნელების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება პირველად გამოხატა, თუ ასეთი შემთხვევები ადრეც ყოფილა?

- მოქალაქეობის საკითხთა კომისია წინა წლებშიც მკაცრად ექცეოდა ფერეიდნელ ქართველებს და მათ, ფაქტობრივად, არ არჩევდა სხვა ეთნიკურად ირანელი მოქალაქეებისგან, თუმცა, ბოლო ერთი წელია, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ ახლა, ფაქტია, უარი მივიღეთ. ვაპირებ ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, რომ კომისიის გვერდის ავლით მიანიჭოს მათ მოქალაქეობა, რისი უფლებაც მარგველაშვილს აქვს. ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრთა შეცვლასაც!

იმ ადამიანებს, რომლებმაც 15 ფერეიდნელს უარი უთხრეს საქართველოს მოქალაქეობაზე და იმავდროულად, წლებია სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს მწვანე შუქს უნთებენ, უფლება არა აქვთ, დარჩნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილ პირებად!

ჩვენ დავუკავშირდით იუსტიციის სამინისტროს და ამ საკითხზე განმარტება ვთხოვეთ, თუმცა, უარი მივიღეთ.

რუსუდან შელია