ზაჰესის ხიდი: 5 თვე 50 წლის ნაცვლად?! - კვირის პალიტრა

ზაჰესის ხიდი: 5 თვე 50 წლის ნაცვლად?!

"ზაჰესის ხიდის შემთხვევაში კრიმინალთან გვაქვს საქმე. ხუთი თვის წინ დასრულებული ნაგებობის ორჯერ დანგრევა სხვა არაფერია, თუ არა მაღალჩინოსნების ან კონკრეტული კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი. მათ მიერ შემუშავებულ არასწორ პროექტს თბილისის ბიუჯეტი ეწირება"

ხუთი თვის წინ ზარ-ზეიმით გახსნილი ზაჰესის ხიდი რამდენიმე დღის წინ მეორედ ჩაინგრა. პირველად მშენებლობის დასრულებიდან ორ თვეში ხიდამდე მისასვლელი გზა ჩამოიშალა. მაშინ თბილისის მერიამ განმარტა, რომ უხვი ნალექის გამო ღვარცოფმა ჯებირი გაარღვია და სინამდვილეში გზის ჩამოშლას რეაბილიტირებულ ხიდთან კავშირი არ ჰქონდა.

ასეთივე "გამოსავლის" პოვნას ცდილობენ ამჯერადაც: "ზაჰესის ძველი ხიდის ქვეშ არსებული წყლის მილი გასკდა და ხიდთან მისასვლელი გზის ნაწილის დაზიანება ამან გამოიწვია",- ამტკიცებს გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე, თუმცა, თუ რეაბილიტაციის პროცესს გავიხსენებთ, თვალსაჩინოა, რომ ზაჰესის ხიდი მერიისთვის დამოკლეს მახვილად იქცა.

ზაჰესის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ წელზე მეტხანს მიმდინარეობდა. ამ პერიოდში სამუშაოს შემსრულებელი კომპანია სამჯერ შეიცვალა. სამუშაოების დაწყებიდან წლისთავზე გაირკვა, რომ ხიდის ქვეშ წყალგაყვანილობისა და გაზის მილები გადის, ხოლო მეორე წლისთავზე პროექტის შეცვლა გადაწყდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების დირექტორებიდან"შპს "ხიდის" ხელმძღვანელი თეიმურაზ წივწივაძე და"შპს "ენსისის" მფლობელი გეგი ქელბაქიანი დააკავეს, თუმცა ეს უკანასკნელი მალევე გამოუშვეს. ზაჰესის მოსახლეობა თბილისთან დაკავშირებას ორი წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა და ყოველდღიურად ათობით კილომეტრის გავლა უწევდა. ექსპლუატაციაში 50 წლის ვადით ჩაშვებულმა ხიდმა მხოლოდ ხუთი თვე იარსება, ისიც შეფერხებით, და ამჯერად ისევ რეკონსტრუქციის მოლოდინშია.

ხიდის ორწლიანი რეაბილიტაციის ისტორია

თბილისის მერიამ ზაჰესის დასახლებასთან არსებული სარკინიგზო გზაგამტარისა და ხიდ-აკვედუკის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ტენდერი 2014 წლის ნოემბერში გამოაცხადა. მაშინ ტენდერში შპს "სამშენებლო კომერციული კორპორაცია "ხიდმა" გაიმარჯვა. შპს-სა და მერიას შორის 2014 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულებაც, რომლის ღირებულება 4.462. 000 ლარი იყო. ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის 4 თებერვლისთვის უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდა. 2015 წლის მარტში თბილისის მერიამ შპს "სამშენებლო კომერციულ კორპორაცია "ხიდს" ავანსად 1.784.800 ლარი ჩაურიცხა. კომპანიამ 2015 წლის განმავლობაში მხოლოდ 384.885 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა, რაც ხიდების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის მხოლოდ 8.7%-ია.

იმის გამო, რომ შპს""ხიდმა" ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ვერ შეასრულა, თბილისის მერიამ 2015 წლის სექტემბერში ხელშეკრულება გაუუქმა და რეკონსტრუქციის სამუშაოები შპს "ენსისის" პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა. "ენსისი" ის კომპანიაა, რომელმაც რიყეზე ე.წ."დოქები ააშენა და მისი დირექტორი გეგი ქელბაქიანი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 2012 წლის ნოემბერში, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდებით დააკავეს.

2016 წლის თებერვალში შპს "ხიდის", ანუ იმ კომპანიის დამფუძნებელი თეიმურაზ წივწივაძე, რომელმაც პირველად გააფორმა მერიასთან ხელშეკრულება, დააკავეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისების ფაქტზე, რომელიც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პარალელურად, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ხიდ-აკვედუკის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ისევ გამოაცხადა. ამჯერად ტენდერში შპს "ხიდმშენი 99"-მა გაიმარჯვა. 2015 წლის 21 დეკემბერს მერიასა და შპს-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა და სამუშაოს დასრულების ვადად 2016 წლის სექტემბერი განისაზღვრა. ხელშეკრულების ღირებულება 3.650.000 ლარი იყო. დაახლოებით ერთ თვეში, 2016 წლის 1-ლ თებერვალს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები შპს "ხიდმშენი 99"-მა შპს "ენსისის" გადასცა და 8 თვეში შპს-სა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს წარმოებისას გამოვლინდა შემაფერხებელი გარემოებები. კერძოდ, "სახიდე გადასავლელის შიგნით, დახურულ სივრცეში, მაგისტრალური ლითონის წყალსადენი მილები და ხიდის ქვედა მხარეს, ტროტუარზე ხუთი ერთეული გაზსადენი მილი გადის, რომელთა გადატანა აუცილებელია. სამუშაოს შესრულების დროს დიდი რისკია, რომ წყალსადენი მილები დაზიანდეს. მილების სიძველიდან გამომდინარე, მათი შეკეთება გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. აუცილებელი იქნება მთლიანი წყალგაყვანილობის ქსელის გამორთვა, რაც დედაქალაქის დიდი ნაწილის ხანგრძლივი დროით სასმელი წყლის გარეშე დარჩენას გამოიწვევს". კომპანიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ხიდზე დამატებითი სეგმენტის მოწყობა, რომელზეც ხიდის ფუნქციური დატვირთვა გადანაწილდებოდა და საავტომობილო გზა მოეწყობოდა, ხოლო არსებულ ხიდზე საკომუნიკაციო ქსელები შენარჩუნდებოდა. შესაბამისად, შპს "ხიდმშენ 99"-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც შემდგომში შპს "ენსისის" გადაეცა, შეწყდა. მოგვიანებით, თბილისის მერიამ შპს "ენსისისთან" ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხელახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ზაჰესის ახალი ხიდის მშენებლობა 75 დღეში უნდა დასრულებულიყო და ხელშეკრულების ღირებულება 3.999.999 ლარით განისაზღვრა. შპს "ენსისის" ზაჰესის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს, დეკემბერში უნდა დაესრულებინა, თუმცა, ის 2017 წლის 18 მარტს გაიხსნა.

თბილისის მერიამ ზაჰესის ხიდის აღდგენისთვის ჯამში 4 მილიონი ლარი გამოყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი ხიდი 50-წლიანი საექსპლუატაციო ვადით აშენდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - მიმდინარე წლის მარტში ხიდი ექსპლუატაციაში ისე შევიდა, რომ მერიას ტექნიკურად არ შეუმოწმებია. თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა გივი კუბლაშვილმა მაშინ ეს ფაქტი ასე ახსნა: "ხიდი ტექნიკური შემოწმების გარეშე საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გამო გავხსენით, თუმცა, აქ გავლა საშიშროებას არ წარმოადგენს". სწორედ ამ განცხადების შემდეგ ხიდი ორჯერ ჩაინგრა.

ოთარ ჩაკვეტაძე, ინჟინერ-მშენებელი: - როდესაც ახალაშენებულ თუ რეკონსტრუირებულ ნაგებობაზე ან ხიდზე საექსპლუატაციო ვადად 50 წელი სახელდება, ეს მინიმალურზე დაბალ თარიღად ითვლება, რადგან თუ პროექტი სწორად არის დაგეგმილი და მშენებლობაც თანამედროვე მასალებით სრულდება, ხიდი ას წელზე მეტხანსაც ვარგისიანად ითვლება. ზაჰესის ხიდის შემთხვევაში კრიმინალთან გვაქვს საქმე. ხუთი თვის წინ დასრულებული ნაგებობის ორჯერ დანგრევა სხვა არაფერია, თუ არა მაღალჩინოსნების ან კონკრეტული კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი. მათ მიერ შემუშავებულ არასწორ პროექტს თბილისის ბიუჯეტი ეწირება. არ უნდა სცოდნოდათ მერიას და დამპროექტებელ კომპანიას, რომ ხიდის ქვეშ წყლის უზარმაზარი მილი გადიოდა და ზედაპირულად შესრულებული სამუშაოებით საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეების სიცოცხლეს? როგორც ვიცი, ამ ხიდზე მიმოსვლა ინტენსიურია. მეტიც, მის ქვეშ სამშენებლო ქარხანაა, რომლის სატვირთო ავტომობილები 2 წუთში ერთხელ სამშენებლო მასალებს ეზიდებიან - ანუ ხიდის დატვირთვა საკმაოდ მაღალია, რაც არც ერთ მხარეს არ გაუთვალისწინებია.

რუსუდან შელია