"თორთლაძის მთავარი ინტერესი სახელმწიფოსგან დაფინანსება იყო" - კვირის პალიტრა

"თორთლაძის მთავარი ინტერესი სახელმწიფოსგან დაფინანსება იყო"

"ჩაშვებული იყო უკვე  და რა მექნა?!"

ახლახან გია თორთლაძის თანაგუნდელმა გიორგი გურგულიამ პარტია დატოვა და წინასაარჩევნო კამპანიის მიწურულს განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატურას ალასანიას პოლიტიკური გაერთიანებისა და ვაკის მაჟორიტარი კანდიდატის, დავით საგანელიძის სასარგებლოდ მოხსნიდა, მაგრამ ის მაინც ჩანდა თორთლაძის პარტიის სარეკლამო რგოლებში.

გიორგი გურგულია: - გია თორთლაძის პარტიაში მივედი იმიტომ, რომ  მინდოდა ერთმანეთს დაპირისპირებული, ორად გაყოფილი ხალხის შერიგება. იქ კი მითხრეს, - პარტიებს  ვერ შევარიგებთო. თითქოს ეს ქვეყანა მხოლოდ პარტიებისა იყოს. ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის მხარდამჭერები ერთმანეთს დასანახად ვეღარ იტანენ. ხალხის ასე გახლეჩით კი, საბოლოოდ, მტერი ხეირობს.

- თავის დროზე, გია თორთლაძის პარლამენტში შესვლა შერიგების პროცესისთვის ხელშემწყობ მოვლენად შეაფასეთ.

- გიას მაშინ  მთავრობასთან დიალოგის დაწყების მცდელობა ჰქონდა. ვფიქრობ, ოპოზიცია შეცდა, პარლამენტში რომ არ შევიდა. მას იქ უფრო მეტის გაკეთება შეეძლო...

რა თქმა უნდა, იმ ხალხისაც მესმის,  რომელიც გაღიზიანებული  იყო  თორთლაძის პარლამენტში შესვლით. ადამიანს, რომელიც   ოპოზიციას ემიჯნება, მოღალატედ მიიჩნევენ.

- არაერთხელ აღნიშნეთ, რომ გია თორთლაძე თქვენს ინიციატივებს ბლოკავდა...

- დიახ. დასაქმების საკითხებთან დაკავშირებით მქონდა რამდენიმე ინიციატივა, ერთ-ერთი, სტუდენტების დასაქმებას ეხებოდა. მაშინ ამ თემას არავინ ახსენებდა, მერე კი "ნაციონალებმა" დაიწყეს ამაზე საუბარი და წინასაარჩევნო კამპანიაც ამ საკითხზე ააგეს.

- ე.ი. გია თორთლაძისგან გაჟონა ინფორმაციამ?

-  არ ვიცი, ვისგან გაჟონა. ყოველ შემთხვევაში, ეს თემა "ნაციონალებმა" თავიანთი პიარ-კამპანიისთვის გამოიყენეს. ასევე ჩემი იდეა იყო, ნარკომანები არა კრიმინალებად, არამედ ავადმყოფებად გამოგვეცხადებინა. ეს თემაც "ნაციონალებმა" აიტაცეს.

თორთლაძის მთავარი ინტერესი იყო, პარტიას   სამპროცენტიანი ბარიერი გადაელახა და მომავალ არჩევნებზე გზა გახსნოდა სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად. მაჟორიტარი კანდიდატები მოიგებდნენ თუ წააგებდნენ, თორთლაძეს  ეს ნაკლებად ანაღვლებდა. ამიტომაც, წინასაარჩევნო პერიოდში, უბნებში არ დაურიგებიათ მაჟორიტარ კანდიდატთა ბუკლეტები და ფოტოც ცოტა გააკრეს.

- თქვენ განაცხადეთ, რომ საკუთარ კანდიდატურას ალასანიას პოლიტიკური გაერთიანებისა და მისი მაჟორიტარი კანდიდატის - დავით საგანელიძის სასარგებლოდ მოხსნიდით. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში ისევ ჩანდით თორთლაძის პარტიის სარეკლამო რგოლებში...

- რა ვქნა... საჯაროდ განვაცხადე, რომ  ალასანიას ვემხრობოდი... მაინც არ მომხსნეს სარეკლამო რგოლებიდან. რამდენადაც ვიცი, არც  ცესკომ ამოიღო ჩემი სახელი და გვარი საარჩევნო ბიულეტენიდან(?!).

- იმედი გაქვთ, რომ ალასანია თორთლაძეზე უკეთ წარმოგაჩენთ?

- შესაძლოა, მათი პარტიის წევრი გავხდე, ან "სახალხო მოძრაობა" შევქმნა, რომელიც ალასანიას პოლიტიკურ ფრთებქვეშ იქნება...

იმის გასარკვევად, რატომ მონაწილეობდა გიორგი გურგულია თორთლაძის პარტიის სარეკლამო რგოლებში მაშინ, როცა ამ პარტიის წევრი აღარ იყო, "კვირის პალიტრა" გია თორთლაძეს დაუკავშირდა.

KvirisPalitra.Geგია თორთლაძე: - გიორგი გურგულიაზე კომენტარს არ  ვაკეთებ!

- გურგულიამ პროტესტი გამოთქვა, რომ თავისი ცნობილი განცხადების შემდეგ, ის სარეკლამო რგოლიდან არ ამოიღეთ.

- "ჩაშვებული" იყო უკვე ეს სარეკლამო რგოლები და რა მექნა?! წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებში ეს რგოლები "რუსთავი 2"-მა და "იმედმა" მოხსნა, იგი მხოლოდ პირველ არხზე ტრიალებდა. ასე ძალიან თუ უნდოდა გურგულიას, მისულიყო საზოგადოებრივ მაუწყებელში და მოეთხოვა სარეკლამო რგოლიდან მისი ამოღება. საერთოდ, გურგულიას სისულელეებზე კომენტარი ზედმეტია.