უკრაინის პირველი პრეზიდენტი: "უკრაინელებს არ სურთ სააკაშვილის გვერდით ბრძოლა" - კვირის პალიტრა

უკრაინის პირველი პრეზიდენტი: "უკრაინელებს არ სურთ სააკაშვილის გვერდით ბრძოლა"

"სააკაშვილს გზა გმირობისათვის თვითონ პეტრო პოროშენკომ გაუკვალა"

საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორთან დაკავშირებული ამბები პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს მოსვენებას არ აძლევს. მიხეილ სააკაშვილის მოქმედება სატელევიზიო თოქ-შოუების მთავარი თემაა, განსაკუთრებით რუსეთში, სადაც ქართული სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის შესახებ, რუს ექსპერტ-პოლიტოლოგებთან ერთად, უკრაინელებიც საუბრობენ. რუსულ თოქ-შოუებში საინტერესო მომენტი შეინიშნება: ორივე მხარის პოლიტოლოგები მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას მაყურებელს კიდეც აცინებენ და ართობენ. და მაინც, მართლაც ვინ გაუკვალა გზა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ტრიუმფალურად დასაბრუნებლად?, - ამის შესახებ აზერბაიჯანული Каспiй წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვერსიები ძალიან ბევრია: "ჩვენ უკვე ვწერდით იმის თაობაზე, რომ საქართველოს ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ რუსულ მასმედიას განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამერიკული "ცეერუს" პროექტია. თუმცა ეს კიდევ არაფერი - მან რუსეთი გააფრთხილა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი იმ მიზნითაა გამოგზავნილი, რომ მან 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ჩაშალოს, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთს მისი ჩატარების უფლება წაართვას.

თვითონ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ "მშვიდობა-ძმობა-სოლიდარობაზე" ლაპარაკობს, არაფერზე პრეტენზია არ აქვს, იგი პეტრო პოროშენკოსაც პატივს სცემს და მისი დამხობა გულშიც არ გაუვლია. იგი, როგორც უკრაინის ჭეშმარიტი მოქალაქე, მხოლოდ ქვეყნის კეთილდღეობის, სამართლიანობისა და კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის", - წერს ჟურნალისტი ალი იბრაჰიმოვი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ კითხვაზე ყველაზე კარგად პასუხობს უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი, რომელიც ჟურნალისტებთან ენაწყლიანობით არ გამოირჩევა ხოლმე.

ლეონიდ კრავჩუკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველაფერში ხელი შეუწყო და პირობები შეუქმნა პირადად პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, საღი აზრისა და პოლიტიკური ლოგიკის მიუხედავად. კრავჩუკისთვის სრულიად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მოიწონოს ქვეყნის პრეზიდენტმა სახელმწიფოს მმართველ თანამდებობებზე უცხოელების დანიშვნა...

"ძნელია არ დაეთანხმო ლეონიდ კრავჩუკს: გავიხსენოთ, რომ კიევში მიწვეული თითქმის ყველა "უცხოელი სპეციალისტი" ან თვითონ წავიდა თანამდებობიდან, ან მას წასვლაში "დაეხმარნენ". არა, უკრაინის პირველი პრეზიდენტი ზოგადად უცხოელი პროფესიონალების ქვეყანაში მოწვევის წინააღმდეგ არ გამოდის, მაგრამ როცა მათ მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობაზე ნიშნავენ, ეს უკვე ყოველგვარ გონივრულ ზღვარს სცილდება", - წერს გამოცემა.

ლეონიდ კრავჩუკის აზრით, უცხოელი სპეციალისტების თანამდებობებზე დანიშვნის ფანტასტიკური იდეის ყველაზე "ნათელ გმირად" მიხეილ სააკაშვილი წარმოჩინდა: "მას გზა გმირობისათვის თვითონ პეტრო პოროშენკომ გაუკვალა. სწორედ მიხეილ სააკაშვილს მისცა პრეზიდენტმა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებში მუშაობის შესაძლებლობა, კანონმდებლობისა და მორალურ-ზნეობრივი ნორმების დარღვევით. რატომ ატყუებს ხალხს ხელისუფლება? რატომ იძლევა უსაფუძვლო დაპირებებს? უკრაინელებს არ სურთ მიხეილ სააკაშვილის გვერდით ბრძოლა, მაგრამ მათ არც იმის მოთმენა შეუძლიათ, თუ როგორ აბუჩად იგდებს მთავრობა ქვეყნის კანონებს... თუ როგორ ახორციელებს შერჩევით სამართალს, საკუთარი სიმპათიით თუ ანტიპათიით. დასკვნა: კანონი უმაღლეს დონეზე ირღვევა, არანაირი ევროპული სტანდარტები უკრაინაში არ არსებობს", - განაცხადა ლეონიდ კრავჩუკმა.

მიხეილ სააკაშვილის მოქმედება ოპოზიციასაც კარგად აწყობს: ისინი ექს-გუბერნატორს საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ. ისინი მიხეილ სააკაშვილის გვერდით სწორედ პირადი მიზნების გამო არიან და არა მისდამი სიყვარულის ნიშნად. ოპოზიციონერებს მშვენივრად ესმით, რომ ექს-გუბერნატორი ჯერ კიდევ ენერგიულია და მასთან ყოფნა მათივე მერკანტილურ მიზნებს ემსახურება. მაგრამ ხომ დადგება მომენტი, როცა მიხეილ სააკაშვილი "გადაიწვება" და "უკვე გამოყენებულ" მასალად დარჩება. შეიძლება მას ხელისუფლება იმიტომაც ითმენს, რომ მომენტის დადგომას ელოდება - მოვა დრო და სააკაშვილს ენერგია გამოელევა?

ლეონიდ კრავჩუკს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის შეჩერება საწყის ეტაპზე შეიძლებოდა: "რა თქმა უნდა, მე ყველაფერს პეტრო პოროშენკოს ვერ დავაბრალებ. ალბათ, მას უნდოდა, რომ საქმე კარგად გამოსულიყო, მაგრამ პირიქით გამოვიდა. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი აწყობილი არ არის, რაც პრეზიდენტისა და მთელი ქვეყნის პრობლემაა. საქმე ეხება ჩვენს პატივს და ღირსებას. სირცხვილია, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. სირცხვილია უყურო იმ შოუს, რაც მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ხდება". (წყარო)

თარგმნა სიმონ კილაძემ