"ფერმერი თხილს ძირკვავსო, ეს მხოლოდ შოუს ელემენტია" - კვირის პალიტრა

"ფერმერი თხილს ძირკვავსო, ეს მხოლოდ შოუს ელემენტია"

"კონკრეტული სტანდარტი, როგორ გავაქროთ სახლიდან ფაროსანა, არ არსებობს, ინდივიდუალური მიგნებაა საჭირო"

"კომპენსაციაზე ლაპარაკიც უპასუხისმგებლობაა, ამის რესურსი ქვეყანას არა აქვს"

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში ხელისუფლებისთვის დიდ გამოწვევად იქცა - მავნებელი რეგიონებში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა და მხოლოდ მეთხილეობა 50-60 მილიონი ლარით აზარალა. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას. რამდენად საკმარისი იყო ხელისუფლების ღონისძიებები ფაროსანას წინააღმდეგ და დაახლოებით, რა ვადაშია მავნებლის სრულად განადგურება შესაძლებელი, "კვირის პალიტრის" კითხვებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პასუხობს:

- ფაროსანა დაახლოებით 200 მცენარეულ კულტურას ერჩის და ერთი სახეობიდან მეორეში ინაცვლებს. მავნებელი თავდაპირველად თხილის კულტურაში გამოჩნდა. სწორედ იმ მიზეზით, რომ თხილი სტრატეგიული მნიშვნელობის დარგია ექსპორტში, ქიმიური წამლობის ღონისძიებებიც ამ დარგიდან დავიწყეთ. ჩვენი შეფასებით, უშუალოდ ფაროსანას მიერ თხილის კულტურის დაზიანების წილი 10%-ს არ აღემატება, რაც მავნებელთან ბრძოლის პირველივე წელს კარგ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს, თანაც იმ ფონზე, როცა ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილება საქართველოს არ ჰქონდა.

- 10% ახსენეთ, თუმცა, როგორც მახსოვს, ლაპარაკი იყო დაახლოებით 60-მილიონიან ზარალზე მხოლოდ თხილის კულტურაში. როგორც ფერმერები ამბობენ, ფარდობითად, თუ წინა წლებში 1 ტონამდე თხილს იღებდნენ, წელს მხოლოდ 40 კგ აიღეს და ამის გამო ბევრმა თხილი ამოძირკვა კიდეც.

- თხილის მოსავლის ნებისმიერ გაფუჭებას ფაროსანას აბრალებენ, არადა, წელს თხილის კარგი მოსავალი რომ არ გვაქვს, დიდწილად კლიმატური პირობების შედეგია - ჭარბ ნალექს მაღალი ტემპერატურა და გვალვა მოჰყვა, რამაც ნებისმიერ მცენარეულ კულტურაში სოკოვანი თუ სხვა ტიპის დაავადებების რისკი მნიშვნელოვნად გაზარდა. კონკრეტულად თხილის სახეობაში 70-მდე სოკოვანი დაავადებაა, შესაბამისად, თხილის ცუდი მოსავალი მთლიანად ფაროსანას არ უკავშირდება. ნებისმიერ ჩამბარებელ პუნქტთან რომ დადგეთ და ნაყოფი შეამოწმოთ, ნახავთ, რომ თხილს ფაროსანას ლაქები მართლაც ემჩნევა, მაგრამ 10-დან 7-8 ფუჭია, გული არა აქვს, რაც სოკოვანი და ბაქტერიული დაავადების ბრალია.

რაც შეეხება საკითხს, რომ ფერმერები ტოტალური შიმშილის ზღვარზე არიან და თხილის ბაღებს ძირკვავენ, მხოლოდ სპეკულაციების ნაწილია. თხილის მოვლის ღონისძიებებზე ათეულობით სხვადასხვა ბროშურა დავბეჭდეთ და ფერმერებს გადავეცით. აუცილებელია წამლობისთვის სხვადასხვა პროცედურის მიყოლა, სანამ ფოთლები აქვს, ახლაც შესაწამლია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგს ვერ მივიღებთ. დაავადებული ბიომასა უნდა გამოვიტანოთ, აუცილებელია ფიტოსანიტარიული ღონისძიებები. რაც შეეხება იმას, ფერმერი თხილს ძირკვავსო, ეს მხოლოდ შოუს ელემენტია.

- სპეკულაციებისა და შოუს ნაწილია ფერმერების საპროტესტო აქციებიც, რომ ხელისუფლებამ ფაროსანასთან ბრძოლა დააგვიანა?

- საბჭოთა კავშირის ტოტალური მმართველობის პერიოდშიც კი, როდესაც კოლმეურნეობები არსებობდა, ადამიანები მოსავალს თვითონ უვლიდნენ და ახლა, 21-ე საუკუნეში, თავისუფალ საბაზრო პირობებში, როგორ წარმოგიდგენიათ კარდაკარ ჩვენი სიარული და ყველა მცენარის ნებისმიერი დაავადების წამლობა?

თუ ყველა კულტურას ჩვენ ვუვლით და ნებისმიერ მცენარეულ დაავადებაზე პასუხისმგებლობას თავად ვიღებთ, გამოდის, მოსავალიც სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა გადავიდეს, მსგავსი დამოკიდებულება კი ჩრდილოეთ კორეაშიც არავის მოაფიქრდება. დასრულდა დრო, როდესაც თხილის კულტურა თავისით ხარობდა და ჯანსაღ ნაყოფს ყოველგვარი პროცედურების გარეშე ისხამდა. სოკოვანი დაავადება თხილის გარდა, ყველა სხვა კულტურაშია, მაგალითად, თუ არ შეწამლავენ, ქართლში ვაშლი აღარ გვექნება, კახეთში კი ყურძენს ჭრაქი შეჭამს.

მარტში მთავრობის დადგენილებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაწამლი ქიმიკატები შეგვეძინა, თუმცა, წამლობამდე დასადგენი იყო, რა უნდა შეგვეწამლა და რა მასშტაბით, განთავსდა სპეციალური მიმზიდველები, ასევე ხაფანგები, ამუშავდა მონიტორინგის სისტემა და ამის შემდეგ წამლობის საველე ღონისძიება განისაზღვრა. წამლობის პროცედურები უხვი ნალექის გამო ივნისის დამდეგს დავიწყეთ.

- ივლისის განმავლობაში ფერმერები საპროტესტო აქციებს მართავდნენ და ხელისუფლებას უმოქმედობაში სდებდნენ ბრალს და სანამ თქვენ ერთ კონკრეტულ ტერიტორიას წამლავდით, მავნებელი უკვე ოთხ რეგიონს იყო მოდებული და ახლა პრობლემის მოსახლეობაზე გადაბრალებას ხომ არ ცდილობთ?

- არა, უნდა გავმიჯნოთ ახალი ინვაზიური მავნებელი, რომელიც სახელმწიფომ დიდ საფრთხედ გამოაცხადა და მასთან მასშტაბური ბრძოლა დაიწყო, და სოკოვანი დაავადებები, რომლებსაც შეწამვლა სჭირდება. იმის გამო, რომ წელს პირველად გამოვუცხადეთ ბრძოლა მავნებელს, მთავარი მიზანი იყო, მისი სწრაფად გამრავლება შეგვეფერხებინა და მოსავლის, მართალია, ტოტალურად არა, თუმცა, დიდი ნაწილი გადაგვერჩინა.

როდესაც დაგვიანებულ რეაგირებაზე ლაპარაკობენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ რეკომენდაცია ექსპერტებისგან, მათ შორის, ამერიკელებისგან მივიღეთ, რომლებსაც მავნებელთან ბრძოლის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ.

ბევრმა სპეკულაციისთვის გამოიყენა ეს საკითხი, მაგრამ ყველაფერი გასაგებია - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და ე.წ. პოლიტიკოსები ნებისმიერი საკითხიდან, მათ შორის, ფერმერების გაჭირვებისგან პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ.

- მხოლოდ ოპონენტებისგან არ მოგვისმენია მწვავე კრიტიკა, ზუგდიდის მაჟორიტარმა ედიშერ თოლორაიამ საჯაროდ დაგდოთ ბრალი, რომ რეაქცია დაგვიანდა, მავნებელი თხილის კულტურიდან სიმინდზე გავრცელდა...

- თოლორაიასაც არ დავეთანხმები და ვიტყვი, რომ მისი განცხადება უპასუხისმგებლოა. არა აქვს პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა, ყველა უპასუხისმგებლოა, ვისაც სოციალური პრობლემები პოლიტიკურ დღის წესრიგში გადააქვს.

- და თქვენი გუნდის წევრს რა პოლიტიკური ინტერესი უნდა ჰქონოდა, რომ თქვენს წინააღმდეგ სპეკულაცია დაეგეგმა?

- არ მაინტერესებს, არ მჭირდება და არ მინდა ედიშერ თოლორაიაზე საუბარი. მისი ასეთი პოზიცია უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა, მეტიც, ეს ყველაზე დიპლომატიური შეფასებაა, რისი თქმაც ახლა შემიძლია, თორემ უფრო ცუდი სიტყვებიც მომდის თავში. არ არის იდეალური ვითარება, მაგრამ ყველაფერს ადეკვატურად ვაფასებთ. მაგალითად, წელს გვალვის გამო ბევრი თაფლი არ გვექნება, მწვანე მასა ფიზიკურად არ იყო. ესეც ხომ არ არის სპეკულაციის საკითხი პოლიტიკოსებისთვის?

2012 წლის შემდეგ ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელსაც ყველაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, რაც კი აქამდე ყოფილა. ჩვენ დავგეგმეთ მასშტაბური ღონისძიებები, გავედით ველად. თბილი ამინდები ფაროსანას გამრავლებას ხელს უწყობდა, ერთი ფაროსანა ოთხას კვერცხს დებს, საოცარი მასშტაბით გამრავლების უნარი აქვს. პრევენციაზე ვმუშაობთ. ფერმერებთან ციტრუსზეც ჩავატარეთ ტრენინგები და დავურიგეთ წამლობის საშუალებები... ეს არის მაქსიმუმი, რაც კი რომელიმე ხელისუფლებას რომელიმე ქვეყანაში გაუკეთებია.

- ანუ, მნიშვნელოვანი ზარალის მიუხედავად, სუბსიდირების საკითხი არც განიხილება?

- კომპენსაციაზე საუბარიც უპასუხისმგებლობაა, ამის რესურსი ქვეყანას არა აქვს. ჩვენი დახმარება სწორედ ფაროსანასთან ბრძოლასა და ზარალის შემცირებაში გამოიხატება. წელს კახეთში სეტყვა იყო, ქართლში ხილის მოსავალი გაიყინა, თუმცა, კომპენსაცია არსად გაგვიცია და ვერც გავცემთ.

- ფაროსანამ საცხოვრებელ სახლებში დაიბუდა. გაქვთ კონკრეტული რეკომენდაცია, სახლში შესულ ფაროსანას როგორ უნდა ებრძოლონ, და თუ არსებობს სხვა რეგიონებში მისი გავრცელების საშიშროება?

- სავარაუდოდ, ბრძოლა რამდენიმე წლის განმავლობაში მოგვიწევს, სირთულეს წარმოადგენს ისიც, რომ თხილის პლანტაციები, ძირითადად, იმ ტერიტორიაზეა, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. ბევრი ცდა ჩავატარეთ, ჯერჯერობით გაშლილ სივრცეში ბიოპრეპარატები ეფექტიანი არ აღმოჩნდა.

თუ რამე ტექნიკა გააჩნდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ან არ გააჩნდა, მაგრამ ქვეყანაში ხელმისაწვდომი იყო, ყველაფერი ფაროსანასთან ბრძოლაში ჩავრთეთ, ავიაციაც გამოვიყენეთ. დიახ, ფაროსანა სახლებისკენ, ბუჩქებისა და ტყისკენ მიგრირებს. კონკრეტული სტანდარტი, როგორ გავაქროთ სახლიდან ფაროსანა, არ არსებობს, ინდივიდუალური მიგნებაა საჭირო. მსგავს რეკომენდაციებს სოციალურ ქსელში პერიოდულად ვაქვეყნებთ. გასაგებია, რომ შემაწუხებელია, მაგრამ არ არსებობს ზეძალა, რომელიც ფაროსანას უცბად გააქრობს. თუმცა, ვითარება კატასტროფულად არ უნდა წარმოვიდგინოთ, უამრავი მწერია, რომლებიც სოფლის მეურნეობას ერჩიან, თუმცა, მოსავალს მაინც ვიღებთ. ამერიკაში ფაროსანა 2001 წელს გამოჩნდა და დღემდე 50-დან 30 შტატშია გავრცელებული. თუმცა, დამაიმედებელი ის არის, რომ 2001 წელს ამერიკაში შესაბამისი ცოდნა არ იყო, საქართველოში კი უკვე შემოვიტანეთ ამერიკული გამოცდილება, მართალია, იქ დღემდე სრულად ვერ დაამარცხეს ფაროსანა, თუმცა, კონტროლში მოაქციეს და თუ ზარალი ადრე 20 მილიარდს აღემატებოდა, ახლა მნიშვნელოვნად შეამცირეს.

- რაც შეეხება რთველს, კერძო სექტორი სრულად შეძლებს მოსავლის ათვისებას?

- მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, სახელმწიფოს დახმარების გარეშე ეს დარგი მოწინავეა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ არათუ ჩაბარების პრობლემაა, რთველი ასეთი წარმატებული დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ ყოფილა - ფასები მაღალია, სტიმული და მოთხოვნაც შესაბამისად დიდი და კერძო სექტორი მას სრულად აბინავებს. თუ სპეკულაციის ენით არ ვისაუბრებთ, სხვა დარგებშიც ასეთივე შედეგს მივაღწევთ. მაგალითად, აგროსასურსათო სექტორის სავაჭრო ბალანსი წლიდან წლამდე გვიუმჯობესდება, თუმცა, 2012 წელს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 900 მილიონი იყო, 2016 წელს 370 მილიონ დოლარამდე შევამცირეთ და მაჩვენებელს კიდევ გავაუმჯობესებთ. ბოსტნეულის ექსპორტი წარმატებით მიმდინარეობს, მანდარინის სეზონზეც კარგი მოლოდინი გვაქვს და მას ფაროსანასგან აუცილებლად დავიცავთ, ატმის მოსავალი გაორმაგდა, მწარმოებლურობა მოსავლის ერთწლიან კულტურებში იზრდება და თვისებრივად ახალ სოფლის მეურნეობის კულტურებს ვიღებთ.

- ისე, ფერმერების მიერ წყალში გადაყრილი მოსავალიც გვახსოვს...

- ვიღაცას ათ ლარს გადაუხდიან და მოსავალს გადაყრის, ეს ჩემთვის საინტერესო საკითხი არ არის.

- რატომ არ უშვებთ, რომ ფერმერებს პრობლემა აქვთ და მოსყიდულები არ არიან?

- ატმის მოსავლის ექსპორტმა 11 ათას ტონას მიაღწია, შარშან ეს ციფრი 5 ათასი იყო და შესაბამისად, ფერმერის შემოსავალიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ვინმეს შეიძლება ეს შოუ ნამდვილი ეგონოს? ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი გამოსადეგია და ღირებულება აქვს, ნარჩენიც კი გამოსადეგია, თუნდაც ცხოველთა კვებაში. თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ კონკრეტულ შედეგზე უნდა ვისაუბროთ. პარალელურად, ახალი წყალსაცავების მოწყობაზე ვმუშაობთ. საინტერესო პროექტებია დაგეგმილი მცირე მიწიანებისა და მცირე ფერმერებისთვის მაღალი ღირებულების კენკროვანი პროდუქტების წარმოებისთვის. მათ თანადაფინანსებას შევთავაზებთ, გვექნება მნიშვნელოვანი აგროზონის პროექტი, ისეთი პლასტერული მეურნეობა, რომელიც ბოსტნეულის წარმოებას გააუმჯობესებს. ასე რომ, გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რათა კერძო სექტორი ფეხზე დადგეს და დამოუკიდებლად მიაღწიოს წარმატებას.

რუსუდან შელია