ცემა-ტყეპა საკრებულოში - კვირის პალიტრა

ცემა-ტყეპა საკრებულოში

"ამ მასშტაბის პროექტი რომ გაგვეჩერებინა, სწორედ ეს იქნებოდა საზოგადოებისთვის დამაზიანებელი"

28 მომხრე, 3 წინააღმდეგი - თაბორის მთაზე 5000 კვადრატული მეტრი ტერიტორიისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრი ფართობისთვის ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლის საკითხი საკრებულომ, ოპოზიციის მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, დაამტკიცა. შეგახსენებთ, "პანორამა თბილისს" დღეისათვის აქვს 397 576 კვმ ტერიტორია საკუთრებაში, დამატებითი ტერიტორიები კი, საკრებულოს უმრავლესობის განცხადებით, კომპანიამ პარკინგთან ერთად, ველობილიკებისა და გოლფის მოედნების მოსაწყობად მოითხოვა.

რატომ გადაწყვიტა არჩევნებამდე სამი კვირით ადრე საკრებულომ ხმაურიანი სხდომის გამართვა, "კვირის პალიტრასთან" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე საუბრობს:

- თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ გარკვეული ნაწილისთვის ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლა აბსოლუტურად კანონიერად და ყველა პროცედურის გათვალისწინებით მოხდა. არაერთი კვლევა მოწმობს, რომ თბილისში პარკინგის პრობლემა მწვავედ დგას - ათი ტერიტორიაც კი გამოიყო, სადაც მიწისქვეშა საპარკინგე ადგილი უნდა მოეწყოს. შესაბამისად, გაუგებარია, რას ეწინააღმდეგება ოპოზიცია!

- ოპოზიციის განცხადებით, ახალი საპარკინგე ადგილი მინიმუმ 30 მანქანაზე იქნება გათვლილი, დღევანდელი მდგომარეობით კი 70-ზე მეტი მანქანის გაჩერებაა შესაძლებელი.

- მინიმუმ 30 მანქანაა ნახსენები, თუმცა, რაც მეტი მანქანის გასაჩერებელი მოეწყობა, ინვესტორისთვის ყოველთვის საინტერესოა.

- რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება ერთ დღეში, როგორც ამას ოპოზიცია აცხადებს, და გეოლოგიური დასკვნის გარეშე, თანაც მაშინ, როცა არჩევნებამდე სამი კვირაა დარჩენილი?

- განცხადება ორი კვირაა საკრებულოში დევს. მისი ერთ დღეში გადაწყვეტა რომ გვნდომოდა, დიდი ხნით ადრე დავნიშნავდით სხდომას.

ჯერჯერობით მხოლოდ სატრანსპორტო ზონა შეიცვალა და ამ ეტაპზე გეოლოგიური დასკვნის საჭიროება აუცილებელი არ არის.

გეოლოგიური დასკვნაც იქნება. დღეს ეს ტერიტორია ისევ თვითმმართველობის საკუთრებაშია. მეც მოვისმინე ოპოზიციისგან, სამი კვირით ადრე იმიტომ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, გეშინიათ, არჩევნების შემდეგ უმრავლესობას დაკარგავთო. ამ პოზიციაში უკვე ჩანს, რომ თავად არიან უსუსურ მდგომარეობაში. ამ მასშტაბის პროექტი რომ გაგვეჩერებინა, სწორედ ეს იქნებოდა საზოგადოებისთვის დამაზიანებელი.

არჩევნების შემდეგ რომ გადაგვედო განხილვა, პირადად ჩემთვის მიმანიშნებელი იქნებოდა, რომ არასწორ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე-მეთქი, რაც ასე არ არის.

ეს იქნება თბილისისთვის ერთ-ერთი საამაყო პროექტი და მას ვუჭერთ მხარს. პრიორიტეტია შეიქმნას დამატებითი საპარკინგე სივრცეები და ზუსტად ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. თანაც ეს მხოლოდ სასტუმროს სტუმრებისთვის არ იქნება (სასტუმროს ცალკე საპარკინგე ტერიტორიაც აქვს), ამით ნებისმიერი მოქალაქე ისარგებლებს... რაც შეეხება თაბორის მთას, ქალაქში კეთდება უპრეცედენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონა, რასაც ურეიტინგო და მარტივ მამრავლებად დაშლილი "ნაცმოძრაობა" ეწინააღმდეგებოდა. ტერიტორიისთვის ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის შეცვლა ითვალისწინებს წყალმომარაგების სისტემის მოწყობას, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ ტერიტორიას, მთლიანად ბოტანიკურ ბაღს. ამ კრიტერიუმით შეირჩა ადგილიც, აქ წყალი ამოდის.

საკრებულოს სხდომაზე ისიც ითქვა, ბიძინა ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია მიიტაცაო. შეგახსენებთ, როგორ მოხდა ამ ტერიტორიის გადაცემა - გამოცხადდა ღია კონკურსი, კომპანიამ გადაიხადა საბაზრო ღირებულება და პლუს, ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიციის ვალდებულება აიღო. დღეს ამ ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე შენდება მაღალი დონის, 4-5-სართულიანი სასტუმრო თავისი გოლფის მოედნით, ხელოვნური ტბებით, ჩოგბურთის მოედნით და ველოსიპედის ბილიკებით. ეს იქნება უზარმაზარი ღია ტერიტორია, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

- საბაზრო ღირებულება ახსენეთ, თუმცა კომპანიისთვის დამატებითი ტერიტორიის გადაცემა ერთ ლარად არის გათვალისწინებული.

- მერია მზად არის, სიმბოლურ ფასად გადასცეს კომპანიას ტერიტორია, რადგან უშუალოდ კომპანია მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადებას მხოლოდ პარკინგის მოსაწყობად გეგმავს.

ალექსანდრე ელისაშვილი, საკრებულოს წევრი: - როგორც არ უნდა გიყვარდეს ვიღაც, შეიძლება, მას მთელი ქალაქი შესწირო?!

ივანიშვილმა გადაწყვიტა, თავისი სასტუმროსთვის საპარკინგე ტერიტორია მოეწყო და ხელის ბიჭებს გააკეთებინა კიდეც. რომელ პრობლემას გადაჭრის 30-ადგილიანი საპარკინგე შენობა თბილისში?

რატომ არ აშენებს საპარკინგე ნაგებობას სხვა ტერიტორიაზე, სადაც ბევრად დიდი პრობლემებია?

საპარკინგე ტერიტორიაზე გეოლოგიური დასკვნა წარმოდგენილი არ არის, მეტიც, თავისუფლების მოედნის მეტროს ერთი კედელი ხელოვნების მუზეუმს ებჯინება, შესაბამისად, როდესაც იქ მიწის ამოთხრას დაიწყებენ, დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან.

რაც შეეხება თაბორის მთას, ბოტანიკური ბაღის 40 ჰა ხომ ისედაც მოტყუებით მიითვისა ბიძინა ივანიშვილმა, ახლა გამოგვიცხადეს, ამხელა ტერიტორიაზე წყლის საქაჩს ვერ ვატევთ და ხელუხლებელ სივრცეში კიდევ ხუთი ათასი კვმ გვჭირდებაო.

რუსუდან შელია