"წარმოუდგენელია ფულზე ლაპარაკი, როდესაც საქმე წმინდანის ნაწილებს ეხება" - კვირის პალიტრა

"წარმოუდგენელია ფულზე ლაპარაკი, როდესაც საქმე წმინდანის ნაწილებს ეხება"

საქართველო-ინდოეთის ხანგრძლივი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები საქართველოს 6 თვით დაუბრუნდა.

ეროვნული მუზეუმის გარდა, ქეთევან დედოფლის ნეშტი საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის და მორწმუნეებს მათი მოლოცვის საშუალება ექნებათ. მოლაპარაკების დეტალებზე საქართველოს ელჩი ინდოეთში არჩილ ძულიაშვილი საუბრობს:

- მოლაპარაკებებში ცხრა თვის წინ ჩავერთე. წლების განმავლობაში უამრავი ადამიანი იყო ჩართული ამ პროცესში. ქართველები ქეთევან დედოფლის საზარელი წამების დღიდან ცდილობდნენ მისი წმინდა ნაწილების სამშობლოში დაბრუნებას, თუმცა, გარკვეული ფაქტორების გამო, შეთანხმება ვერ ხერხდებოდა. ინდოეთის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მათ საკუთრებაში არსებული საგანძურის სხვა სახელმწიფოში გატანას, თუმცა, ამჯერად წმინდანის მიმართ ქართველების დამოკიდებულება, ჩვენი რელიგიური ფაქტორები გაითვალისწინეს და დაგვთანხმდნენ.

წმინდა ნაწილების საქართველოში გადმოსაბრძანებლად რამდენიმე ვარიანტი შემუშავდა. მოლაპარაკებებში ჩართული იყო ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები და კულტურის სამინისტრო. ინდოეთის მხარეს სურდა, როგორც რელიგიური დატვირთვის მქონე სამუზეუმო ექსპონატი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განთავსებულიყო და ხალხსაც იქ მოელოცა. ვითხოვეთ, ეპარქიებში მოლოცვის უფლებაც მოეცათ და გაითვალისწინეს. ინდოელებსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ქეთევან დედოფლის მიმართ და მას დიდმოწამედ აღიარებენ. გოას მუზეუმიც, სადაც წმინდა დედოფლის ნაწილებია განთავსებული, საოცრადაა მოწყობილი და ნებისმიერ დამთვალიერებელზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს.

- ითქვა, ინდოეთი თანხას ითხოვდაო...

- მოლაპარაკების პროცესს უშუალოდ წარვმართავდი და თანხაზე არაფერი თქმულა, ამის შესახებ მხოლოდ სხვადასხვა მედიასაშუალებიდან ვიგებდი. წარმოუდგენელია ფულზე ლაპარაკი, როდესაც საქმე წმინდანის ნაწილებს ეხება. წმინდა ნაწილები ექვსი თვით სრულიად უანგაროდ გადმოგვცეს. ექსპერტთა ჯგუფიც გამოყვეს და გვითხრეს, რომ საქართველოში წმინდა დედოფლის ნაწილების გადაბრძანება საფრთხეს არ წარმოადგენდა. გვინდოდა, 26 სექტემბერს, ქეთევანობას, წმინდა ნაწილები საქართველოში ყოფილიყო, ასეც მოხდა. მთელი ერი ერთსულოვანია და მოვლენის მნიშვნელობასაც კარგად ხვდება.

- თუმცა ზოგს კითხვები გაუჩნდა ხარჯებთან დაკავშირებით, 300 ათასი ლარის გამოყოფა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

- მეც გავეცანი ამ ადამიანების მოსაზრებებს და არ მესმის, რას ითვლიან, საქართველოს ბიუჯეტიდან მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯები გამოიყო, დანარჩენი ყველაფერი უანგაროდ გაკეთდა.

- თუ გაგრძელდება მოლაპარაკება წმინდა ნაწილების საქართველოსთვის სამუდამოდ გადმოცემასთან დაკავშირებით?

- ჯერჯერობით ამის თაობაზე საუბარი არ გვაქვს.

რუსუდან შელია