საქართველო კუსტურიცას გადაურჩა?
02-10-2017
საქართველო კუსტურიცას გადაურჩა?
იგივე ვითარება იყო წინა ხელისუფლების დროსაც. როდესაც "ოკუპაციის შესახებ კანონი" უხეშად და საჯაროდ ირღვეოდა, მაშინდელ პროკურატურას სამართლებრივ პროცედურებზე არც კი უფიქრია. ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ ოკუპანტების მხარდამჭერი და მეგობრად გამოცხადებული ადამიანები ცინიკურად გველაპარაკებიან მეგობრობაზე, სიყვარულზე და უკვე დნმ-ზეც კი

სერბი­ კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა­ 8 დეკემბერს თბილისში ჩამოსვლასა და ბენდთან ერთად მუსიკალური მიქსით წარდგენას გეგმავდა. ბილეთებიც ონლაინით უკვე იყიდებოდა­ და ამ ღონისძიების ორგანიზატორი შპს "არტ მედია­ გრუპიც" მაყურებლის მიზიდვას ცდილობდა: "ქართველ
საზოგადოებას სერბი შემოქმედით დაინტერესების კიდევ ერთი, სკანდალური მიზეზი გაუჩნდა: ემირ კუსტურიცა­ აცხადებს, რომ მის დნმ-ში იბერიული გენიც აღმოჩნდა!" დიახ, სწორედ ამ ტექსტით ტრიალებდა კონცერტის ანონსი.­ თუმცა, სანამ კუსტურიცა იბერიული სისხლის ყივილს იგრძნობდა, აგვისტოს ომის შემდეგ, 2009 წელს, ცხინვალს ეწვია და დანარჩენი საქართველო აგრესორად მოიხსენია, მეტიც,
მას ფილმიც უნდა გადაეღო პათოსით - საქართველო საკუთარი მოქალაქეების­ წინააღმდეგ. მოლაპარაკებაც დაიწყო რუსეთში ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელ ალექსანდრ ტოტოონოვთან. ისიც ითქვა, რომ სცენარს საფუძვლად პარიზში მცხოვრები ჟურნალისტის, ფატიმა სალკაზანოვას მომზადებული მასალები დაედებოდა, თუმცა არც კუსტურიცას იდეას და არც ფილმს დღის სინათლე აღარ უნახავს...

ისე, საინტერესოა, კუსტურიცა თბილისში პუტი­ნის ნაჩუქარი "მეგობრობის ორდენის" წამოღებას თუ აპირებდა? მისი განცხა­დება მახსენდება: "უკრაინა და საქართველო ევროკავშირისკენ კი არა, რუსეთთან თანამშრომლობისკენ უნდა ისწრაფოდნენ­, აქ არაფერია ასარჩევი. უკრაინელებო, თქვენ რუსულად ლაპარაკობთ, რუსული კულტურის ნაწილი­ ხართ. ახლა კი ცდილობთ გადაწყვიტოთ, წახვიდეთ ევროპისკენ თუ არა? მე რომ რუსი ვყოფილიყავი, ხმას პუტინს მივცემდი... ფილმს აუცილებლად გადავიღებ აგრესორ ქართველებზეც".

რაც შეეხება ოფიციალურ მხარეს... რამდენიმე დღის წინ "არტ მედია გრუპმა"­ განაცხადა, ჩვენ არაფერი ვიცოდით 2009 წელს ცხინვალის რეგიონში მისი ვიზიტის­ შესახებ და საქართველოში მის ჩამოსვლ­ასთან დაკავშირებით იურიდიული საკით­ხების დაზუსტებას ვიწყებთო. ასე რომ, 8 დეკემბერს სპორტის სასახლე კუსტურიცას კონცერტს გადაურჩა, თუმცა გაუქმდება თუ არა ტურნე, ჯერ არავინ იცის.
"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ ორი გზით - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, ცხინვალის რეგიონში კი - გორის მუნიციპალიტეტიდან. ყველა სხვა გზით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სს კოდექსით.
რა ბერკეტი აქვს სახელმწიფოს ამ მოთხოვნის დამრღვევთა წინააღმდეგ?

ამ კითხვას იურისტი ლევან ალაფი­შვილი პასუხობს:
- კუსტურიცა თბილისში 8 დეკემბერს რომ ჩამოსულიყო,­ მის ჩამოსვლას ხელს ვერავინ შეუშლიდა, რადგან დევნის ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა გასულია. სამწუხაროდ, ლუჟკოვის მაგალითზე გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს პოზიციის დაფიქსირება გაუჭირდა. ისიც კი ვერ განაცხადა,­ სამართალდარღვევა ნამდვილად იყო, თუმცა შესაბამისი პროცედურების დაწყება ხანდაზმულობის გამო არ შეგვიძლიაო. მხოლოდ ხანდაზმულობის პრობლემა ახსენეს. სავარაუდოდ, კუსტურიცას შემთხვევაშიც იგივე უნდა მომხდარიყო და არავინ იცის, გაუქმდება თუ არა კონცერტი. იცით, ყველაზე შემაშფოთებელი რა არის? მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი თბილისში რომ თავისუფლად დასეირნობდა, ითქვა, მის წინააღმდეგ გამოძიებას დავიწყებთო, თუმცა ეს საქმე შს სამინისტროს არც კი შეუსწავლია. ბოლო წლებში არც ერთ ასეთ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები არ დაწყებულა. იგივე ვითარება იყო წინა ხელისუფლების დროსაც. როდესაც "ოკუპაციის შესახებ კანონი" უხეშად და საჯაროდ ირღვეოდა, მაშინდელ პროკურატურას თუ სხვა საგამოძიებო სტრუქტურებს სამართლებრივ პროცედურებზე არც კი უფიქრიათ. ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ ოკუპანტების მხარდამჭერი და მეგობრად გამოცხადებული ადამიანები ცინიკურად გველაპარაკებიან მეგობრობაზე, სიყვარულზე და უკვე დნმ-ზეც კი.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით